ფუტსალის ახალგაზრდულ ლიგაში 2025 წლის ბოლო შეხვედრები გაიმართა!

ყველა სიახლე
29 დეკემბერი 2025

ფუტსალის ახალგაზრდულ ლიგაში 2025 წლის ბოლო შეხვედრები გაიმართა!

26 დეკემბერს გამართული ახალგაზრდული ლიგის მე-3 ტურის 4 მატჩს, თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა. მაყურებელმა დაძაბული და საკმაოდ საინტერესო თამაშები იხილა.

დღის პირველი შეხვედრა - „SL ACADEMY 2” VS „გრანდ ავლაბარი 2“.

გამართული მატჩი ფრედ, 6:6 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. ჩატარებული პირველი ნახევარი „ავლაბრელებისთვის“ უკეთესი გამოდგა, გუნდმა 2:4 აჯობა მეტოქეს და მეორე ტაიმისთვის კომფორტული უპირატესობა შეიქმნა. გოლების გატანა გიორგი ბაბაიანმა, გაგა სამარგულიანმა, გიორგი თოდრიამ და ნიკა ქარცივაძემ შეძლეს. „აკადემიელთა“ მხრიდან  დაჩი ცალუღელაშვილმა და დემეტრე სვანიძემ იჩინეს თავი.

შესვენებიდან დაბრუნებულმა „სასკოლოს ბიჭებმა“ ანგარიშის გათანაბრება 30-ე წუთისთვის შეძლეს - 4:4. დარჩენილ 10 წუთში გუნდებმა 2-2 გოლი გაცვალეს, რომლის ავტორებიც ორივე შემთხვევაში დაჩი ბუცხრიკიძე და ნიკა ქარცივაძე აღმოჩნდნენ.

როგორც დაჩი ბუცხრიკიძის ანგარიშზეა 3 გოლი, ამდენივეს გატანა შეძლო ნიკა ქარცივაძემაც.

სწორედ ეს ორი მოთამაშე დასახელდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელებად!

ს.ა. – 6:6.

„ბაქსვუდის სკოლა“ VS “UG სკოლა“

„ბაქსვუდმა“ მეტოქე დიდი ანგარიშით, 8:1 დაამარცხა და ცხრილში პირველი სამი ქულა ჩაიწერა.

პირველი ნახევარი 6:1 ანგარიშით დასრულდა, გატანილი 6-დან 3 კონსტანტინე სამუშიას ანგარიშზეა, თითო ბურთი კი ლუკა თანდილაშვილმა, ტატო აზრუმელაშვილმა და ნიკოლოზ ღვალაძემ გაიტანეს.

„იუჯიდან“ ერთადერთი გოლის ავტორი ალექსანდრე ბედოშვილია. მეორე პერიოდში კონსტანტინე სამუშიამ და ლუკა თანდაშვილმა კიდევ უფრო გააუმჯობესეს საკუთარი მონაგარი და წერტილი დაუსვეს შეხვედრას.

ს.ა. – 8:1.

MVP - კონსტანტინე სამუშია (ბაქსვუდი).

„ლოგოსი“ VS „ქვემო ქართლი“.

„ლოგოსელებმა“ „ქართლი“ დაამარცხეს და მეორე 3 ქულა აიღეს.

ეს მარცხი „ქვემო ქართლისთვის“ მიმდინარე წელს პირველი იყო, აქამდე მამა დემეტრე ქათამაძის შეგირდებს 2/2 მოგება ჰქონდათ დაგროვილი.

მატჩის პირველმა ტაიმმა თანაბარ ორთაბრძოლაში ჩაიარა, რაც ანგარიშზეც აისახა - 3:3. „ლოგოსიდან“ თავის წარმოჩენა ლევან ბედელიანმა (2 გოლი) და შოთა კუპრავამ მოახერხეს. „ქვემო ქართლიდან“ ლუკა გიორგბელიძემ შეასრულა დუბლი, ერთი კი დიტო გაბიძაშვილის ანგარიშზეა.

მეორე ნახევარში ლევან ბენდელიანმა და დიტო გაბიძაშვილმა გაიტანეს და 32-ე წუთისთვის ისევ თანაბარი ანგარიში ფიქსირდებოდა ტაბლოზე. დარჩენილი დრო „ლოგოსმა“ უკეთესად ჩაატარა და მეტოქეს 3 უპასუხო გოლი გაუტანა.

ს.ა. – 7:4.

MVP - ოთარ ქარჩავა ( 2 გოლს + 1 საგოლე გადაცემა).

სათამაშო დღე „მცხეთის პირველი საჯარო სკოლის“ და „კომაროვის“ დაპირისპირებით დაიხურა, სადაც გამარჯვება „მცხეთელებს დარჩათ - 4:3. „მცხეთელებისთვის“ ეს მოგება სეზონში მესამე გამოდგა, „კომაროველები“ კი ჯერჯერობით ქულის გარეშე არიან. დაჩი კაპანაძემ, დავით სუარიძემ და ალექსანდრე მარჩენკომ შეძლეს პირველ ტაიმში გოლების გატანა. „კომაროვიდან“ თავი დემეტრე კუხალაშვილმა და ნიკა ტარყიშვილმა იჩინეს.

შეხვედრის მეორე 20 წუთში გუნდებმა თითო ბურთი კიდევ გაიტანეს, თუმცა „კომაროვმა“ თამაშის გადარჩენა ვერ მოახერხა.

ს.ა. 4:3.

MVP - ალექსანდრე მარჩენკო (მცხეთა).

ფუტსალის ახალგაზრდული ლიგა 2026 წელს დაგვიბრუნდება!



  © SBM, 2016-2026