ლიგა 2-ში "თსუ"-მ უშუალო მეტოქე დაამარცხა და ცხრილში ექვსქულიანი უპირატესობა მოიპოვა!

ყველა სიახლე
17 თებერვალი 2026

ლიგა 2-ში

თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ 14 და 15 თებერვალს,  ფუტსალის ლიგა 2-ის მე-13 ტურის შეხვედრებს უმასპინძლა.

3 ქულის მოპოვება „რუსთავმა“ და „თსუ“-მ მოახერხეს, „UG2”-ისა და „ქუთაისის“-ს შეხვედრა კი საყაიმო ანგარიშით დასრულდა.

„UG 2” VS „ქუთაისი“ – 2:2.

სატურნირო ცხრილში „მეზობელი“ გუნდების დაპირისპირება დაძაბული გამოდგა, თუმცა 3 ქულის მოპოვება ვერცერთმა მოახერხა. ანგარიში ბაკურ გულუამ გახსნა, რასაც პირველივე ნახევარში გიორგი დიაკვნიშვილის მიერ გამათანაბრებელი გოლი მოჰყვა - 1:1. მეორე ნახევარში წინ გასვლა „უნივერსიტეტელებმა“ მოახერხეს, ირაკლი ცაგარეიშვილმა გუნდი დააწინაურა.

35-ე წუთზე ბაკურ გულუამ გოლს, საგოლე გადაცემაც დაუმატა და ამჯერად წონასწორობა „ქუთათურებმა“ აღადგინეს. თამაშის მიწურულს 10-მეტრიანი ნიშნულიდან გოლის გატანა და პოტენციური 3 ქულის მოპოვება გუნდისთვის გიორგი დიაკვნიშვილს შეეძლო, მაგარამ მის დარტყმულს დიმიტრი მეფარიძის მოგერიება მოჰყვა.

ს.ა. 2:2.

MVP - ირაკლი ცაგარეიშვილი.

MVP - დიმიტრი მეფარიძე.

„UG 2” 23 ქულით მე-3 პოზიციაზეა, „ქუთაისი“ კი 20 ქულით მე-4 ადგილს იკავებს.

„რუსთავი“ VS „FLC 03-2” – „რუსთაველებმა“ „ფალკონები“ 4:2 დაამარცხეს და 4 მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულეს.

პირველ ტაიმში ალექსანდრე გოგოლაძემ დუბლი შეასრულა, გიორგი გათენაშვილმა კი ავტოგოლი მიითვალა. 22-ე და 27-ე წუთებზე მიხეილ მალაციძემ და ტარიელ თედიაშვილმა თითო ბურთი გაიტანეს და „რუსთავმა“ 3 ქულისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. თამაშის ბოლო გოლი რიკუ სატომ გაიტანა, რომელიც მისთვის მესამე აღმოჩნდა ამ სეზონში.

ს.ა. – 4:2.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი - ალექსანდრე გოგოლაძე.

„ფალკონები“ კვლავ ქულის გარეშე, ბოლო პოზიციაზე იმყოფებიან.

ტური ლიდერების დაპირისპირებით დაიხურა - „თსუ“ VS „ბსსა.

„თესეუელებმა“ „საზღვაო აკადემია“ 5:2 დაამარცხეს და ცხრილში 6 ქულიანი ჰანდიკაპი შეიქმნეს. „თსუმ“ კარგი პირველი ტაიმი ჩაატარა, შედეგად გუნდი შესვენებაზე 4 ბურთიანი უპირატესობით გავიდა.

გატანილი 4 ბურთიდან 3 რონამ კუხიანიძის ანგარიშზეა, 1 კი ლაშა ჯიქიამ გაიტანა.

33-ე და 37-ე წუთებზე ზურაბ შამილაძემ ორი 10 მეტრიანი დარტყმა ზუსტად შეასრულა და სხვაობა 2-მდე შეამცირა, მაგრამ შეხვედრის ბოლო წუთზე ლაშა ხარაიშვილმა გაიტანა და შეხვედრას წერტილი დაუსვა - 5:2.

13 ტურის შემდეგ „თსუ“ ცხრილში 31 ქულით პირველია, „ბათუმელები“ კი მეორე პოზიციას 25 ქულით იკავებენ.

21 თებერვალს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, მე-14 ტური აიღებს სტარტს.



  © SBM, 2016-2026