დაძაბული შეხვედრები ლიგა 3-ში: „შევარდენმა“ ქულები დაკარგა, ილიაუნი კი I ადგილს მიუახლოვდა!
ყველა სიახლე
5-6 თებერვალს ფუტსალის ლიგა 3-ის მატჩები, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა.
დღე მე-8 ტურის გადადებული შეხვედრით დაიწყო, სადაც ერთმანეთს „BSC” და „თსუ2“ შეხვდნენ. მატჩში უპირატესობა „თესეუელებს“ ჰქონდათ, რაც შედეგზეც აისახა - 2:5.
პირველი ტაიმი ცოტნე ჯიბლაძის და გიორგი შათირიშვილის გოლებით მოიგო გუნდმა. 30-ე წუთისთვის კი ანგარიში 0:4 იყო. საქმის ბოლომდე მიყვანა „თსუ 2“-ს აღარ გასჭირვებია და სეზონში მესამე გამარჯვბა მოიპოვა.
MVP - ცოტნე ჯიბლაძე (2 გოლი).
მე-11 ტური „გრანდ ავლაბარი“ VS „SL ACADEMY”-ს მატჩით გაიხსნა, რომელიც ფრედ, 5:5 დასრულდა.
შეხვედრის სტარტი ავლაბრელებს წარმატებული გამოუვიდათ, მე-14 წუთისთვის ტაბლოზე ანგარიში 4:0 იყო. „აკადემიელთა“ მხრიდან თავი დაჩი ბუცხრიკიძემ იჩინა, შეასრულა დუბლი და სხვაობა 2-მდე შეამცირა - 2:4. მეორე ტაიმის პირველი გოლი კვლავ „ავლაბარმა“ გაიტანა - 2:5.
„სასკოლოს ბიჭებმა“ ამ თამაშის გადარჩენა და ქულის მოპოვება მაინც მოახერხეს, 37-ე წუთისთვის ანგარიში 5:5 გახდა და ამის შემდეგ აღარაფერი შეცვლილა.
MVP - დავით წერეთელი ( 2 გოლი, 1 საგოლე გადაცემა).
MVP - დაჩი ბუცხრიკიძე ( 3 გოლი, 1 საგოლე გადაცემა).
„BSC” VS „35-ე სკოლა“ – 7:5.
„ბათუმის სპორტულმა ცენტრმა“ დაძაბულ ბრძოლაში, „35-ე სკოლა“ დაამარცხა. პირველი ნახევარი ფრედ, 1:1 დასრულდა. რაც შეეხება მეორე ტაიმს, გუნდებმა 10 გოლის გატანა მოახერხეს, საიდანაც 6 „ბათუმელებმა“ გაიტანეს. ლუკა ჩარგეიშვილმა მოახერხა ჰეთრიქის შესრულება, მოწინააღმდეგე გუნდიდან კი აკაკი ქიმერიძემ დუბლით გამოიჩინა თავი.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ლუკა ჩარგეიშვილი დასახელდა.
„შევარდენი 2012“ VS „დუშეთი“ - ლიდერების დაპირისპირება ფრედ, 5:5 დასრულდა.
მატჩის სტარტი პირადად გიგა ლაგაზაშვილის გამოდგა, „დუშელთა“ ცხრიანმა მე-13 წუთისთვის ჰეთრიქის შესრულება მოახერხა.
გუნდები შესვენებაზე 1:4 ანგარიშით გავიდნენ.
მეორე ნახევარში „ქუთათურების“ შეტევითი ფაზა მეტად გააქტიურდა, რამაც შედეგი მოიტანა. 23-ე წუთზე „შევარდენი“ 2:5 მარცხდებოდა, თუმცა ამ თამაშის გადარჩენა და ქულის მოპოვება მაინც მოახერხეს.
„შევარდენის“ მინი ქამბექი, მოპოვებული ქულა, 8 მატჩიანი წაუგებელი სერია და პირველი ადგილი ცხრილში!
„დუშელები“ მესამე პოზიციაზე, 17 ქულით არიან.
MVP - გიორგი იდაძე.
MVP - გიგა ლაგაზაშვილი (პოკერი).
„EU” VS „ილიაუნი“ - უნივერსიტეტულ დაპირისპირებაში, „ილიაუნმა“ „ევროპის უნივერსიტეტი 0:3 დაამარცხა და მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.
მსგავსად მეორე ტურისა, მე-11 ტურშიც 3 ბურთიანი სხვაობით მოახერხა „ილიაუნმა“ მეტოქის დამარცხება. ბექა მამაგულაშვილის ერთადერთი გოლით დასრულდა პირველი ნახევარი. მეორე პერიოდში კი ერთი ავტოგოლი და ერთიც ვახტანგ ტალახაძის გოლი ვნახეთ.
ამ მარცხით „EU”-მ 7 მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ლევან ჭიჭინაძე დასახელდა, რომელსაც დიდი როლი მიუძღვის კარის მშრალად შენახვაში.
ფუტსალის ლიგა 3-ის მე-12 ტური 20 თებერვალს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიხსნება.




