"ავერსმა" "NS Studio" ვერცხლის ლიგის ფინალში ზედიზედ მეორედ დაამარცხა და თასი შეინარჩუნა!
ყველა სიახლე
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2024/25 წწ. სეზონის ვერცხლის ლიგის ფინალში გასული წლის მსგავსად „ავერსი“ და “NS Studio” ასპარეზობდნენ. „ფარმაცევტებმა“ ამჯერადაც მოახერხეს გამარჯვების მოპოვება და ჩემპიონის სტატუსი შეინარჩუნეს.
25 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული დასკვნითი დაპირისპირება სრულად „ავერსის“ დომინაციით წარიმართა. საწყისი ათი წუთი შედარებით ფრთხილი გამოდგა, მაგრამ შემდეგ თორნიკე ბახტაძემ ულამაზესი მაკრატელა გაიტანა და ანგარიში გახსნა. მალევე ავტოგოლის წყალობით ტაბლოზე 2-0 დაფიქსირდა. ტაიმის მიწურულს კიდევ ერთი ავტოგოლი ვიხილეთ, ამჯერა NS Studio-ს სასარგებლოდ და შესვენებაზე ანგარიშით 2-1 გავედით.
თორნიკე ბახტაძემ მეორე ნახევარში აქტივში კიდევ ორი გოლი მიითვალა. ერთი გოლია პაატა ლეჟავას სახელზეც. „არქიტექტორების“ რიგებიდან გიორგი თოთლაძემ და გიორგი გვენეტაძემ სხვაობა შეამცირეს, მაგრამ საბოლოოდ ფინალი 6-3 დათმეს.
ამავე დღეს გაიმართა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაც. „ფარვანამ“ „რუსთავის აზოტი“ 3-2 დაამარცხა და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა. „ნინოწმინდელების“ რიგებიდან პირველივე ტაიმში სამი გოლი რაფიკ მარგარიანმა გაიტანა. შეხვედრის ბოლო წუთებზე ბადრი დანელიამ და უშანგი ხომასურიძემ ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს, მაგრამ „რუსთავის აზოტმა“ თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხა და ვერცხლის ლიგაში სეზონი მედლების გარეშე დაასრულა.
ფინალური შეხვედრების შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც სეზონის საუკეთესო მოთამაშეები გამოვლინდნენ:
საუკეთესო მეკარე - რატი ქართველიშვილი „ავერსი“
საუკეთესო მცველი - ერეკლე ლომიძე „ავერსი“
საუკეთესო უნივერსალი - ირაკლი კლიმიაშვილი „NS Studio”
სეზონის საუკეთესო ასისტენტი - გიორგი ივანიშვილი „NS Studio” (8 ასისტი)
საუკეთესო თავდამსხმელი - რფიკ მარგარიან „ფარვანა“
საუკეთესო ბომბარდირი - გიორგი თოთლაძე „NS Studio” (11 გოლი)
ვერცხლის ლიგის 2024/25 წწ. სეზონის საუკეთესო მოთამაშე გამორჩეულად კარგი ფინალური მატჩის და სეზონის შემდეგ, თორნიკე ბახტაძე („ავერსი“) გახდა.
შედეგად, „ავერსმა“ ვერცხლის ლიგაში ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა და ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაზე რიგით მესამე ტიტულს დაეუფლა.