ფუტსალის ლიგა 3-ს „შევარდენი 2012“ ლიდერობს, მე-9 პოზიციას „თსუ 2“ იკავებს
ყველა სიახლე
23 და 24 იანვარს ფუტსალის ლიგა 3-ის მე- 9 ტურის 4 შეხვედრა გაიმართა.
„SL ACEMDY” VS „BSC” – „ბათუმის სპორტულმა ცენტრმა“ დაამარცხა „სასკოლო ლიგის აკადემია“ ისე, რომ საკუთარ კარში გოლი არ მიუღიათ - 0:3.
მატჩის პირველი ტაიმი ლუკა ჩარგეიშვილის ერთადერთი გოლით დასრულდა, მეორე ნახევარში კი ჩარგეიშვილმა კიდე 2 გოლი გაიტანა და შეხვედრის ბედი გადაწყვიტა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც სწორედ ის დასახელდა.
„თსუ 2“ VS „შევარდენი 2012“ – 3:6.
პირველი ტაიმი 1:2 „ქუთათურთა“ გამარჯვებით დასრულდა, გოლების გატანა გიორგი ხიდეშელმა, გიგი სულიაურმა (1:1) და აკაკი ბარქაიამ მოახერხეს. 25-ე წუთზე დავით ბაბუციძემ სხვაობა 1-მდე შეამცირა, თუმცა „შევარდენმა“ კიდევ 4-ის გატანა მოახერხა. ს.ა. 3:6.
MVP - დავით ბაბუციძე
MVP - გიორგი ხიდეშელი
„დუშეთი“ VS „EU” - ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი, რომელიც ფრედ, 4:4 დასრულდა.
ანგარიში ლუკა ბიბლაიას გოლით გაიხსნა, რასაც ნიკა კუპრავიშვილის გამათანაბრებელი დარტყმული მოჰყვა მე-16 წუთზე. „EU”-მ კიდევ მოახერხა წინ გასვლა, მაგრამ ნიკა კუპრავიშვილმა კიდევ ერთხელ აღადგინა წონასწორობა - 2:2. ტაიმის დასრულებამდე 2 წამი იყო დარჩენილი როცა „უნივერსიტეტელთა“ გათამაშებულ კუთხურს, ნიკა ქარცივაძის გოლი მოჰყვა - 2:3.
მეორე ნახევარში გიგა ლაგაზაშვილმა დუბლი, კუპრავიშვილის მსგავსად გაიფორმა, ამჯერად ლაგაზაშვილმა გუნდი წაგებას 39-ე წუთზე იხსნა. ს.ა. 4:4 - დაძაბულ და სანახაობრივ შეხვედრაში გუნდებმა ქულები გაიყვეს.
MVP - გიგა ლაგაზაშვილი
MVP - ნიკა ქარცივაძე
„35-ე სკოლა“ VS “ილიაუნი“ – 9:6.
ტურის ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა, სადაც მაყურებელმა 15 გატანილი ბურთი იხილა. პირველი ნახევარი „35-ე სკოლა“-მ 5:3 მოიგო. ვიხილეთ ბექა სამყურაშვილის და ლაშა ჟღენტის დუბლი, ერთი კი გიორგი ცერცვაძემ გაიტანა. მეორე ტაიმში კიდევ 7 გოლი გავიდა, საიდანაც 4 გამარჯვებულმა გუნდმა, 3 კი „ილიაუნმა“ გაიტანა. მატჩში ვიხილეთ ჰეთრიქიც, რომელიც გიორგი ნოზაძეს ეკუთვნის.
MVP - ლაშა ჟღენტი, რომელმაც 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.
მე-10 ტური 30 იანვარს აიღებს სტარტს.

