„რუსთავის“ და „UG2”-ის 3 ქულა ცხრილში, “ბსსა“-მ და „თსუ“-მ ქულები გაიყვეს
ყველა სიახლე
ფუტსალის ლიგა 2-ის მე-8 ტურმა სტარტი რუსთავის სპორტის სასახლეში აიღო და თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დასრულდა.
ადგილობრივი „რუსთავი“ „FLC 03-2”-ს დაუპირისპირდა და შეხვედრა მარტივად, 0:6 მოიგეს.
მატჩი სწრაფი გოლით დავიწყეთ, მე-3 წუთზე ალექსნადრე ტურიაშვილმა გაიყვანა წინ საკუთარი გუნდი, თუმცა პირველ ნახევარში მიუხედავად შექმნილი მრავალი მომენტისა, მაყურებელს გოლი აღარ უნახავს.
მეორე ნახევარში „რუსთაველებმა“ კიდევ უფრო მეტად შეუტიეს და ამ ყოველივემ მატჩის 30-ე წუთზე გამოიღო შედეგი. შეხვედრის გადამწყვეტი ფაზაც სწორედ ეს მონაკვეთი აღმოჩნდა, გუნდმა მიჯრით 5 გოლის გატანა შეძლო და საკუთარ კედლებში 3 ქულის აღებაც მოახერხა.
„ბსსა“ VS „თსუ“ - ტურის ცენტრალური მატჩი.
ანგარიში „ბათუმელებმა“ გიორგი ლორიას გოლით გახსნეს, რასაც მალევე სპარტაკ ლომიძის გოლი მოჰყვა და ანგარიში 2:0 გახდა.
„თესეულები“ გაშვებული გოლების შემდეგ მეტად გააქტიურდნენ და ანგარიშში წონასწორობა ლაშა ხარაიშვილის და ვახტანგ დადიანის გოლებით აღადგინეს, თუმცა ტაიმი მაინც წააგეს.
22-ე წუთზე „საზღვაო აკადემიის“ უპირატესობა კვლავ ორბურთიანი იყო, მაგრამ „უნივერისტეტელების“ აქტიურმა შეტევებმა შედეგი გამოიღო და შეხვედრის გადარჩენა მაინც მოახერხეს.
ს.ა. 4:4.
მატჩის საუკეთესო მოთამაშეებად სპარტაკ ლომიძე (დუბლი) და ლაშა ხარაიშვილი (დუბლი) დასახელდნენ!
ტურის დასკვნით შეხვედრაში ერთმანეთს „UG2” და „ქუთაისი“ დაუპირისპირდნენ.
მატჩში 9 გატანილი გოლი ვნახეთ, საიდანაც 3 „ქუთათურებმა“ გაიტანეს.
პირველი ნახევარი საბა დავითულიანის და გიორგი ქავთარაძის გოლებით 1:2 მოიგო „UG 2”-მა. „ქუთაისი“-დან გოლი გიორგი ხუნდაძემ გაიტანა.
მეორე ტაიმში ანგარიში 2-ჯერ გათანაბრდა, თუმცა „უნივერსიტეტის“ ბიჭებმა ბოლო მონაკშვეთში მაინც მოახერხეს უპირატესობის ხელთ გდება და 3-ის გატანა შეძლეს.
თამაშში ვნახეთ, გიორგი ხუნდაძის დუბლი, საბა დავითულიანის დუბლი და გიორგი ქავთარაძის ჰეთ-თრიქი.
MVP-გიორგი ქავთარაძე!
მე-9 ტურის შეხვედრები სტარტს 19 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში აიღებს.

