BetssonSBMLeague - ბრინჯაოს, ვერცხლის, ოქროსა და სუპერლიგის პლეი-ოფის წყვილები ცნობილია!

ყველა სიახლე
02 მარტი 2026

BetssonSBMLeague - ბრინჯაოს, ვერცხლის, ოქროსა და სუპერლიგის პლეი-ოფის წყვილები ცნობილია!

ბეთსონის ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წწ. სეზონის ძირითადი ბადის გუნდებმა რეგულარული ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრები გამართეს.

1 მარტს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარებული მატჩების შემდეგ ბრინჯაოს, ვერცხლის, ოქროსა და სუპერლიგის პლეი-ოფის წყვილები გამოვლინდნენ.

სუპერლიგის ცხრილში ინტრიგა ბოლომდე შენარჩუნდა, საბოლოოდ „GM”-მა და „ნიკორამ“ თანაბარი 13-13 ქულა დააგროვეს, ბურთების უკეთესი სხვაობით კი გამარჯვებული „GM”გახდა. აღსანიშნავია, რომ მესამეადგილოსან „კროკობეთს“, რომელიც „ნიკორას“ მეტოქე იქნება ½ ფინალში, 12 ქულა დაუგროვდა. „საქართველოს ბანკი“ კი პლეი-ოფში „GM”-ის წინააღმდეგ იბრძოლებს.

ოქროს ლიგის უპირობო ლიდერი „შსს“ გახდა. „ძალოვნები“ მომდევნო ეტაპზე „ავერსს“ შეხვდებიან, „ენერგო-პრო“ ფინალში გასასვლელად „არმიას“ დაუპირისპირდება.

ვერცხლის ლიგაში პირველ ადგილზე „ბაქსვუდი“ გავიდა, რომელიც ფინალში მოსახვედრად „აზოტს“ შეხვდება, “NS Studio” კი „ფარვანას“.

ბრინჯაოს ლიგაში პირველი ადგილი „თელასმა“ დაიკავა. მისი მეტოქე „TTC” იქნება, „ბაზისბანკი“ კი „ბანკი ქართუს“ ეთამაშება.

დასკვნით ტურში გუნდები ერთმანეთს შერეული ფორმატით დაუპირისპირდნენ. დღის გახსნით მატჩში „ნიკორამ“ „ბაზისბანკი“ 3-0 დაამარცხა. „ნიკორას“ რიგებიდან დუბლი კონსტანტინე ფაჩულიამ შეასრულა.

მშრალად შეინახა კარი „შსს“-მ „რუსთავის აზოტთან“ და მეტოქეს 6-0 სძლია. „ძალოვნებმა“ მეტოქეს ორივე ტაიმში სამ-სამი გოლი გაუტანეს.

აღსანიშნავია, რომ ოთხივე ჩემპიონატში „შსს“ ერთადერთი გუნდია, რომელსაც მიმდინარე სეზონში ქულები არ დაუკარგავს და ყველაზე ცოტა, მხოლოდ 4, გაშვებული გოლი აქვს.

მეექვსე ტურში ვიხილეთ „კროკობეთისა“ და „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ დაპირისპირება. „ბუკმეიკერებმა“ „TTC“-სთან 4-1 იმარჯვეს. პირველ ტაიმში გუნდები 1-1-ზე გაიყარნენ. მეორე ნახევრის დაწყებიდან მალევე ლაშა სიგუნავამ აქტივში მეორე გოლიც მიითვალა და გუნდი წინ გაიყვანა, რის შემდეგაც „კროკომ“ კიდევ ორი შეაგდო.

ფრედ 1-1 დასრულდა „ავერსისა“ და „ფარვანას“ შეხვედრა. ბესიკ სოკურაშვილმა ანგარიში მე-5 წუთზე გახსნა, რაფიკ მარგარიანმა კი წონასწორბა არასრულ ერთ წუთში აღადგინა, რის შემდეგაც ტაბლოზე ანგარიში აღარ შეცვლილა.

სრული დომინაციით 10-2 იმარჯვა „ჯორჯიან მანგანეზმა“ „ბანკი ქართუსთან“. შედეგიანი მატჩი ჰქონდა ბექა ტუღუშს, რომელმაც რე-პოკერი და ორი საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.

სწორედ ბურთების უკეთესი სხვაობა დაეხმარა „GM”-ს „ნიკორასთან“ გამართულ პირველობისთვის ბრძოლაში.

მინიმალური სხვაობით 0-1 დასრულდა „თელასისა“ და „საქართველოს ბანკის“ მატჩი. „ენერგეტიკოსებმა“ სამი ქულის აღება თამაშის მიწურულს გასული ავტოგოლით შეძლეს.

დაძაბული და სანახაობრივი იყო „ენერგო-პროსა“ და „ბაქსვუდის“ დაპირისპირება. „ბაქსვუდი“ მე-9 წუთზე სამბურთიანი უპირატესობით იგებდა, მაგრამ ტაიმის დასრულებამდე „ენერგო-პრომ“ ორი ბურთი გაქვითა, თამაშის განახლებიდან მალევე კი ანგარიში გაათანაბრა. მე-19 წუთზე „ენერგო-პრო“ თამაზ ვახანიამ წინ გაიყვანა. საბოლოო ანგარიში, 4-4, 21-ე წუთზე ლადო ასათიანმა დააფიქსირა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

სანახაობრივი იყო „არმიასა“ და „NS Studio“-ს მატჩიც. მიუხედავად იმისა, რომ „არქიტექტორები“ მთელი თამაში მდევრის როლში იყვნენ, ქულის აღება მაინც შეძლეს. პირველ ტაიმში გუნდებმა თითო ბურთი გაცვალეს. შეხვედრის ბოლო მონაკვეთი განსაკუთრებით დაძაბული გამოდგა. „ძალოვნებს“ ორბურთიანი გაქცევა ჰქონდათ, მაგრამ არასრულ ერთ წუთში ირაკლი კლიმიაშვილის გოლითა და გიორგი ვასაძეზე გაკეთებული შედეგიანი გადაცემით მატჩი ფრედ 3-3 დასრულდა.

ბეთსონის ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის შეხვედრები სტარტს 8 მარტს თელასისა“ და „TTC“-ს დაპირისპირებით აიღებს, სხვა მატჩები კი 15 მარტს შედგება. ფინალში გასასვლელად გუნდები ერთმანეთს ორჯერ ეთამაშებიან.

შეგახსენებთ, რომ გუნდები, რომლებიც ვერ მოხვდებიან ფინალში, ითამაშებენ ლიგის თასზე, ხოლო ფინალისტები მთავარი ტიტულისთვის, აბსოლიტური ჩემპიონობისთვის დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.



  © SBM, 2016-2026