ახალგაზრდული ლიგის ჩემპიონი უცვლელია - "ს.ლ. აკადემია 2"-მა ტიტული შეინარჩუნა!

ყველა სიახლე
23 ივნისი 2025

ახალგაზრდული ლიგის ჩემპიონი უცვლელია -

ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის ჩემპიონი უცვლელია - „სასკოლო ლიგის აკადემიამ“ „დუშეთი“ მესამე ფინალურ მატჩშიც დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა.

შეხვედრა „დუშელების“ უპირატესობით დაიწყო. გიორგი არაბულმა საწყის სამ წუთში დუბლის შესრულება და ერთი საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო. გუნდს სამბურთიანი გაქცევა ჰქონდა, მაგრამ „ს.ლ. აკადემია 2“-მა თამაშში დაბრუნება პირველივე ტაიმში მოახერხა და შესვენებაზე დაძაბული ანგარიშით 4-3 გავედით.

მეორე ნახევარი აბსოლუტურად განსხვავებული სცენარით წარიმართა. „დუშეთმა“ ყველანაირი კონტროლი დაკარგა და მეტოქემ ზედიზედ ექვსი გოლი გაუტანა. დაჩი ცალუღელაშვილმა და ნიკოლოზ თანდაშვილმა დუბლის გაფორმება შეძლეს.

შედეგად, „ს.ლ. აკადემია 2“-მა პირველი მატჩის მსგავსად, სამბურთიანი ჩამორჩენის მიუხედავად მოახერხა ანგარიშის შემოტრიალება, 8-4 იმარჯვა და ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.

ფინალური დაპირისპირების შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც სეზონის საუკეთესო მოთამაშეები გამოვლინდნენ:

საუკეთესო მეკარე - ანდრია დოხნაძე (ს.ლ. აკადემია 2)

საუკეთესო მცველი - გიორგი გარიშვილი (დუშეთი)

საუკეთესო უნივერსალი - ცოტნე ქავთარაძე (დუშეთი)

საუკეთესო ასისტენტი (19) - დემეტრე სვანიძე (ს.ლ. აკადემია 2)

საუკეთესო თავდამსხმელი - ლუკა ღვინიანიძე (ს.ლ. აკადემია 2)

საუკეთესო ბომბარდირი (44) - ლევან ბენდელიანი (ლოგოსი)

ახალგაზრდული ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშე დაჩი ცალუღელაშვილი (ს.ლ. აკადემია 2) გახდა, რომელიც საქართველოს ფუტსალის ნაკრების წევრმა, 2024 და 2023 წლების საქართველოს საუკეთესო ფუტსალის მოთამაშემ, გიორგი ღავთაძემ, დააჯილდოვა.

ახალგაზრდული ლიგის მეორე სეზონი კვლავ „ს.ლ. აკადემიას“ გამარჯვებით დასრულდა, „დუშეთი“ ვერცხლის პრიზიორი გახდა, მესამე ადგილი კი „ლოგოსმა“ დაიკავა.

შევხვდებით მომავალ სეზონში!



  © SBM, 2016-2025