12 და 13 დეკემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 3-ის შეხვედრები გაიმართა
ყველა სიახლე
ლიგა 3-ის მე-7 ტური „გრანდ ავლაბარი“ vs „BSC”-ს დაპირისპირებით დაიწყო.
მატჩის და ტურის პირველი გოლი ლუკა ჩარგეიშვილმა გაიტანა. შემდეგ იყო გიორგი აირაპეტიანის, ავლაბრელთა კაპიტნის დუბლი, რომლითაც გუნდს ტაიმი მოაგებინა.
მეორე ნახევარში მრავალი შექმნილი მომენტისდა მიუხედავად ბოლო წუთამდე გოლი არ გასულა, თუმცა გვქონდა დიდი ინტრიგა...
შეხვედრის დასრულებამდე 30 წამით ადრე თემურ ლორია ათანაბრებს ანგარიშს და თითქოს ყველაფერი იქითკენ მიდიოდა რომ გუნდებს ქულები უნდა გაეყოთ, თუმცა 10 წამით ადრე აირაპეტიანის ჰეთრიქი და ავლაბარმა 3 ქულის მოპოვება შეძლო!
მატჩის საუკეთესო მოთამაშეებად გიორგი აირაპეტიანი და ნიკოლოზ თევზაძე (მეკარე) დასახელდნენ.
„SL ACADEMY” VS „ილიაუნი“.
შეხვედრა სადაც „აკადემიის ბიჭებმა“ „ილიაუნის“ დამარცხება და ცხრილში პირველი 3 ქულის აღება მოახერხეს.
მატჩში 15 გატანილი გოლი ვნახეთ, საიდანაც 9 „სასკოლოს“ ეკუთვნის, 6 კი „ილიაუნს“.
კომფორტული უპირატესობა შეიქმნეს ამირან ცხომარიას შეგირდებმა მეორე ტაიმის წინ და შესვენებაზე 7:2 ანგარიშით გავიდნენ.
ვნახეთ დემეტრე სვანიძის პოკერი, დაჩი კაპანაძის დუბლი და ლევან ჭიჭინაძის ავტოგოლი. მოწინააღმდეგე გუნდიდან კი სანდრო ბითაძის და გიორგი ნოზაძის თითო გოლი.
მეორე ტაიმი „უნივერსიტეტის გუნდისთვის“ გამოდგა უკეთესი, გუნდმა 4 გოლი გაიტანა, თუმცა შეხვედრის გადარჩენა ვერ შეძლეს.
ს.ა. 9:6!
ტური უნივერსიტეტული დაპირისპირებით განვაგრძეთ - „თსუ 2“ VS „EU”.
საკმაოდ დაძაბული შეხვედრა მივიღეთ, სადაც ლიდერი რამდენჯერმე შეიცვალა.
ანგარიში გიორგი შათირიშვილმა საჯარიმო დარტყმიდან გახსნა, აჰმედ ჯამალმა კი 2 წუთში უპასუხა და წონასწორობა აღადგინა.
პირველ ნახევარში მეორე გოლის გატანა „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოახერხა, გიორგი თარხნიშვილის გოლით ტაიმი მოიგეს.
მეორე ტაიმის სტარტზე მეტად გააქტიურებული „თესეუელები“ ვიხილეთ. დავით ბაბუციძის და გიორგი შათირიშვილის მეორე გოლით 26-ე წუთზე „თსუ“ იგებდა მატჩს.
თამაშის ლიდერი კიდევ ერთხელ შეიცვალა, ამჯერად საბოლოოდ. ლუკა ბიბლაიას და კონსტანტინე ლორთქიფანიძის თითო გატანილი ბურთით „EU”-მ თამაში მოიგო.
MVP-ცოტნე ჩილაჩავა!
„დუშეთი“ VS „35-ე სკოლა“.
უხვგოლიანი და დაძაბული დაპირისპირება, სადაც 3 ქულა „დუშელებს“ დარჩათ.
მატჩის სტარტზე „დუშეთმა“ 3 ბურთიანი ჰანდიკაპი მოიპოვა, „35-ე სკოლიდან“ კი გიორგი უთარიშვილის წითელი ბარათი ვნახეთ.
პირველი ნახევარი 4:2 დასრულდა.
მეორე ტაიმში 7 გატანილი ბურთი ვნახეთ, საიდანაც 4 „სკოლის ბიჭებმა“ გაიტანეს, თუმცა ეს საკმარისი ვერ აღმოჩნდა და შეხვედრა მაინც დათმეს.
„დუშეთის“ მხრიდან საუკეთესო ჰეთ-თრიქის ავტორი გიორგი ლაგაზაშვილი იყო, ხოლო მეტოქე გუნდიდან აკაკი ქიმერიძე, რომელმაც დუბლი შეასრულა.
ცხრილის ერთპიროვნული ლიდერი კვლავ „დუშეთია“!
ფუტსალის ლიგა 3-ის მე-8 ტურის შეხვედრები 19 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაიწყება.

