საკვალიფიკაციო ლიგასა და გრანდ ლიგაში I ტურის შეხვედრები გაიმართა!

ყველა სიახლე
02 დეკემბერი 2025

საკვალიფიკაციო ლიგასა და გრანდ ლიგაში I ტურის შეხვედრები გაიმართა!

30 ნოემბერს სპორტ კომპლექს არენა 2-ში SBM League-ს საკვალიფიკაციო ლიგისა და გრანდ ლიგის პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა.

დღე სანახაობრივი და საბრძოლო შეხვედრებით გამოირჩა. საკვალიფიკაციო ლიგა „ევერსტონისა“ და „TBC უზბეკეთის“ დაპირისპირებით გაიხსნა. თორნიკე ბახტაძის გოლს „ბანკირების“ მხრიდან დავით უგრეხელიძემ პირველივე ტაიმში უპასუხა, მას შემდეგ კი ანგარიში, 1-1, აღარ შეცვლილა და გუნდები ფრეზე გაიყარნენ.

„ბეთსონმა“ გოგა მამარდაშვილი დუბლით 2-0 დაამარცხა „მშრალი პორტი“. „მელოს დისპეჩისა“ და „GBA”-ს მატჩი კი დაძაბული გამოდგა. ერთწუთიან ინტერვალში „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“ წინ ორი ბურთით გავიდა. მეორე ტაიმში მეტოქემ ასევე ერთწუთიან ინტერვალში გატანილი გოლებით წონასწორობა აღადგინა. ბოლო წუთზე უჩა ბახტაძემ გამარჯვების გოლი გაიტანა და „GBA“-მ სამი ქულა მიითვალა -3:2.

საკვალიფიკაციო ლიგის პირველი ტურის დასკვნით მატჩში „ჯი არ სი“-მ 3-1 იმარჯვა „AMTS“-თან. გიგა ლომიძის გოლს ლევან კაკაბაძემ უპასუხა და ანგარიში 1-1 გახადა, მაგრამ 22-ე წუთზე „ჯი არ სი“ ავტოგოლით დაწინაურდა, რასაც მალევე ილია გორდაძის გოლიც მოჰყვა.

რაც შეეხება გრანდ ლიგას, სასტარტო შეხვედრაში „ბაქსვუდმა“ და „არსენალმა“ ქულები გაიყვეს. ვახტანგ ანთიძემ „ბაქსვუდი“ მეორე წუთზე დააწინაურა. მეტოქის შეტევები მეორე ტაიმში უფრო ინტენსიური გახდა, რამაც შედეგი გამოიღო და გიორგი ჭანტურიამ გამათანაბრებელი გოლიც გაიტანა. საბოლოო ანგარიში - 1:1.

გრანდ ლიგაში პირველად მოასპარეზე „ენერგო-პრომ“ სამგზის ჩემპიონ „არმიასთან“ გამართულ სადებიუტო მატჩში მეტოქე 2-1 დაამარცხა. ნადიმ კახაძემ „ძალოვნები“ პირველი ტაიმის მიწურულს დააწინაურა. უკანასკნელ ხუთ წუთამდე გოლის გატანა ვერც ერთმა გუნდმა შეძლო. თამაშის დასრულებამდე ამირან ცხომარიამ დუბლი შეასრულა, რითიც „ენერგეტიკოსებმა“ სამი ქულა მოიპოვეს.

დრამატული იყო „ლიბერთი ბანკისა“ და „McGill“-ის შეხვედრაც. პირველ ტაიმში „იურისტებს“ ანგარიშის გათანაბრება ორჯერ მოუწიათ, მაგრამ შესვენებაზე გასვლამდე „ბანკირები“ ავტოგოლით მაინც დაწინაურდნენ - 3:2. კახა გოგოხიამ ბოლო წუთებზე სხვაობის გაზრდა ორამდე შეძლო. დარჩენილ დროში ლაშა ჯოხაძემ აქტივში მესამე გოლიც მიითვალა, მაგრამ „McGill”-მა მატჩი საბოლოოდ საბრძოლო ანგარიშით, 4-3 დათმო.

სანახაობრივი და უხვგოლიანი იყო დღის ბოლო დაპირისპირება. დებიუტანტმა „ოცდაექვსმა“, რომელიც საქართველოს ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, გრანდ ლიგაში გამოცდილი „ავერსი“ 6-4 დაამარცხა. „ფარმაცევტები“ მთელი თამაში მდევრის როლში იყვნენ და ორჯერ შეძლეს სხვაობის მინიმუმამდე შემცირება, მაგრამ საბოლოოდ სეზონის პირველ მატჩში ქულების აღება ვერ მოახერხეს. გამარჯვებული გუნდიდან სამი გოლი ვატო ფოცხვერიას ანგარიშზეა.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე 7 დეკემბერს გაიმართება. ერთმანეთს ბრინჯაოს, ვერცხლის, ოქროსა და სუპერლიგის გუნდები შერეული ფორმატით დაუპირისპირდებიან. 



  © SBM, 2016-2025