BetssonSBMLeague | ბრინჯაოს, ვერცხლის, ოქროსა და სუპერლიგის V ტურის მატჩების მიმოხილვა!
ყველა სიახლე
15 თებერვალს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბეთსონის ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წწ. სეზონის მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა.
ერთმანეთს ბრინჯაოს, ვერცხლის, ოქროსა და სუპერლიგის გუნდები დაუპირისპირდნენ.
სათამაშო დღე ვერცხლის ლიგაში „ფარვანასა“ და „NS Studio“-ს მატჩით დაიწყო. „ნინოწმინდელები“ შეხვედრაში ორჯერ დაწინაურდნენ, მაგრამ მეტოქემ წონასწორობა ორივეჯერ აღადგინა და გუნდები ფრეზე 2-2 გაიყარნენ.
„ბაქსვუდმა“ სამი ქულა აიღო „რუსთავის აზოტთან“ და ცხრილში პირველობას აგრძელებს. ვერცხლის ლიგის ლიდერებმა „აზოტი“ 3-0 დაამარცხეს. დუბლი გაიფორმა ლუკა ქარაიამ.
ლევან ჩიხრაძის გოლით მოიგო ბრინჯაოს ლიგაში „ბაზისბანკმა“ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან“. ბოლო წუთამდე მატჩის ოქმში მხოლოდ სამი ყვითელი ბარათი ჩაიწერა, საფინალო სირენამდე „ბანკირებმა“ გოლის გატანა შეძლეს და 1-0 იმარჯვეს.
მორიგი გამარჯვება მიითვალა „თელასმა“. „ენერგეტიკოსებმა“ „ბანკი ქართუ“ მარტივად, 8-2 დაამარცხეს. შეხვედრაში ჰეთ-თრიკით ამირან ცხომარია, დუბლით კი ლუკა გოგუაძე გამოირჩა.
ოქროს ლიგაში უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ 2-1 სძლია „ავერსმა“ „არმიას“. თეიმურაზ ჯაფარიძისა და პაატა ლეჟავას გოლებს ბოლო წამებზე დავით კოხრეიძემ უპასუხა და „ძალოვნებმა“ მატჩი მინიმალური ჩამორჩენით დათმეს.
ბექა ქინქოძის გოლებით 3-0 იმარჯვა „შსს“-მ „ენერგო-პროსთან“. „შსს“-ს ცხრიანმა მომენტების რეალიზება შეძლო და გუნდი ცხრილის სათავეში უდანაკარგო სერიას კვლავ აგრძელებს.
სუპერლიგაში დაძაბული იყო „საქართველოს ბანკისა“ და „ჯორჯიან მანგანეზის“ მატჩი. მერვე წუთზე BOG ილია ქემაშვილმა დააწინაურა. ტაიმის დასრულებამდე ანგარიში ბექა ტუღუშმა გაათანაბრა. თამაშის ბოლომდე წინ გასვლას ვერც ერთი გუნდი ახერხებდა, მაგრამ 22-ე წუთზე გიორგი ბერიშვილის გოლით GM-მა სამი ქულა მოიპოვა.
მინიმალური ანგარიში დაფიქსირდა „კროკობეთსა“ და „ნიკორას“ შორის. შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-11 წუთზე მიხეილ პოპიაშვილმა გაიტანა და „ნიკორამ“ მეტოქეს 1-0 სძლია.
რეგულარული სეზონის ბოლო წრის წინ ბრინჯაოს ლიგაში „თელასი“ ლიდერობს, ვერცხლის ლიგის ცხრილის სათავეში „ბაქსვუდია“, ოქროს ლიგაში „შსს“ უდანაკარგოდ დომინირებს, სუპერლიგაში კი პირველობას 10-10 ქულით „ჯორჯიან მანგანეზი“ და „ნიკორა“ ინაწილებენ.
ბეთსონის ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე 22 თებერვალს გაიმართება. ერთმანეთს საკვალიფიკაციო ლიგისა და გრანდ ლიგის გუნდები დაუპირისპირდებიან.

