ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მე-18 სეზონი დაიწყო!

ყველა სიახლე
25 ნოემბერი 2025

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მე-18 სეზონი დაიწყო!

23 ნოემბერს სპორტ კომპლექს არენა 2-ში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წწ. სეზონის პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა.

რიგით მე-18 სეზონის სტარტი სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა. ერთმანეთს ბრინჯაოს, ვერცხლის, ოქროსა და სუპერლიგის გუნდები დაუპირისპირდნენ.

გახსნით მატჩში „რუსთავის აზოტმა“ „NS Studio“ 3-1 დაამარცხა. თამაშის მიმდინარეობამ აჩვენა, რომ „რუსთავის აზოტი“ ახალ სეზონს საკმაოდ კარგ ფორმაში შეხვდა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ გიორგი ახვლედიანის დუბლს უშანგი ხომასურიძის გოლი მოჰყვა. „NS Studio“-ს რიგებიდან პრესტიჟის გოლი ლაშა თოთაძის სახელზეა.

ვერცხლის ლიგის სხვა შეხვედრაში „ბაქსვუდმა“ „ფარვანასთან“ 5-2 იმარჯვა. ანგარიშის მიუხედავად მატჩი დაძაბული იყო, განსაკუთრებით პირველი ტაიმი, სადაც გუნდები ფრეზე გაიყარნენ. მე-18 წუთზე „ნინოწმინდელებმა“ კიდევ ერთხელ აღადგინეს ანგარიში, მაგრამ დარჩენილი დრო „ბაქსვუდის“ უპირატესობით წარიმართა.

ბრინჯაოს ლიგა „ბანკირების“ დერბით დაიწყო. „ბაზისბანკმა“ „ქართუ ბანკთან“ კარი მშრალად შეინახა და კომფორტული სხვაობით 4-0 მოიგო. ვიხილეთ ლევან ჩიხრაძის დუბლი.

ამავე ლიგაში გამარჯვება იზეიმა „თელასმაც“. „ენერგეტიკოსებმა“ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ 2-1 მოუგეს. საწყის ექვს წუთში „თელასი“ წინ ლუკა გოგუაძის დუბლით გავიდა. მეორე ტაიმის სტარტზე სხვაობა ნოდარ ქუქჩიშვილმა შეამცირა, მაგრამ საბოლოო შედეგი არ შეცვლილა.

ოქროს ლიგაში სამი ქულა მიითვალა „ენერგო-პრომ“ „ავერსთან“. მეორე წუთზე „ფარმაცევტები“ წინ გავიდნენ, მაგრამ მეტოქემ მალევე აღადგინა წონასწორობა და საბოლოო ანგარიში 4-1 დაფიქსირდა.

პირველივე ტურში გაიმართა კლასიკური დაპირისპირება „შსს“-სა და „არმიას“ შორის. როგორც მოსალოდნელი იყო „ძალოვნების დერბი“ სანახაობრივი იყო და მაღალ ტემპში მიმდინარეობდა. „შსს“ წინ შეხვედრის მეორე წუთზევე გავიდა. მეორე ნახევარში წონასწორობა ნადიმ კახაძემ აღადგინა. გამარჯვების გოლი გიორგი ყაზარაშვილის სახელზეა - 2-1.

სუპერლიგა „კროკობეთისა“ და „საქართველოს ბანკის“ მატჩით დაიწყო. „ბუკმეიკერებმა“ ლევან მაჭავარიანის და ლაშა სიგუნავას გოლებით პირველი სამი ქულა მიითვალეს - 2-0.

სუპერლიგის მეორე მატჩში კი „ჯორჯიან მანგანეზისა“ და „ნიკორას“ დრამატული დაპირისპირება ვიხილეთ. „ნიკორამ“ ორბურთიანი ჩამორჩენით წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ, გასული სეზონის აბსოლუტურ ჩემპიონთან თამაში შემოატრიალა, ანგარიში 2-2 გახადა და ქულა აიღო.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე 30 ნოემბერს სპორტ კომპლექს არენა 2-ში 30 ნოემბერს გაიმართება.



  © SBM, 2016-2025