„სასკოლო აკადემია 2“ ახალგაზრდული ლიგის ცხრილს ჩაუდგა სათავეში!
ყველა სიახლე
19 აპრილს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის მე-13 ტურს უმასპინძლა.
ტური „ლოგოსისა“ და „მცხეთის პირველი საჯარო სკოლის“ შეხვედრით გაიხსნა. „ლოგოსელებმა“ მეტოქე 6:2 დაამარცხეს. ანგარიში ლიგის მთავარმა გამტანმა, ლევან ბენდელიანმა მე-18 წუთზე გახსნა.
ტაიმის დასრულებამდე ბენდელიანმა მეორეც გაიტანა, ერთი კი ანდრია ცინცაძეს გაატანინა - 3:0.
მეორე ნახევარში „ლოგოსი“ 26-ე წუთისთვის 5:0-ს იგებდა, გოლების გატანა შოთა კუპრავამ და ოთარ ქარჩავამ მოახერხეს. ორივე შემთხვევაში ასისტი ლევან ბენდელიანის ანგარიშზეა.
„მცხეთელებმა“ მატჩში მხოლოდ ორი ბურთის გატანა მოახერხეს.
ს.ა. – 6:2.
„ლოგოსმა“ „მცხეთას“ მნიშვნელოვანი ქულები დააკარგვინა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ლევან ბენდელიანი იქნა დასახელებული.
„UG სკოლა“ VS „კომაროვი“ – 4:2.
ფრედ დასრულებული პირველი ნახევრის შემდეგ (1:1), „იუჯიმ“ უპირატესობა მეორე პერიოდის ბოლო 10 წუთში მოიპოვა.
30-ე წუთისთვის ანაგარიში 2:2 იყო, თანაბარი თამაშის მიუხედავად გარდამტეხი უპირატესობა მაინც „სკოლის“ ბიჭებმა მოიპოვეს და მატჩის ბოლო წუთზე 2 გოლის გატანა მოახერხეს.
„იუჯიმ“ წაუგებელი სერია 4 მატჩამდე გაზარდა და ცხრილში მე-5 ადგილს, 15 ქულით იკავებს.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ალექსანდრე კარბაია დასახელდა, რომელმაც ჯერ ბოლო წუთზე გუნდი წინ გაიყვანა, შემდეგ კი ლაზარე ჯავაშვილის გოლზე, ასისტი მიითვალა.
„ქვემო ქართლი“ VS „გრანდ ავლაბარი“ – 3:3.
დაძაბული დაპირისპირება, სადაც გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. ანგარიში „ავლაბრელებმა“, კერძოდ კი გაგა სამარგულიანმა გახსნა.
„ქართლელებმა“ ანგარიშის შემოტრიალება ტაიმის მიწურულს მოახერხეს. გუნდმა მე-19 წუთზე 2 გოლი გაიტანა და შესვენებაზე ლიდერის რანგში გავიდნენ.
მეორე ნახევრის სტარტზე, „ქართლმა“ მესამეს გატანა და 2 ბურთიანი უპირატესობით წინ გასვლა მოახერხა.
„ავლაბარმა“ ანგარიშის გათანაბრება შეძლო, დაჩი მეტრეველისა და დავით ზანგალაძის გოლებით 31-ე წუთზე ანგარიში 3:3 გახდა.
ამის შემდეგ მაყურებელს გატანილი გოლი აღარ უნახავს და გუნდებმაც ქულები გაიყვეს.
მატჩის გამორჩეულ მოთამაშეებად დიტო გაბიძაშვილი და გიორგი ბაბაიანი დასახელდნენ.
„ბაქსვუდის სკოლა“ VS „SL ACADEMY 2” – 2:5.
„სასკოლო აკადემიამ“ „ბაქსვუდი“ დაამარცხა და ცხრილში პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა.
პირველი ნახევარი 1:4 ანგარიშით დასრულდა და მეორე ტაიმისთვის „აკადემიას“ კომფორტული უპირატესობა ჰქონდათ მოპოვებული.
თამაშის დაწყებამდე „მცხეთას“ ქულები უკვე დაკარგული ჰქონდა და იმ შემთხვევაში თუ ირაკლი ნიკოლაიშვილის შეგირდები ამ მატჩს მოიგებდნენ, პირველ პოზიციას დაიკავებდნენ.
მეორე პერიოდშიც მსგავსად პირველისა, გუნდი აქტიურად უტევდა. მეხუთე გოლი 28-ე წუთზე ტოლიკა კოდალაშვილმა გაიტანა და „აკადემიელებმაც“ მნიშვნელოვანი 3 ქულა აიღეს.
ს.ა. 2:5.
MVP - გიორგი გოდერძიშვილი.
რეგულარული სეზონის დასკვნითი ტური 24 აპრილს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. სწორედ ამ ტურში გადაწყდება თუ რომელი გუნდი რომელ პოზიციას დაიკავებს პლეიოფური ეტაპისთვის.

