BetssonSBMLeague - გრანდ ლიგისა და საკვალიფიკაციო ლიგის V ტურის მიმოხილვა!

ყველა სიახლე
24 თებერვალი 2026

BetssonSBMLeague - გრანდ ლიგისა და საკვალიფიკაციო ლიგის V ტურის მიმოხილვა!

22 თებერვალს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბეთსონის ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გრანდ ლიგისა და საკვალიფიკაციო ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრები გაიმართა.

გრანდ ლიგაში ლიდერობა "26"-მა შეინარჩუნა. საკვალიფიკაციო ლიგაში კი პირველ პოზიციას კვლავ "betsson" და "G.B.A." იყოფენ.

დღე „26“-სა და „McGill“-ის მატჩით დაიწყო. „ოცდაექვსმა“ მეტოქეს საწყის ათ წუთში ოთხი გოლი გაუტანა. „იურისტებმა“ სხვაობის შემცირება მხოლოდ ორამდე შეძლეს და საბოლოოდ გრანდ ლიგის ლიდერთან 4-2 დამარცხდნენ.

გარდამავალ უპირატესობაში 7-3 იმარჯვა „ლიბერთი ბანკმა“ „ენერგო-პრო“-სთან. „ენერგეტიკოსები“ სწრაფი გოლებით 2-0-ს იგებდნენ. მეტოქემ მალევე შეძლო წონასწორობის აღგდგენა და წინ გასვლა. ტაიმის დასრულებამდე „ენერგო-პრო“-მ ანგარიში 3-3 გახადა, მაგრამ საკუთარ კარში საფინალო სირენამდე კიდევ ოთხი გოლი მიიღო. გამარჯვებული გუნდიდან ჰეთ-თრიკი შეასრულა ვაჩე ალფაიძემ.

ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა „არსენალმა“, რომელმაც „ავერსს“ 5-3 სძლია. გიორგი ვასაძის პოკერით „არსენალმა“ მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა და მორიგი ქულები მიითვალა.

ბოლო წუთამდე გოლის გარეშე მიმდინარეობდა „არმიასა“ და „ბაქსვუდს“ შორის გამართული დაპირისპირება. თითქოს გუნდები უგოლო ფრეზე უნდა გაყრილიყვნენ, მაგრამ „ძალოვნებმა“ 23-ე წუთზე ანგარიში გახსნეს, რამაც „ბაქსვუდს“ კონცენტრაცია დააკარგვინა და კიდევ ორი გოლი გაუშვა, საბოლოოდ კი 3-0 დამარცხდა.

საკვალიფიკაციო ლიგის მე-5 ტურმა სტარტი „მშრალი პორტისა“ და „ჯი არ სი“-ს მატჩით დაიწყო. „მშრალი პორტი“ წინ მეოთხე წუთზე გავიდა. საპასუხოდ „ჯი არ სი“-მ ზედიზედ ოთხი გოლი გაიტანა. მეტოქემ სხვაობა შეამცირა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 4-2 დაფიქსირდა.

„Everstone”-მა და „G.B.A.”-მ დაძაბულ შეხვედრაში ქულები გაიყვეს და ორივე გუნდმა წაუგებელი სერიის გაგრძელება შეძლო. ორივე გოლი პირველ ტაიმში ვიხილეთ. გოლები ლაშა მდივანისა და თორნიკე ბახტაძის სახელზეა.

პირველი გამარჯვება იზეიმა „TBC უზბეკეთმა“. „ბანკირებმა“ „AMTS” 5-2 დაამარცხეს. შეხვედრაში ანგარიში ორჯერ გაათანაბრა „AMTS”-მა. მე-15 წუთზე „TBC” დაწინაურდა, რასაც მოგვიანებით ერთწუთიან ინტერვალში სხვაობის ზრდაც მოჰყვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ჰეთ-თრიკის ავტორი ბექა უგრეხელიძე გახდა.

დღე „Melo`s Dispatch”-ისა და „betsson”-ის დაპირისპირებით დასრულდა. „მელოს დისპეჩმა“ საკვალიფიკაციო ლიგის დაუმარცხებელ ლიდერთან 1-1 ითამაშა და ქულის აღება შეძლო. ნიკა გორდულაძის გოლს „ბუკმეიკერების“ რიგებიდან გიგი პატარაიამ უპასუხა, მაგრამ მეორე ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა და „betsson”-მა ქულები დაკარგა.

მეხუთე ტურის შემდეგ გრანდ ლიგისა და საკვალიფიკაციო ლიგის ლიდერები უცვლელია - პირველ ადგილზე კვლავ „26“ და „betsson” არიან.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 1 მარტს გაიმართება. ერთმანეთს ბრინჯაოს, ვერცხლის, ოქროსა და სუპერლიგის გუნდები შერეული ფორმატით დაუპირისპირდებიან.  



  © SBM, 2016-2026