გრანდ ლიგას ახალი ჩემპიონი ჰყავს - "McGill"-მა ტიტული სამგზის გამარჯვებულთან მოიპოვა!
ყველა სიახლე
გრანდ ლიგის 2024/25 წწ. სეზონი „McGill“-ის ტრიუმფით დასრულდა. „იურისტებმა“ ერთპიროვნული, სამგზის ჩემპიონი, „არმია“ ფინალში 3-0 დაამარცხეს და ოქროს მედლებს დაეუფლნენ.
დასკვნითი შეხვედრის პირველი ნახევარი გოლის გარეშე დასრულდა. პარკეტზე გუნდებს თანაბარი შანსები ექმნებოდათ, თუმცა მეკარეები მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ. ოცდამესამე წუთზე ლაშა ჯოხაძემ თავისი შანსი გამოიყენა და ანგარიში გახსნა. სხვაობა ორამდე არჩილ კელიხაშვილმა გაზარდა. საბოლოო შედეგი კი მალევე კახაბერ გოგოხიამ დააფიქსირა. მატჩის ბოლო წუთზე „არმიას“ შეეძლო ათმეტრიანი დარტყმით პრესტიჟის გოლი გაეტანა, მაგრამ მამუკა მჭედლიშვილმა ამჯერადაც იხსნა თავისი გუნდი და კარის მშრალად შენახვა შეძლო.
გრანდ ლიგის ბრინჯაოს პრიზიორი „ქართუ“ გახდა. „ბანკირებმა“ „SIS” დაძაბულ ბრძოლაში 3-2 დაამარცხეს. პირველი ტაიმი მესამე ადგილისთვის გამართულ ბრძოლაშიც გოლის გარეშე მიილია. იაკობ გოგოლაძემ „ქართუ“ 26-ე წუთზე წინ გაიყვანა. მალევე გიორგი ჭანტურიამ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ გოგოლაძემ ჯერ დუბლი ჩაიწერა, 29-ე წუთზე კი უჩა მამულაშვილს გაატანინა. ბოლო წუთზე SIS-მა თეიმურაზ ჯაფარიძის გოლით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ დარჩენილ დროში თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხა.
დასკვნითი შეხვედრების შემდეგ თბილისი არენაზე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც გრანდ ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშეები გამოვლინდნენ:
საუკეთესო მეკარე - მამუკა მჭედლიშვილი McGill
საუკეთესო მცველი - ნიკოლოზ უგრეხელიძე „არმია“
საუკეთესო უნივერსალი - ნადიმ კახაძე „არმია“
საუკეთესო ასისტენტი - გიორგი მშვიდობაძე „McGill” (10)
საუკეთესო თავდამსხმელი - მამუკა ამაშუკელი „არმია“
საუკეთესო ბომბარდირი - კახა გოგოხია „McGill” (18)
საუკეთესო მოთამაშე - მიხეილ თოფურია „McGill”
ამრიგად, სამი სეზონის შემდეგ გრანდ ლიგას ახალი ჩემპიონი ჰყავს - ტიტული „McGill“-მა გადაიბარა.