„შევარდენი 2012“-ის 10 მატჩიანი წაუგებელი სერია და პირველი ადგილი ლიგა 3-ის ცხრილში!
ყველა სიახლე
6 და 7 მარტს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ ფუტსალის ლიგა 3-ის 4 შეხვედრას უმასპინძლა.
„თსუ 2“ VS „დუშეთი“ - მატჩში მაყურებელმა 8 გატანილი ბურთი იხილა, საიდანაც 5 „თსუ“-ს ეკუთვნის, 3 კი „დუშეთს“.
პირველი ნახევარი „თესეუელებმა“ ლუკა გაგნიძის დუბლით და ანრი საგინაძის გოლით 3:2 მოიგეს. მეტოქე გუნდიდან გიგა ლაგაზაშვილის და გიორგი არაბულის გოლები ვიხილეთ. 30-ე წუთზე ცოტნე ლალიაშვილმა 6 მეტრიანი დარტყმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა - 3:3. გათანაბრების შემდეგ, „დუშელთა“ კარი გიორგი შათირიშვილმა აიღო და გუნდი კიდევ ერთხელ დააწინაურა.
ბოლო „გასროლა“ კი დავით ბერიას ანგარიშზეა, კაპიტანმა 38-ე წუთზე გაიტანა და შეხვედრას წერტილი დაუსვა - 5:3.
MVP - დავით ბერია.
„BSC” VS “EU” – 3:4.
„ილიაუნთან“ მარცხის შემდეგ, „ევროპის უნივერსიტეტმა“ ხასიათი „ბათუმის სპორტულ ცენტრთან“ გამოისწორა. ანგარიში ვახტანგ ბაღაშვილმა გახსნა, (BSC) თუმცა „EU”-მ ზედიზედ 3 გოლი გაიტანა და ტაიმი მოიგო. 31-ე წუთზე გიორგი თარხნიშვილმა ჰეთრიქი შეასრულა და გუნდი 3 ბურთიანი ჰანდიკაპით გაიყვანა წინ.
მატჩის ბოლო 10 წუთში „ბათუმელებმა“ ორის გატანა შეძლეს, მაგრამ თამაშის გადარჩენა ვერ მოხერხდა - 3:4.
MVP - გიორგი თარხნიშვილი (ჰეთრიქი).
„შევარდენი 2012“ VS „ილიაუნი“ – 7:3.
„ქუთათურებმა“ მეორე ადგილოსან „ილიაუნთან“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს და მეტოქესთან 6 ქულიანი ფორა შეიქმნეს. პირველი ტაიმი ფრედ 2:2 დასრულდა. თავი დავით ყულიაშვილმა და გიორგი ბიბილეიშვილმა იჩინეს (ილიაუნი), „შევარდენიდან“ კი გოლები გიორგი იდაძემ და ცოტნე ციბაძემ გაიტანეს.
მეორე ნახევარში წინ გასვლა კვლავ „უნივერსიტეტელებმა“ მოახერხეს, თუმცა მეტოქემ ჯერ წონასწორობა აღადგინა, შემდეგ კი 4 გოლის გატანა მოახერხა - 7:3.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი იდაძე გახდა.
ტურის დასკვნით შეხვედრაში ერთმანეთს „გრანდ ავლაბარი“ და „35-ე სკოლა“ შეხვდნენ, სადაც „სკოლის“ ბიჭებმა მეტოქე 3:8 დაამარცხეს.
პირველი პერიოდი 1:4 ანგარიშით დასრულდა. მეორე 20 წუთი კი 2:4. მატჩი სრულად „35-ე სკოლის“ კარნახით წარიმართა, რაც შედეგზეც აისახა. მატჩის გამორჩეულ მოთამაშედ ნიკა მამაცაშვილი დასახელდა, რომელმაც დუბლის შესრულება მოახერხა. ამ გამარჯვებით „35-ე სკოლა“ ცხრილში ერთი საფეხურით დაწინაურდა და უკან სწორედ „გრანდ ავლბარი“ ჩამოიტოვა.
მე-14 ტური 13 მარტს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიხსნება.

.jpg)


