„სასკოლო აკადემია“-მ „UG 2”-თან სერიაში ანგარიში გაათანაბრა !

ყველა სიახლე
14 მაისი 2025

„სასკოლო აკადემია“-მ „UG 2”-თან სერიაში ანგარიში გაათანაბრა !

10 მაისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 3-ის ფინალის რიგით მეორე დაპირისპირება გაიმართა.

„SL ACADEMY”-მ „საქართველოს უნივერსიტეტი“ 1:2 დაამარცხა და სერიაში წონასწორობა აღადგინა - 1:1!

მატჩი ისეთივე დაძაბულობითა და მაღალი ტემპით წარიმართა, როგორც ეს გუნდების პირველ შეხვედრაში ვიხილეთ. სახიფათო მომენტებით დახუნძლული მატჩი, ინტერვალური უპირატესობით განვითარებული მოვლენები, სადაც პირველი გოლი ტაიმის მიწურულს ვიხილეთ.

ანგარიშის გახსნა ნიკოლოზ თანდაშვილმა მოახერხა, რომელმაც ტექნიკური, ლამაზი მოძრაობით ნოდარ მწითური ჩამოიტოვა და გიორგი ილურიძის „ბარიერიც“ გადალახა! შესვენებაზე გუნდები 0:1 ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ნახევარიც, მსგავსად პირველის სანახაობრივი გამოდგა. 30-ე წუთზე ნოდარ მწითურმა გაიტანა და ანგარიშიც გაათანაბრა! დროის გასვლასთან ერთად, დაძაბულობა კიდევ უფრო მატულობდა. მატჩის მიწურულს მოვლენები „აკადემიელთა“ სასარგებლოდ წარიმართა, 38-ე წუთზე დაჩი ცალუღელაშვილის გადაცემის შემდეგ გოლის გატანა და საკუთარი გუნდის კიდევ ერთხელ დაწინაურება ახლად დაბრუნებულმა გიორგი აირაპეტიანმა მოახერხა -1:2!

რამდენიმე მცდელობის მიუხედავად „ტაბლოზე“ ანგარიში აღარ შეცვლილა და თავისი შეხვედრა „სასკოლო“-ს ბიჭებმაც მოიგეს!

მატჩში ერთადერთი ყვითელი ბარათი ვიხილეთ, რომელიც თორნიკე თოდრიას ეკუთვნის. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშეებად კი ნოდარ მწითური და გიგი ლომაია (მეკარე) დასახელდნენ!

ფინალური სერიის მესამე მატჩი 16 მაისს, 19:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

LIVE – SBM.GE!



  © SBM, 2016-2025