BetssonSBMLeague: გრანდ ლიგაში რეგულარული სეზონის პირველობა "26"-მა გაინაღდა!

ყველა სიახლე
10 მარტი 2026

BetssonSBMLeague: გრანდ ლიგაში რეგულარული სეზონის პირველობა

8 მარტს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბეთსონის ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წწ. სეზონის გრანდ ლიგისა და საკვალიფიკაციო ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრები გაიმართა.

„საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ“ „AMTS”-სთან დიდი ანგარიშით 7-0 იმარჯვა და საკვალიფიკაციო ლიგაში პირველობა შეინარჩუნა.

დაძაბული გამოდგა „ჯი არ სი“-სა და „ბეთსონის“ მატჩი. „ჯი არ სიმ“ ჩემპიონატის ლიდერი 3-2 დაამარცხა და ცხრილში პირველობა დააკარგვინა. „ბუკმეიკერებმა“ სამბურთიანი ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს, მაგრამ თამაშის გადარჩენა ვერ შეძლეს და სეზონში პირველი მარცხი იწვნიეს.

„ევერსტონმა“ „მშრალ პორტთან“ კარი მშრალად შეინახა და მეტოქეს 5-0 სძლია. გამარჯვებული გუნდიდან დუბლი შეასრულეს დათო ღაღაიშვილმა და თორნიკე ბახტაძემ. ერთი გოლია ცოტნე ბუკიას ანგარიშზე.

ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა „TBC უზბეკეთმა“. „ბანკირებმა“ სამი ქულის აღება „მელოს დისპეჩთან“ გამართულ მძიმე შეხვედრაში შეძლეს. მატჩის ბედი მე-15 წუთზე გიორგი ურთაშვილის გატანილმა გოლმა გადაწყვიტა. არა ერთი დარტყმა მოიგერია დავით თურმანიძემ და საბოლოოდ „TBC უზბეკეთმა“ 1-0 მოიგო.

გრანდ ლიგის მეექვსე ტური სანახაობრივი შეხვედრებით გამოირჩა. გახსნით დაპირისპირებაში „ლიბერთი ბანკმა“ „ავერსი“ 2-1 დაამარცხა. ემზარ ნადირაძემ „ლიბერთი“ პირველივე წუთზე გაიყვანა წინ. მალევე „ფარმაცევტებს“ პენალტით შეეძლოთ წონასწორობის აღდგენა და მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი მურმანიშვილმა პაატა ლეჟავას დარტყმული მოიგერია, დამატებაზე კვლავ ლეჟავა აღმოჩნდა პირველი და ანგარიშიც გაათანაბრა. გამარჯვების გოლი ბოლო წუთზე კახა ტოგონიძემ გაიტანა.

ბოლომდე შენარჩუნდა ინტრიგა „26“-სა და „არმიას“ შორის გამართულ დაპირისპირებაში. „26“-მა საბოლოოდ 6-4 იმარჯვა და ერთი ტურით ადრე რეგულარული სეზონის ჩემპიონობა გაიფორმა.

მე-15 წუთზე „ოცდაექვსი“ 4-1 იგებდა. „ძალოვნებმა“ ერთწუთიან ინტერვალში გატანილი გოლებით ანგარიში 4-3 გახადეს, რამაც ბოლო წუთები განსაკუთრებულად დაძაბული გახადა. მთელი ძალებით შეტევაში გადასული „არმიელები“ ბოლომდე ეცადნენ ანგარიშის შემოტრიალებას, მაგრამ გამოუყენებელი შვიდმეტრიანის შემდეგ ენრი ჩადუნელის გატანილ გოლს, ვატო ფოცხვერიამ თავისი მეოთხე გოლით უპასუხა  და შეხვედრას წერტილი დაუსვა.

ფრედ 3-3 დასრულდა „ბაქსვუდისა“ და „ენერგო-პროს“ დაპირისპირება. პირველ ტაიმს „ბაქსვუდი“ ორბურთიანი ჩამორჩენით აგებდა, მაგრამ ბოლო წამებზე სხვაობა შეამცირა. თამაშის განახლებიდან მალევე „ენერგეტიკოსები“ კვლავ ორი ბურთით გავიდნენ წინ, მაგრამ ალექსანდრე შენგელიამ თამაშის დასრულებამდე ანგარიშის გათანაბრება მოახერხა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

3-1 იმარჯვა „არსენალმა“ „McGill”-თან და ზედიზედ მესამე მოგებით ცხრილში მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა. „არსენალმა“ მეტოქეს სამივე გოლი პირველ ტაიმში გაუტანა. „იურისტებმა“ მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა შეძლეს.

დღის ბოლოს ბეთსონის ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ბრინჯაოს ლიგის ერთი 1/2 ფინალური მატჩიც გაიმართა. "თელასმა" "თბილისის სატრანსპორტო კომპანია" ლუკა გოგუაძის გოლით 1-0 დაამარცხა და განმეორებითი შეხვედრისთვის უპირატესობა მოიპოვა. 

ბეთსონის ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ლიგისა და გრანდ ლიგის რეგულარული სეზონის დასკვნითი ტური 22 მარტს შედგება. ბრინჯაოს, ვერცხლის, ოქროსა და სუპერლიგის გუნდები კი პლეი-ოფის მატჩებს 15 მარტს გამართავენ. 



  © SBM, 2016-2026