ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის 2025/26 წლების სეზონი 12 დეკემბერს გაიხსნა!

ყველა სიახლე
17 დეკემბერი 2025

ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის 2025/26 წლების სეზონი 12 დეკემბერს გაიხსნა!

ფუტსალის ახალგაზრდულმა ლიგამ სტარტი 12 დეკემბერს აიღო და პირველი ტურის 4 შეხვედრა გაიმართა.

„ბაქსვუდის სკოლა“ VS „ლოგოსი“ - ტურის ყველაზე დაძაბული შეხვედრა, სადაც გუნდებმა ქულები გაიყვეს.

მატჩის საწყისი წუთები სრულიად „ლოგოსის“ მხარეს იყო. გუნდმა მიჯრით 3 გოლის გატანა და ტაიმის მოგება მოახერხა. შოთა კუპრავამ გაიტანა სეზონის პირველი გოლი, ხოლო შემდეგ იყო ლევან ბენდელიანის დუბლი.

მეორე ნახევარში ალიკ სარქისიანის შეგირდები პარკეტზე მეტად შემართულები დაბრუნდნენ, რის შედეგადაც გუნდმა 5 გოლის გატანა და შეხვედრის გადარჩენა შეძლო.

ლევან ბენდელიანმა გაიტანა 4 გოლი „ლოგოსის“ მხრიდან და მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა ლუკა თანდილაშვილთან ერთად.

გუნდებმა 5-5 გოლი გაიტანეს, მაყურებელს დაძაბული და სანახაობრივი შეხვედრა აჩუქეს და ცხრილში თითო-თითო ქულა ჩაიწერეს.

„SL ACADEMY” VS „ქვემო ქართლი“.

მორიგი უხვგოლიანი და დაძაბული მატჩი, რომელიც „ქვემო ქართლის“ გამარჯვებით დასრულდა.

პირველი ნახევარი 2:4 „ქართლის“ უპირატესობით დასრულდა. გატანილი 4 გოლიდან, სამის გატანა დიტო გაბიძაშვილმა მოახერხა, ერთი კი საბა ბურჯალიანმა.

მეტოქე გუნდიდან ორივეს გოლის ავტორი დემეტრე სვანიძე გახლავთ.

მეორე ნახევარში „სასკოლოს“ უპირატესობა მეტად გამოიხატა, გუნდმა ერთ ბურთამდე მოახერხა ანგარიშში სხვაობის შემცირება. თამაშის დასრულებამდე 10 წამით ადრე ტაბლოზე ანგარიში 5:6 იყო, როდესაც დემეტრე სვანიძეს 10 მეტრიანი დარტყმული აუღო ლუკა ნემსაძემ და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

ს.ა. 5:6.

MVP-დიტო გაბიძაშვილი (პოკერი)!

„გრანდ ავლაბარი 2“ VS „კომაროვი“.

ტურის მორიგ დაპირისპირებაში მარტივი 3 ქულის აღება შეძლეს „ავლაბრელებმა“, რომლებმაც მეტოქე 9:3 დაამარცხეს.

პირველი ტაიმი 4:2 დასრულდა, გოლების გატანა ილია ნუცუბიძემ, გიორგი ბაბაიანმა და ნიკა ქარცივაძემ (დუბლი) შეძლეს. მოწინააღმდეგე გუნდიდან კი თავი ამირან ქართველიშვილმა და გეგა ვაშაყმაძემ იჩინეს.

მეორე ტაიმში „ავლაბარმა“ კიდე უფრო გაზარდა საკუთარი უპირატესობა და მეტოქეს 5 გოლი გაუტანა.

პოკერის შესრულება მოახერხა ილია ნუცუბიძემ, გიორგი ბაბაიანმა და ნიკა ქარცივაძემ კი 2-2 გოლი გაიტანეს.

MVP-ილია ნუცუბიძე!

“I სკოლა მცხეთა” VS “UG სკოლა” .

ტურის დასკვნით შეხვედრაში „მცხეთის სკოლამ“ მოწინააღმდეგეს 9:3 სძლია და პირველი 3 ქულა მოიპოვა სადებიუტო სეზონში.

პირველი ნახევარი გაცილებით მებრძოლი ხასიათის გამოდგა, „ნომინალურმა“ მასპინძლებმა 4:2 იმარჯვეს. ვიხილეთ გიორგი ნონეშვილის დუბლი, დავით ვაჭარაძის და დაჩი კაპანაძის თითო გოლი. მოწინააღმდეგე გუნდიდან ერთი ნიკოლოზ ხურცილავამ გაიტანა, ერთიც კი გიორგი რომელაშვილის ავტოგოლი იყო.

მეორე ნახევარში „მცხეთელებმა“ კიდევ 5 გოლის გატანა შეძლეს და მატჩში ყველანაირი ინტრიგა „მოკლეს“.

გამორჩეული მატჩი ჰქონდა გუნდის კაპიტანს, დავით სუარიძეს, რომელმაც დუბლი შეასრულა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.

ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის მე-2 ტური 19 დეკემბერს დაიწყება.



  © SBM, 2016-2025