GM ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის აბსოლუტური ჩემპიონია!

ყველა სიახლე
07 ივლისი 2025

GM ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის აბსოლუტური ჩემპიონია!

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის აბსოლუტური ჩემპიონის სადებიუტო გათამაშების ფინალური დაპირისპირება 6 ივლისს თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა.

დასკვნით მატჩში ერთმანეთს სუპერლიგის ჩემპიონი „შსს“ და ოქროს ლიგის ტრიუმფატორი „ჯორჯიან მანგანეზი“ დაუპირისპირდნენ.

როგორც მოსალოდნელი იყო, ფინალი დაძაბული და დრამატული გამოდგა. პირველმა ნახევარმა საბრძოლო მომენტებით და სახიფათო შეტევებით დაგვამახსოვრა თავი, თუმცა ანგარიშის გახსნა ვერც ერთმა გუნდმა შეძლო. 25-ე წუთზე „GM“-ის მცდელობებმა შედეგი გამოიღო - ბესო ფერაძემ გუნდი დააწინაურა. „ძალოვნები“ გოლის მიღების შემდეგ კიდევ უფრო გააქტიურდნენ. რამდენიმე რეალური მომენტი ოქროს ლიგის ჩემპიონებსაც შეექმნათ, მაგრამ შოთა ღურბელეიშვილმა თავისი გუნდი იხსნა.

საპასუხო გოლის გატანა გიორგი ფურცელაძემ რევაზ ინჯგიას შედეგიანი გადაცემით ერთ წუთში მოახერხა. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა.

არც პენალტების სერიას ჩაუვლია მარტივად, გუნდები თანაბრად მიდიოდნენ და რამდენიმე დამატებითი დარტყმაც გაახდა საჭირო. საბოლოოდ, ოთარ მაჭავარიანმა მეორე პენალტის მოგერიებაც შეძლო, დავით ქორიძემ კი გადამწყვეტი დარტყმა გამოიყენა და GM-მა „შსს“ პენალტებში 6-5 დაამარცხა.

შედეგად, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის აბსოლუტური ჩემპიონის თასის სადებიუტო გათამაშების გამარჯვებული „ჯორჯიან მანგანეზი“ გახდა.

ფინალის საუკეთესო მოთამაშეებად ოთარ მაჭავარიანი (ჯორჯიან მანგანეზი) და რევაზ ინჯგია (შსს) დასახელდნენ. გათამაშების ბომბარდირი 5 გოლით გიორგი ყაზარაშვილი (შსს) გახდა.

მე-17 სეზონის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო კი ოთარ ბერეჩიკიძეს (GM) გადაეცა.

ამით ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის სანახაობრივი და გამორჩეული 2024/25 წწ. სეზონი დასრულდა. გუნდებსა და გულშემატკივარს მომავალ სეზონამდე ვემშვიდობებით.



  © SBM, 2016-2025