აბსოლუტური ჩემპიონისა და SBM ლიგის თასის გათამაშება დაიწყო!
ყველა სიახლე
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 1 ივნისს სტარტი ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის აბსოლუტური ჩემპიონისა და SBM ლიგის თასის გათამაშების ¼ ფინალური შეხვედრები გაიმართა.
ისტორიაში პირველად, ბრინჯაოს, ვერცხლის, ოქროსა და სუპერლიგის ფინალისტები და III-IV ადგილოსნები ერთმანეთის წინააღმდეგ თამაშობენ. დაძაბული და სანახაობრივი მატჩების მოლოდინი გამართლდა.
დღე „შსს“-სა და „ბაზისბანკის“ დაპირისპირებით დაიწყო.
ლიგის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა „ბანკირები“ 2-0 დაამარცხა და ½ ფინალის საგზური მოიპოვა. გიორგი ყაზარაშვილმა ორივე ტაიმში მოახერხა გატანა, რასაც მეტოქის მხრიდან შანსების მიუხედავად ვერ უპასუხეს.
„შსს“-ს მეტოქე „ავერსი“ იქნება. „ფარმაცევტებმა“ ოქროს ლიგის ვიცე-ჩემპიონ „კროკობეთთან“ ასევე 2-0 იმარჯვეს. თორნიკე ბახტაძემ როგორც ვერცხლის ლიგის ფინალში, ასევე ამ შეხვედრაშიც შეძლო თავის გამოჩენა და მისმა დუბლმა გუნდს გამარჯვება მოუტანა.
ბადის მეორე მხარეს სუპერლიგის ვიცე-ჩემპიონი „არმია“ და ოქროს ლიგის ჩემპიონი „ჯორჯიან მანგანეზი“ არიან. „GM“-მა ½ ფინალში თამაშის უფლება NS Studio-სთან მოპოვებული დომინანტური თამაშით მოიპოვა. პირველი ტაიმის მიწურულამდე ანგარიში არ გახსნილა, თუმცა ბექა ტუღუშმა საბოლოოდ შეძლო მომენტის რეალიზება, რასაც ფინალურ სირენამდე კიდევ ხუთი გოლი მოჰყვა.
რაც შეეხება „არმიას“, მათ „ლიბერთი“ დაძაბულ ბრძოლაში 4-2 დაამარცხეს. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მესამე წუთზე „ძალოვნების“ მეკარემ წითელი ბარათი მიიღო, რამაც „ბანკირებს“ უპირატესობა მისცა, მაგრამ ვერ გამოიყენეს. ტაიმის მიწურულს, სირენას გოჩა ჯიქიას გოლი მოჰყვა და „არმია“ დაწინაურდა.
თამაშის განახლებიდან მალევე ავტოგოლი ვიხილეთ, ანგარიში 2-0 გახდა. ემზარ ნადირაძის და ლაშა გურგენიძის გოლებით „ლიბერთიმ“ წონასწორობა აღადგინა, რამაც კიდევ უფრო დაძაბა თამაში. 24-ე წუთზე დავით კოხრეიძემ „არმია“ წინ გაიყვანა, რასაც ემზარ ნადირაძის მეორე ყვითელი ბარათიც მოჰყვა და თამაშის დატოვება მოუწია. საბოლოო წერტილი კი თენგიზ ჯანელიძემ დასვა.
შესაბამისად, აბსოლუტური ჩემპიონის თასისთვის ბრძოლას შემდეგი წყვილები აგრძელებენ:
„შსს“ VS “ავერსი“
„არმია“ VS “GM”
1 ივნისს გაიმართა SBM ლიგის თასის ¼ ფინალური მატჩებიც. „ბაქსვუდმა“ „კრედოსთან“ რთული პირველი ტაიმის შემდეგ სოლიდური უპირატესობა მოიპოვა და მეტოქეს 5-2 სძლია. შეხვედრაში ჰეთ-თრიქით ლუკა ქარაია, დუბლით კი პავლე ცუცქირიძე გამოირჩნენ.
2-0 დაამარცხა „ენერგო-პრო“-მ „რუსთავის აზოტი“. შეხვედრის პირველი ტაიმი გოლის გარეშე დასრულდა. „რუსთავის აზოტი“ სახიფათო მომენტების მოგერიებას ახერხებდა, მაგრამ ოთხწამიან ინტერვალში ორი გოლი გაუშვა, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა.
თანაბარი და დაძაბული ბრძოლა ვიხილეთ „საქართველოს ბანკსა“ და „ფარვანას“ შორის. გამარჯვებული საბოლოოდ პენალტების სერიაში გამოვლინდა. მეათე წუთზე სანდრო შეყლაშვილმა BOG წინ გაიყვანა. ბოლო წუთზე წონასწორობა მიგელ მანასიანმა აღადგინა. პენალტებში უკეთესი „ფარვანას“ მეკარე, არმან არზუმანიანი, აღმოჩნდა, რომელმაც ორი ბურთის მოგერიება შეძლო და საბოლოოდ „ფარვანამ“ 2-1 იმარჯვა.
½ ფინალის ბოლო საგზური „ნიკორამ“ „TTC“-სთან მოიპოვა. ნიკოლოზ ვაიტალოვმა ანგარიში მეორე წუთზევე გახსნა, რასაც მატჩის მიწურულამდე გოლი აღარ მოჰყოლია. ბოლო წუთზე ნიკა ჯოლოხავას ზუსტი დარტყმით სხვაობა ორ ბურთამდე გაიზარდა, მაგრამ დარჩენილ დროში გიორგი დათაშვილმა მიღებული გოლი გაქვითა და მატჩი 2-1 დასრულდა.
შესაბამისად, SBM ლიგის თასისთვის ერთმანეთს შემდეგი გუნდები დაუპირისპირდებიან:
„ბაქსვუდი“ VS „ენერგო-პრო“
„ნიკორა“ VS “ფარვანა“
აბსოლუტური ჩემპიონის თასის გათამაშების მომდევნო ეტაპი თბილისი არენაზე 15 ივნისს გაიმართება, ლიგის თასის - თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 22 ივნისს.
მანამდე კი, 7 ივნისს მეგობრობის თასის 1/8 ფინალურ შეხვედრებს და გრანდ ლიგის დასკვნით მატჩებს ვიხილავთ.