ფუტსალის 2025/26 წ.წ. სეზონის დაწყებამდე გუნდებთან სამუშაო შეხვედრა და წილისყრა გაიმართა!
ყველა სიახლე
10 ოქტომბერს, სასტუმრო Holiday Inn Tbilisi-ში საქართველოს ფუტსალის ლიგა 2-ის, ლიგა 3-ის და ახალგაზრდული ლიგის 2025/26 წ.წ. სეზონის დაწყებამდე მონაწილე გუნდებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებას გუნდების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც რეგულარული სეზონის ფორმატსა და პლეიოფის სისტემას გაეცნენ. შეხვედრის ფარგლებში ასევე შედგა ახალი სეზონის ვირტუალური წილისყრაც.
მოდი ჩვენც გავეცნოთ იმ გუნდების სახელებს, რომლებიც წლევანდელ სეზონში მიიღებენ მონაწილეობას ზემოთ ნახსენებ ჩემპიონატებში.
მაშ ასე, ფუტსალის ლიგა 2-ში, 6 გუნდი გვეყოლება წარმოდგენილი. პირველ ტურს თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს 19 ოქტომბერს. წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად გადანაწილდნენ: 1. „ბსსა“, (ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია) 2. „UG2”, (საქართველოს უნივერსიტეტი) 3. „თსუ“, (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) 4. „რუსთავი“, 5. „FLC03”-2, 6. „ქუთაისი“.
რეგულარულ სეზონში ვიხილავთ 4 წრეს, ცხრილში პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები ავტომატურად ½ ფინალში გადაინაცვლებენ, ხოლო დანარჩენი 4 გუნდი „არასრულ“ ¼ ფინალს გაითამაშებს.
ნახევარფინალურ ეტაპაზე, რეგულარული სეზონის ჩემპიონი, პლეიოფურ ზონაში მე-3 და მე-6 ადგილზე გასულ გუნდებს შორის გამარჯვებულს დაელოდება, ხოლო ვიცე-ჩემპიონი კი მე-4 და მე-5 ადგილზე გასულ გუნდებს შორისს უკეთესს შეხვდება.
რაც შეეხება ფუტსალის ლიგა 3-ს, ახალი სეზონი 26 ოქტომბერს დაიწყება და მსგავსად ლიგა 2-ისა, პირველი ტურის მატჩები კვლავინდებურად თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.
ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს 9 გუნდი.
1. „ილიაუნი“
2. „EU” (ევროპის უნივერსიტეტი)
3. „BSC” (ბათუმის სპორტული ცენტრი)
4. „შევარდენი 2012“
5. „გრანდ ავლაბარი“
6. „თსუ 2“
7. „ს.ლ. აკადემია“
8. „დუშეთი“
9. „35-ე სკოლა“
რეგულარულ სეზონში 2 წრე გაიმართება, მე-9 პოზიციაზე გასული გუნდი ვერ მოიპოვებს პლეიოფურ „საგზურს“, ხოლო დანარჩენი 8 გუნდი ¼ ფინალში განაგრძობს ასპარეზობას.
ფუტსალის ახალგაზრდულ ლიგა - ერთმანეთის წინააღმდეგ 8 გუნდი წარსდგება, პირველი ტურის შეხვედრების ჩატარება კი 7 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეშია დაგეგმილი.
წილისყრის შედეგად გუნდები ცხრილში შემდეგნაირად გადანაწილდნენ: 1. „გრანდ ავლაბარი 2“, 2. „მცხეთა“, 3. „სლ აკადემია 2“, 4. „ბაქსვუდი“, 5. „ლოგოსი“, 6. „ქვემო ქართლი“, 7. *გუნდი, რომელიც ჩემპიონატს სულ მალე დაემატება* 8. „კომაროვი“
ახალგაზრდული ლიგის პლეიოფში რვავე გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
წარმატებებს გისურვებთ 2025/26 წლების სეზონში!
ფუტსალის გულშემატკივრებს წინ საინტერესო და დაძაბული შეხვედრები გელოდებათ.