BetssonSBMLeague | საკვალიფიკაციო ლიგისა და გრანდ ლიგის IV ტურის მიმოხილვა!
ყველა სიახლე
ბეთსონის ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ლიგა და გრანდ ლიგა 8 თებერვალს თბლისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული მეოთხე ტურის შეხვედრებით განახლდა.
ზამთრის პაუზის შემდეგ სეზონი „მელოს დისპეჩისა“ და „მშრალი პორტის“ მატჩით გაიხსნა. გუნდებმა თავიდანვე აქტიურად დაიწყეს და მეექვსე წუთზე ანგარიში უკვე 3-3 იყო. ტაიმის დასრულებამდე რატი გობაძემ დუბლი შეასრულა და „მშრალი პორტი“ წინ გაიყვანა. მეორე ნახევარში „მელოს დისპეჩმა“ გოლის გატანა ვერ შეძლო, საბოლოოდ კი 6-3 დამარცხდა.
დამაჯერებელი ანგარიშით 5-1 იმარჯვა „ევერსტონმა“ „ჯი არ სი“-სთან. პირველ ტაიმში მიღებულ ორ გოლს „GRC“-მ მხოლოდ მე-16 წუთზე უპასუხა. დარჩენილ დროში მეტოქემ კიდევ სამი გაიტანა და ოთბურთიანი სხვაობით მოიგო.
მსგავსი ანგარიშით, 5-1 დასრულდა „ბეთსონისა“ და „AMTS“-ს მატჩიც. აკაკი ჩხიკვაძემ “AMTS” პირველივე წუთზე წინ გაიყვანა, მაგრამ „ბუკმეიკერებმა“ წონასწოორბის აღდგენა და კომფორტული უპირატესობის მოპოვება შეძლეს.
საკვალიფიკაციო ლიგაში ტური „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა“ და „TBC უზბეკეთის“ დაპირისპირებით დასრულდა. ნიკა ნანობაშვილისა და ლაშა მდივანის გოლებით „G.B.A.” ორი ბურთით იგებდა. გიორგი ურთაშვილმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ ფინალურ სირენამდე „ადვოკატთა ასოციაციამ“ საბოლოო ანგარიში 3-1 დააფიქსირა.
საკვალიფიკაციო ლიგას 10-10 ქულით „G.B.A.” და „ბეთსონი“ ლიდერობენ. მათთან ერთად წაუგებელ სერიას „ევერსტონიც“ აგრძელებს.
გრანდ ლიგაში ტური “McGill”-ისა და „ავერსის“ შეხვედრით გაიხსნა. ანგარიში „ფარმაცევტებმა“ პირველი ტაიმის მიწურულს გახსნეს. თამაშის განახლებიდან ოთხ წუთში ლაშა ჯოხაძემ წონასწორობა აღადგინა. დაძაბული მატჩი ფრედ სრულდებოდა, მაგრამ ზურა ძაგანიამ აქტივში მეორე შედეგიანი გადაცემაც მიითვალა და თორნიკე ბახტაძემ გამარჯვების გოლი გაიტანა (2-1).
დიდი ანგარიში 10-5 სძლია „არსენალმა“ „ენერგო-პროს“ და გრანდ ლიგაში პირველი გამარჯვება მოიპოვა. შეხვედრაში ოთხი გოლით გიორგი ვასაძე გამოირჩა, ჰეთ-თრიკი შეასრულა კოკა მიკუჩაძემ.
პირველი ქულები დაკარგა ცხრილის ლიდერმა „26“-მა. „ბაქსვუდმა“ აქამდე დაუმარცხებელ მეტოქეს სანახაობრივ ბრძოლაში 4-2 მოუგო. „26“-მა ანგარიში ორჯერ გაათანაბრა და აქტიურადაც უტევდა, მაგრამ ალექსანდრე შენგელიამ ბოლო წუთზე გოლით და საგოლე გადაცემით გუნდს გამარჯვება მოუტანა.
კარი მშრალად შეინახა „ლიბერთი ბანკმა“ „არმიასთან“ და მეტოქე 2-0 დაამარცხა. ემზარ ნადირაძის და ნიკა ფანცულაიას გოლები სამი ქულის ასაღებად „ბანკირებისთვის“ საკმარისი აღმოჩნდა.
4 ტურის შემდეგ გრანდ ლიგას კვლავ „26“ ლიდერობს, მეორე პოზიციას კი "ბაქსვუდი“ იკავებს.
საკვალიფიკაციო ლიგისა და გრანდ ლიგის მომდევნო ტურის შეხვედრები 22 თებერვალს გაიმართება.




