ბეთსონის ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში IV სათამაშო დღე გაიმართა!
ყველა სიახლე
21 დეკემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბეთსონის ბიზნესის ჩემპინთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა.
ერთმანეთს ბრინჯაოს, ვერცხლის, ოქროსა და სუპერლიგის გუნდები დაუპირისპირდნენ.
შეხვედრები დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა.
დღე “NS Studio“-სა და „ბაქსვუდის“ დაპირისპირებით გაიხსნა, სადაც „არქიტექტორებმა“ მიმდინარე სეზონში პირველი ქულების აღება შეძლეს და მეტოქე 2-1 დაამარცხეს. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, გიორგი თოთლაძის გოლს „ბაქსვუდის“ რიგებიდან გიორგი მესხმა უპასუხა. მე-20 წუთზე კი გამარჯვების გოლი გიორგი ივანიშვილმა გაიტანა.
ვერცხლის ლიგის სხვა დაპირისპირებაში „ფარვანამ“ „რუსთავის აზოტი“ მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა. ლავრენტი ბაბერციანმა „ნინოწმინდელებს“ სამი ქულა მოუტანა.
ოქროს ლიგაში „შსს“-მ „ავერსთან“ კარი მშრალად შეინახა და მეტოქეს 3-0 სძლია. თითო გოლია რევაზ ინჯგიას, გიორგი გუზიტაშვილის და გიორგი ყაზარაშვილის სახელზე.
4-1 აჯობა ამავე ლიგაში „ენერგო-პრომ“ „არმიას“. მას შემდეგ, რაც „ძალოვნებმა“ ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს (2-1) შეხვედრა მცირე ხნით დაიძაბა, თუმცა მესამე გოლის მიღებამ "არმიელთა" რიგებში მუხტი შეამცირა და 4-1 დამარცხდნენ. გამარჯვებული გუნდიდან დუბლი შეასრულა ნიკოლოზ ტურიაშვილმა.
ბრინჯაოს ლიგაში „ბაზისბანკი“ ახლოს იყო „თელასის“ ხანგრძლივი უდანაკარგო სერიის დასრულებასთან, მაგრამ „ენერგეტიკოსებმა“ სტატისტიკა არ გაიფუჭეს და მატჩი 3-2 მოიგეს. „ბანკირები“ შეხვედრაში წინ ორჯერ გავიდნენ. „თელასმა“ წონასწორობა ორივეჯერ აღადგინა, თამაშის დასრულებამდე ორი წუთით ადრე გამარჯვების გოლიც გაიტანა და ცხრილში უპირობო ლიდერი გახდა.
პირველივე წუთზე გასულმა გოლმა გადაწყვიტა „ბანკი ქართუსა“ და „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ შორის გამარჯვებულის ბედი. შოთა კობიაშვილის სწრაფი გოლით „ქართუმ“ მორიგი ქულები აიღო, „TTC“ კი კვლავ უშედეგოდ აგრძელებს ასპარეზობას.
სუპერლიგის სატურნირო ცხრილის ლიდერთან მოიპოვა გამარჯვება „ჯორჯიან მანგანეზმა“. დაძაბულ მატჩში GM-მა „კროკობეთს“ 3-2 მოუგო. ბესო ფერაძემ, გიორგი კუხიანიძემ და ბექა რაზმაძემ მიყოლებით შეძლეს მეტოქის კარის აღება. „კროკო“-ს რიგებიდან ნუგზარ გოგაშვილი მიღებულ ბურთებს მხოლოდ უკანასკნელ ორ წუთში გამოეპასუხა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა.
სათამაშო დღე „ნიკორასა“ და „საქართველოს ბანკის“ მატჩით დაიხურა. „BOG” წინ მეშვიდე წუთზე გავიდა. გიორგი ღონღაძემ ანგარიში ტაიმის დასრულებამდე გაათანაბრა. 22-ე წუთზე გიორგი ტიკურიშვილმა ათმეტრიანი დარტყმა ზუსტად შეასრულა და „ნიკორამ“ 2-1 იმარჯვა.
ბეთსონის ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის წლის ბოლო დაპირისპირებას თბილისის ოლიმპიური სასახლე 28 დეკემბერს უმასპინძლებს. ერთმანეთს გრანდ ლიგისა და საკვალიფიკაციო ლიგის გუნდები დაუპირისპირდებიან.




