BetssonSBMLeague: ბრინჯაოს, ვერცხლის, ოქროსა და სუპერლიგის ჩემპიონატებში ფინალისტები გამოვლინდნენ!

ყველა სიახლე
06 აპრილი 2026

BetssonSBMLeague: ბრინჯაოს, ვერცხლის, ოქროსა და სუპერლიგის ჩემპიონატებში ფინალისტები გამოვლინდნენ!

5 აპრილს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბეთსონის ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ტურნირის განმეორებითი ½ ფინალური შეხვედრები გაიმართა.

ბრინჯაოს, ვერცხლის, ოქროსა და სუპერლიგის ჩემპიონატებში ფინალისტები გამოვლინდნენ.

ბრინჯაოს ლიგის დასკვნით ეტაპზე “ბაზისბანკი“ და „თელასი“ ითამაშებენ. ვერცხლის ლიგის მოსაგებად „ბაქსვუდი“ და „NS Studio” იბრძოლებენ. ოქროს ლიგის ჩემპიონობისთვის ერთმანეთს „არმია“ და „შსს“ დაუპირპირდებიან. შარშანდელი ოქროს ლიგის ფინალისტები, „GM” და „კროკობეთი“ კი ამჯერად სუპერლიგის მთავარი ტიტულისთვის გაეჯიბრებიან.

განმეორებითი ½ ფინალები დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ვიხილეთ შვიდმეტრიანების სერია, დრამატული ბრძოლები, თითქმის შემოტრიალებული ანგარიშები და მარტივი გამარჯვებებიც.

„ბაქსვუდმა“ ორწლიანი პაუზის შემდეგ პირველად შეძლო ფინალში გასვლა. „რუსთავის აზოტი“ მეორე შეხვედრაშიც დამარცხდა, ამჯერად 7-3 და ვერცხლის ლიგის მესამე ადგილისთვის ბრძოლაზე გადაერთვება. გამარჯვებული გუნდიდან დუბლი შეასრულა ლუკა ქარაიამ, სამი საგოლე გადაცემა კი გიორგი ახლანძის სახელზეა.

პირველ მატჩში დაფიქსირებული 0-0-ის შემდეგ „NS Studio”-მ „ფარვანა“ 4-0 დაამარცხა და ზედიზედ მესამედ ითამაშებს ვერცხლის ლიგის ფინალში. შეხვედრის პირველი ტაიმიც გოლის გარეშე დასრულდა, რის შემდეგაც გიორგი თოთლაძის დუბლით „არქიტექტორები“ დაწინაურდნენ. მალევე სხვაობა ოთხამდე გაიზარდა.

„ბაქსვუდს“ ვერცხლის ლიგა 2016-17 წლების სეზონში აქვს მოგებული, NS Studio კი უკვე  მესამედ ეცდება საქმის ბოლომდე მიყვანს.

ბრინჯაოს ლიგის პირველი ფინალისტი „ბაზისბანკი“ გახდა. „ბანკირებმა“ მიხეილ თოფურიას დუბლით „ქართუ ბანკს“ 2-1 სძლიეს და შარშანდელი მარცხის შემდეგ, ტიტულის მოპოვებას კვლავ შეეცდებიან.

„ბაზისბანკის“ მეტოქე საკვალიფიკაციო ლიგისა და მეგობრობის თასის მოქმედი ჩემპიონი „თელასი“ იქნება. „ენერგეტიკოსებმა“ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან“ 2-0 იმარჯვეს. გოლების გატანა გიორგი სოზაშვილმა და გიორგი აკოლაშვილმა შეძლეს.

დაძაბული და სანახაობრივი იყო „ენერგო-პროსა“ და „არმიას“ დაპირისპირება ოქროს ლიგის დასკვნით ეტაპზე მოსახვედრად. ანგარიში მეხუთე წუთზე ნადიმ კახაძემ გახსნა და „ძალოვნები“ წინ გაიყვანა. ლაშა ნინიკაშვილმა წონასწორობა აღადგინა, მაგრამ ტაიმის დასრულებამდე დავით კოხრეიძემ საკუთარი გუნდი კვლავ დააწინაურა. ნინიკაშვილმა ანგარიში მეორედაც გაათანაბრა, მაგრამ დარჩენილ დროში „არმიელებმა“ კონცენტრაცია არ დაკარგეს და შეხვედრა ფრედ 2-2 დასრულდა, პირველ შეხვედრაში ნაჩვენები შედეგით კი ფინალში „არმია“ გავიდა.

კლასიკურ და პრინციპულ დაპირისპირებას ვიხილავთ ოქროს ლიგის ფინალში, სადაც „არმიას“ „შსს“ დაუპირისპირდება. გუნდები გასულ წლებში ფინალურ ეტაპზე სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. შარშან სუპერლიგის ჩემპიონობა „შსს“-მ იზეიმა, 2021-22 წლებში „არმიამ“ პენალტებში მეგობრობის თასი მოიგო, 2018-19 წწ. SBM ლიგის თასი კი „შსს“-ს დარჩა.  

„შსს“-ს ½ ფინალური მეტოქე „ავერსი“ იყო, რომელიც ღირსეულ ბრძოლაში დამარცხდა. განმეორებით შეხვედრაში „ფარმაცევტებმა“ კარი მშრალად შეინახეს, მაგრამ ვერც თვითონ შეძლეს გოლის გატანა და პირველ შეხვედრაში 2-0 დაფიქსირებული შედეგით „შსს“ ფინალში გავიდა. აღსანიშნავია, რომ "შსს"-სთვის, რომელსაც მიმდინარე სეზონში ქულები არ დაუკარგავს, ეს პირველი ფრე იყო.

„ნიკორამ“ „კროკობეთთან“ სერიაში ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ პენალტების სერიაში „კროკო“ უკეთესი გამოდგა და მეტოქეს 4-2 აჯობა.

„ნიკორამ“ შეხვედრა თავიდანვე დიდი უპირატესობით დაიწყო, რამაც შედეგი გამოიღო და სამი ბურთით გავიდა წინ. „ბუკმეიკერებმა“ თამაშში გარდატეხა ვერ შეიტანეს, საბოლოოდ კი 5-2 დამარცხდნენ. პენალტების სერიაში „ნიკორამ“ ორი დარტყმა გააფუჭა, „კროკომ“ კი ყველა ზუსტად შეასრულა და ფინალში, ნაცნობ მეტოქესთან, თამაშის უფლებაც მოიპოვა.

„ჯორჯიან მანგანეზმა“ 3-0 მოუგო „საქართველოს ბანკს“ და დამაჯერებელი გამარჯვებაც მოიპოვა. „GM” მთელი თამაში აკონტროლებდა ბურთს და ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას „კროკოს“ წინააღმდეგ წელს სუპერლიგაში შეეცდება.

ბეთსონის ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრები მაისში გაიმართება. 



  © SBM, 2016-2026