ახალგაზრდული ლიგის რეგულარული სეზონის დასრულებამდე 2 ტური რჩება!
ყველა სიახლე
28-29 მარტს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ ფუტსალის ახალგაზრდულ ლიგას უმასპინძლა.
ჩატარებული 4 მატჩიდან გამარჯვებული 4-ვე შემთხვევაში გამოვლინდა.
მე-12 ტურის გახსნით შეხვედრაში ერთმანეთის პირისპირ „კომაროვი“ და „SL ACADEMY 2” წარსდგნენ, სადაც გამაჯვება „აკადემიელებს“ დარჩათ.
„კომაროვის“ ლაღმა ფუტსალმა მოწინააღმდეგეს მცირე პრობლემები შეუქმნა,გასაკუთრებით პირველ 20 წუთში. ანგარიში სწორედ „კომაროველებმა“ ალექსანდრე ტყეშელაშვილის გოლით გახსნეს, მაგრამ მეტოქემ ზედიზედ 3 ბურთის გატანა მოახერხა.
ტაიმის მიწურულს დავით ფირცხალავამ და გეგა ვაშაყმაძემ წონასწორობა აღადგინეს და გუნდები შესვენებაზე საბრძოლო შემართებით გავიდნენ.
მეორე ნახევარში „აკადემიამ“ გამოცდილება აჩვენა და მეტოქეს 1:4 სძლია.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ტოლიკ კოდალაშვილი იქნა დასახელებული, რომელმაც ჰეთრიქის გაფორმება შეძლო.
„სასკოლო აკადემია“ ცხრილში მეორე პოზიციას იკავებს და პირველ ადგილოსან „მცხეთას“ 1 ქულით ჩამორჩება.
„იუჯი სკოლამ“ „ქვემო ქართლი“ 7:3 დაამარცხა და ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა.
პირველი პერიოდი 4:2 ანგარიშით დასრულდა. 2-2 გოლი ალექსანდრე კარბაიამ და საბა გელაშვილმა გაიტანეს, მოწინააღმდეგე გუნდიდან კი დუბლი ლუკა გიორბელიძემ შემოგვთავაზა.
მეორე ნახევარში სოსო ოგნაძემ სხვაობა 1-მდე შეამცირა, თუმცა საქმეში ცოტნე ლალიაშვილი და მისი შესრულებული ჰეთრიქი ვიხილეთ, რამაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 7:3.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც სწორედ ლალიაშვილი დასახელდა.
29 მარტს შედგა „მცხეთის პირველი საჯარო სკოლისა“ და „ბაქსვუდის სკოლის“ დაპირისპირება, რომელიც სანახაბრივთან ერთად დაძაბულიც გამოდგა.
პირველი ნახევარი 3:1 ანგარიშით „მცხეთელებმა“ მოიგეს. დავით ვაჭარაძემ და დაჩი კაპანაძემ ( დუბლი ) იჩინეს თავი, „ბაქსვუდიდან“ კი გეგა გიგაშვილმა შეძლო გატანა.
მეორე ნახევარში „ბაქსვუდელებმა“ მეტად შემტევი თამაში გვაჩვენეს, მაგრამ საკმარისი არ აღმოჩნდა.
მეორე პერიოდი 2:2 დასრულდა, კაპანაძემ 2 გოლს კიდევ 2 დაუმატა, მეტოქის რიგებიდან კი სამუშიამ და გიგაშვილმა (დუბლი) გაიტანეს.
MVP - დაჩი კაპანაძე.
„გრანდ ავლაბარი“ VS “ლოგოსი“ – 8:1.
„ავლაბრელებმა“ მეტოქე 7 ბურთიანი უპირატესობით დაამარცხეს და მარტივი 3 ქულა მოიპოვეს.
პირველი ტაიმი 3:0, დაჩი მეტრეველის დუბლითა და გიორგი თოდრიას გოლით დასრულდა.
შესვენებიდან დაბრუნებულმა „ავლაბარმა“ მეტოქეს კიდევ 5 გაუტანა. „ლოგოსიდან“ ერთადერთი გოლი დავით მიქელაძის ანგარიშზეა.
„გრანდ ავლაბარმა“ ამ გამარჯვებით 18 ქულა დააგროვა და მესამე აგილოსან „ლოგოსთან“ 1 ქულიან სხვაობაში შევიდა.
MVP - დაჩი მეტრეველი (ჰეთრიქი).
ახალგაზრდული ლიგა მცირე პაუზის შემდეგ, 19 აპრილს მე-13 ტურით დაგვიბრუნდება.

