ზამთრის პაუზას გრანდ ლიგაში "26" საკვალიფიკაციოში კი "G.B.A." და "ბეთსონი" ცხრილის სათავეში ხვდებიან!
ყველა სიახლე
28 დეკემბერს ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წწ. სეზონის წლის ბოლო სათამაშო დღე შედგა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გრანდ ლიგისა და საკვალიფიკაციო ლიგის მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა.
დღე გრანდ ლიგით გაიხსნა. „ოცდაექვსმა“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა და ვეტერანი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა გუნდმა ამჯერად „ლიბერთი ბანკი“ დაამარცხა. მეექვსე წუთზე „26“ წინ დემეტრე როხვაძემ გაიყვანა, მეორე ტაიმში კი არასრულ ნახევარ წუთში ვატო ფოცხვერიამ დუბლი შეასრულა.
მინიმალური უპირატესობით 2-1 მოიგო „არმიამ“ „არსენალთან“. შეხვედრის პირველი ნახევარი გოლის გარეშე დასრულდა. მე-16 და 22-ე წუთებზე დავით კოხრეიძემ მეტოქის კარის აღება შეძლო. სხვაობა ბოლო წუთზე ანრი სიდამონიძემ შეამცირა, მაგრამ დარჩენილი დრო ქულის ასაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა.
გრანდ ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა McGill-მა სამი ქულა აიღო „ბაქსვუდთან“. ვიხილეთ ლაშა ჯოხაძის ბენეფისი ოთხი გატანილი გოლით და საბოლოო ანგარიში 4-1.
დაძაბული იყო „ენერგო-პროსა“ და „ავერსის“ დაპირისპირება. გოლებით დახუნძლული გამოდგა პირველივე ტაიმი, სადაც გუნდებმა ექვსი გოლი გაიტანეს და შესვენებაზე ანგარიშით 4-2 გავედით „ფარმაცევტების“ სასარგებლოდ. თორნიკე ბახტაძემ 16-ე წუთზე აქტივში მესამე გოლიც მიითვალა და „ავერსმა“ მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა. თამაშის დასრულებამდე „ენერგეტიკოსებმა“ იბრძოლეს, ორი ბურთი კიდევ გაქვითეს, მაგრამ საბოლოოდ 4-5 დამარცხდნენ.
რაც შეეხება საკვალიფიკაციო ლიგას, „მშრალი პორტი“ და „AMTS” ფრეზე გაიყარნენ - 3-3. „AMTS”-ის მიჯრით გატანილ სამ გოლს „მშრალმა პორტმაც“ ანალოგიურად უპასუხა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
2-0 აჯობა „ევრსტონმა“ „მელოს დისპეჩს“. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, თორნიკე ჯანაშვილმა და თორნიკე ქართველიშვილმა გუნდს სამი ქულა მოუტანეს.
მორიგი გამარჯვება მოიპოვა და კვლავ ცხრილის სათავეში ინარჩუნებს ადგილს „ადვოკატთა ასოციაცია“. „GBA”-მ „ჯი არ სი“ 5-3 დაამარცხა. მეოთხე წუთზე მიღებული გოლის შემდეგ „ჯი არ სიმ“ შეხვედრაში დაწინაურება შეძლო (2-1), მაგრამ ზედიზედ გაშვებულ ოთხ გოლს მხოლოდ ერთით უპასუხა და ქულები დაკარგა.
დაძაბული საწყისი ტაიმის შემდეგ კომფორტული სხვაობით სძლია „ბეთსონმა“ „თიბისი უზბეკეთს“ და „GBA”-სთან ერთად ისიც 7 ქულით საკვალიფიკაციო ლიგას ლიდერობს. მე-17 წუთზე ანგარიში 1-1 იყო. საფინალო სირენამდე „ბეთსონმა“ კახა გუჯეჯიანის დუბლით და გიორგი ბარათაშვილის გოლით შეხვედრა მოიგო.
ბიზნესის ჩემპინთა ლიგის მე-18 სეზონი ზამთრის პაუზის შემდეგ თებერვალში განახლდება.

