“FLC 03-2”-მა მიმდინარე სეზონში პირველი ქულის აღება მე-18 ტურში შეძლო!
ყველა სიახლე
6 და 7 აპრილს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის მე-18 ტურის 3 შეხვედრა გაიმართა.
ტურის გახსნით მატჩში ერთმანეთს „ბსსა“ და „თსუ“ შეხვდნენ. თამაში „თესეუელთა“ უპირატესობით წარიმართა, რაც შედეგზეც აისახა - 2:8.
მეორე და მეოთხე წუთზე გიორგი ლორიამ და გიორგი თოდუამ გოლები გაცვალეს - 1:1.
ამის შემდგომ „უნივერსიტეტელებმა“ კიდევ უფრო აქტიურად შეუტიეს მეტოქეს და მიჯრით 6 გოლი გაიტანეს, რამაც შეხვედრის ბედი გადაწყვიტა.
თამაშში ვიხილეთ 6 ყვითელი და 2 წითელი ბარათი. ეს გამარჯვება „თესეულეთათვის“ ზედიზედ მეათე გამოდგა.
„FLC 03-2” VS „რუსთავი“ – 1:1.
თამაში, სადაც „ფალკონებმა“ სეზონში პირველი ქულა მოიპოვეს.
მატჩი თორნიკე ზოიძის სწრაფი გოლით დაიწყო, რის შემდეგაც ბოლო წუთამდე მაყურებელს გოლი აღარ უხილავს.
მომენტები იქმნებოდა როგორც ერთი, ისე მეორე გუნდის კართან, თუმცა გადამწყვეტ მომენტში გუნდებს სახიფათო იერიშის გოლად გადაქცევა უჭირდათ.
„ფალკონებს“ პირველ გამარჯვებასთან რამდენიმე წამი აშორებდათ, მაგრამ გამათანაბრებელი გოლი დავით ქერდიკაშვილის ანგარიშზეა, რომელიც მე-40 წუთზე გაიტანა „რუსთავის“ მე-19 ნომერმა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ თორნიკე ზოიძე დასახელდა.
„ქუთაისი“ VS „UG2” – 1:8.
პირველი ნახევარი 0:2 ანგარიშით დასრულდა. ანგარიში თენგიზ პატარაიამ გახსნა, მეორე გოლი კი გიორგი დიაკვნიშვილის სახელზეა. მეორე ტაიმში „იუჯიმ“ კიდევ 6 გოლის გატანა მოახერხა.
პრესტიჟის გოლი „ქუთათურთა“ მხრიდან გიგლა ფურცხვანიძემ გაიტანა. დუბლის შესრულება თენგიზ პატარაიამ და ლევან იახტნიშვილმა მოახერხეს.
„იუჯი“ მთელი თამაშის განმავლობაში უკეთესი იყო, რაც გუნდმა მარტივ 3 ქულაში ასახა.
MVP - ლევან იახტნიშვილი.
ამ გამარჯვებით “UG2” სატურნირო ცხრილში ერთი პოზიციით დაწინაურდა და მეორე ადგილს 35 ქულით იკავებს.
მე-19 ტური 18 აპრილს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში აიღებს სტარტს.

