ოქროს ლიგა | "ენერგო-პრო" VS "საქართველოს ბანკი" | III ადგილი
ყველა სიახლე
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის რიგით მეჩვიდმეტე სეზონის ოქროს ლიგის დასკვნითი შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 4 მაისს გაიმართება. წელს პირველად, გუნდები ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ.
სეზონის საპრიზო ადგილით დსასრულებლად ერთმანეთს „საქართველოს ბანკი“ და გასული წლის სუპერლიგის ჩემპიონი „ენერგო-პრო“ დაუპირისპირდებიან!
„ენერგეტიკოსებმა“ მთავარი ტიტულის ზედიზედ მეორედ მოპოვების შანსი ½ ფინალში „კროკობეთთან“ 3-1 მარცხის შემდეგ დაკარგეს. ლევან დათებაშვილის დუბლსა და გიორგი ჩიქოვანის გოლს, პრესტიჟის გოლით ლაშა ნინიკაშვილმა უპასუხა. გოგა მამარდაშვილმა (ენერგო-პრო) კი წითელი ბარათი დაიმსახურა.
მთელი სეზონის განმავლობაში „ენერგო-პროს“ რიგებიდან ყველაზე მეტჯერ, სამჯერ, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი ლობჟანიძე დასახელდა. საუკეთესო ასისტენტთა დავაში კი თეიმურაზ ჯაფარიძე ორი საგოლე გადაცემით ჩამორჩება პირველადგილოსანს (2)!
გუნდმა რეგულარული სეზონი 6 ქულით მესამე პოზიციაზე დაასრულა - 2 მოგება, 4 წაგება, გაიტანა 5 და საკუთარ კარში მიიღო 12 გოლი.
რაც შეეხება „საქართველოს ბანკს“, მიუხედავად იმისა, რომ ლიგაზე პაუზიდან დაბრუნების შემდეგ წლევანდელ სეზონში უკეთ გამოიყურებოდნენ, საბოლოოდ წრიული ეტაპი ბოლო, მეოთხე პოზიციაზე დაასრულეს - 4 ქულა, 1 მოგება, 1 ფრე, 4 წაგება. „ბანკირებმა“ მოახერხეს 3 გოლის გატანა და 10-ის გაშვება.
მათი მეტოქე პლეი-ოფში გასული სეზონის სუპერლიგის ფინალისტი „ჯორჯიან მანგანეზი“ იყო! მატჩი დაძაბული პირველი ტაიმის შემდეგ GM-ის სრული დომინაციით 3-0 დასრულდა.
ფინალურ მატჩამდე BOG-ის შემადგენლობიდან გიორგი ხუციანიძე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სამჯერ დასახელდა!
გუნდების გზა ჯგუფში ორჯერ გადაიკვეთა. ორივე შემთხვევაში „ენერგო-პრომ“ კარი მშრალად შეინახა და მეტოქეს აჯობა:
III ტური, ანგარიში 3-0 – „ენერგეტიკოსების“ რიგებიდან გიორგი ლუკავამ თავი დუბლით იჩინა, ერთი ბურთია გივი ნაკანის აქტივში. შეხვედრაში ნაჩვენები იყო ოთხი ყვითელი და ერთი წითელი ბარათი, რომელიც შოთა ღვინიაშვილს ეკუთვნოდა.
ტურის ბოლო, VI დაპირისპირებაში „BOG“ მინიმალური სხვაობით, 1-0 დამარცხდა. გადამწყვეტი გოლი გიორგი ლობჟანიძემ მეექვსე წუთზე გაიტანა, რის შემდეგაც „საქართველოს ბანკის“ მონაგარს მხოლოდ კვლავ შოთა ღვინიაშვილის ყვითელი ბარათი დაემატა.
მართალია, „საქართველოს ბანკი“ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაზე დაგროვებული სეზონების რაოდენობით (12) ბევრად აჭარბებს „ენერგო-პროს“ (7), მაგრამ ლიგის რეიტინგში ეს ორი გუნდი თითქმის თანაბარი ქულებით არიან წარმოდგენილი:
„საქართველოს ბანკის“ მონაგარში ბრინჯაოს ლიგის ჩემპიონობა, ვერცხლის ლიგის ვიცე-ჩემპიონობა, საკვალიფიკაციო ლიგის ვერცხლის პრიზიორობა და თასის ფინალში თამაშია - 26 ქულა.
„ენერგო-პრომ“ კი 7 სეზონში ვერცხლის ლიგის მოგება შეძლო, ოქროს ლიგაში მეორე ადგილი დაიკავა და სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონია - 24.5 ქულა.
შესაბამისად, ოქროს ლიგის მესამე ადგილისთვის წარმოდგენილი აფიშა საინტერესო და დაძაბულ დაპირისპირებას გვპირდება.
4 მაისი, 17:00 საათი, თბილისის ოლიმპიური სასახლე!