ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის შეხვედრები შერეული ფორმატით პირველად გაიმართა!
ყველა სიახლე
7 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის შეხვედრები ახალი ფორმატით გაიმართა. ერთმანეთს ბრინჯაოს, ვერცხლის, ოქროსა და სუპერლიგის გუნდები შერეულად დაუპირისპირდნენ.
ბრინჯაოს ლიგაში მოასპარეზე „ქართუ ბანკმა“ ვერცხლის ლიგის გუნდი „NS Studio” 5-4 დაამარცხა. მესამე წუთზე „ბანკირები“ ორი ბურთით იგებდნენ. პირველი ტაიმის დარჩენილ დროში ანგარიში 5-2 გახდა. შეხვედრის მეორე ნახევარში „NS Studio”-მ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ ქულის აღება ვერ შეძლო.
დაძაბული და სანახაობრივი იყო „ჯორჯიან მანგანეზისა“ და „არმიას“ დაპირისპირება. „ძალოვნებმა“ მე-5 და 22-ე წუთებზე გატანილი გოლებით „GM“-ის 12 მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულეს. მიღებული გოლების შემდეგ „GM“-ს ჯერ ათმეტრიანი, შემდეგ კი შვიდმეტრიანი საჯარიო დარტყმებით შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ ერთი ლევან სხულუხიამ მოიგერია, მეორე კი კარის ჩარჩოს აცდა და "GM"-ის სერია შეწყდა.
„კროკობეთმა“ „ენერგო-პრო“-ს აჯობა მინიმალური ანგარიშით 1-0. გიორგი კუხალაშვილმა მე-10 წუთზე შეძლო გუნდის დაწინაურება, რის შემდეგაც „კროკომ“ მეკარის დამსახურებით კარიც მშრალად შეინახა და სამი ქულაც მოიპოვა .
„საქართველოს ბანკი“ და „ავერსი“ დრამატულ მატჩში ფრეზე გაიყარნენ. „ფარმაცევტებმა“ ფაქტობრივად წაგებული თამაში გადაარჩინეს და ბოლო წამებზე ანზორ ნადირაძის გოლით გაათანაბრეს ანგარიში - 1:1.
მარტივი გამარჯვება მოიპოვა „თელასმა“ „ფარვანასთან“. „ენერგეტიკოსებმა“ მეტოქე 7-0 დაამარცხეს. შეხვედრაში დუბლი გიორგი აკოლაშვილმა და ლევან დათებაშვილმა გაიფორმეს.
„ბაქსვუდმა“ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ ლუკა ქარაიას დუბლით 2-0 მოუგო. „ბაზისბანკმა“ კი „რუსთავის აზოტს“ 3-0 სძლია.
გარდამავალი იყო „ნიკორასა“ და „შსს“-ს დაპირისპირება. პირველ ტაიმში გუნდებმა ავტოგოლები გაცვლეს. ვიხილეთ „ნიკორას“ გაცუდებული შვიდმეტრიანიც. მეორე ტაიმში წინ „ნიკორა“ გავიდა, მაგრამ არასრულ ერთ წუთში მეტოქემ წონასწორობა აღადგინა. თამაშის დასრულებამდე „შსს“-მ კიდევ ორი გოლის გატანა შეძლო და 4-2 იმარჯვა.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი შეხვედრები 14 დეკემბერს გაიმართება.

