ფუტსალის ლიგა 2-ის ცხრილის სათავეში „თესეუელებმა“ გადაინაცვლეს!

ყველა სიახლე
02 თებერვალი 2026

ფუტსალის ლიგა 2-ის ცხრილის სათავეში „თესეუელებმა“ გადაინაცვლეს!

30 და 31 იანვარს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის, მე-11 ტურის შეხვედრები გაიმართა.

„UG 2” VS „FLC 03-2” - ტურის პირველ შეხვედრაში „უნივერსიტეტელებმა“ „ფალკონებს“ 5:2 სძლიეს.

ანგარიში დავით ჯეირანოვმა გახსნა, შემდეგ კი საგოლე გადაცემა ლევან იახტნიშვილს გაუკეთა - 2:0. „ფალკონთა“ რიგებიდან პირველ ნახევარში თავი რიკუ სატომ იჩინა და შესვენებაზე 2:1 ანგარიშით გავიდნენ გუნდები. მეორე ნახევრის სტარტზე, დავით უბილავამ გამათანაბრებელი გოლი გაიტანა, თუმცა გუნდმა ეს მუხტი დიდი ხნის განმავლობაში ვეღარ დაიჭირა და მიჯრით 3 გოლი მიიღო საკუთარ კარში.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ლევან იახტნიშვილი დასახელდა, რომელმაც 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. „

თსუ“ VS „რუსთავი“ - შეხვედრა, სადაც „თესეუელებმა“ „რუსთაველები“ 8 ბურთიანი ჰანდიკაპით დაამარცხეს.

პირველ ტაიმში მაყურებელმა 7 გატანილი ბურთი იხილა, საიდანაც 6 „თსუ“-მ გაიტანა, 1 კი „რუსთავმა“. მეორე პერიოდში „უნივერსიტეტის“ ბიჭებმა კიდევ 3 გოლის გატანა მოახერხეს. მატჩში დუბლი შეასრულა ლაშა ერქომაიშვილმა, ჰეთრიქი კი რომან კუხიანიძემ.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც სწორედ ლაშა ერქომაიშვილი დასახელდა.

ტურის ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს „ბსსა“ და „ქუთაისი“ შეხვდნენ, სადაც დაძაბულ შეხვედრაში „ქუთათურებმა“ 4:5 იმარჯვეს.

თამაში „ქუთაისი“-ს უპირატესობით დაიწყო, შედეგად გუნდი მე-9 წუთისთვის 0:3-ს იგებდა. პირველ ტაიმში „ბათუმელებმა“ 2 გაიტანეს, თუმცა ტაიმი მაინც 2 ბურთიანი ჩამორჩენით წააგეს - 2:4. 26-ე წუთზე ანგარიში 2:5 გახდა, რის შემდეგაც „საზღვაო აკადემია“ შეტევით ფაზაში მეტად გააქტიურდა, მაგრამ გუნდმა მხოლოდ 2 გოლის გატანა შეძლო დარჩენილ დროში. ს.ა. – 4:5.

„ქუთაისმა“ 3 ქულის მოპოვება შეძლო და „ბსსა“-ს მნიშვნელოვანი ქულები დააკარგვინა.

მე-12 ტური 7 თებერვალს, „FLC 03-2” VS „თსუ“-ს დაპირისპირებით გაიხსნება.



  © SBM, 2016-2026