საკვალიფიკაციო ლიგასა და გრანდ ლიგაში პლეი-ოფები იწყება!
ყველა სიახლე
13 აპრილს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2024/25 წწ. სეზონის მორიგი სათამაშო დღე გაიმართა. საკვალიფიკაციო ლიგისა და გრანდ ლიგის გუნდები ერთმანეთს წრიულ ეტაპზე ბოლოჯერ დაუპირისპირდნენ და შედეგად, ¼ ფინალური წყვილები გამოვლინდა.
დღე საკვალიფიკაციო ლიგით დაიწყო. „სფეისმა“ „ითიმის“ დამარცხება ლევან ჯავახის მე-17 წუთზე გატანილი გოლით 1-0 შეძლო.
„ჯი არ სიმ“ „AMTS”-ს კომფორტული უპირატესობით 4-1 სძლია. გიორგი გელენიძისა და გიორგი ენუქიძის გოლებს გიგა ლომიძის დუბლი მეორე ნახევარში დაემატა და მეტოქემ ოთხბურთიანი ჩამორჩენის მხოლოდ პრესტიჟის გოლით შემცირება შეძლო.
შედეგად, საკვალიფიკაციო ლიგის პლეი-ოფში ერთმანეთს შემდგი გუნდები დაუპირისპირდებიან:
„თელასი“ vs “ფერეიდიანი“
„ჯი არ სი“ vs “ლაიონ ტრანსი“
„სფეისი“ vs “PERI”
“e-team” vs “AMTS”
გრანდ ლიგაში „DHL“-მა „ინვესტორსაინთან“ სრული უპირატესობით 5-0 იმარჯვა. პირველ ტაიმში გატანილი ორი გოლის შემდეგ „DHL“-მა სხვაობა კიდევ სამით გაზარდა და მათი დომინაცია უკვე სოლიდური იყო. შეხვედრაში დუბლით გიორგი ჭონიაშვილი გამოირჩა, გოლი და სამი საგოლე გადაცემაა ნიკუშა ასლანიშვილის სახელზე.
მიუხედავად მერვე წუთზე მიღებული პირველი გოლისა, მეტოქის დამარცხება არ გასჭირვებია „McGill“-საც, რომელიც გრანდ ლიგის რეგულარული სეზონის გამარჯვებული გახდა. მიხეილ თოფურიამ მეტოქეს ოთხი გოლი ზედიზედ გაუტანა და პოკერი შეასრულა. ბოლო წუთზე კი „იურისტების“ უპირატესობა ლაშა ჯოხაძემ დუბლით განამტკიცა. „ქართუს“ რიგებიდან ორი გოლი ავთანდილ ბუიღლიშვილმა გაქვითა და მატჩი 6-2 დასრულდა.
მარტივი გასეირნება გამოუვიდა „არმიასაც“. „ძალოვნებმა“ „ავერსი“ 4-0 დაამარცხეს. დავით კოხრეიძისა და ნადიმ კახაძის დუბლებს მოწინააღმდეგ ვერ უპასუხა და ჯგუფის ბოლო შეხვედრა დათმო.
დაძაბული და სანახაობრივი იყო „SIS” vs “ბაქსვუდის“ მატჩი. შეხვედრის პირველმა ნახევარმა სახიფათო მომენტების მიუხედავად გოლის გარეშე ჩაიარა. ორივე გუნდმა არა ერთი შანსი გაანიავა, საბოლოოდ კი მე-15 წუთზე წინ „ბაქსვუდი“ გავიდა. ზუსტად ერთ წუთში ლაშა ნინიკაშვილმა წონასწორობა აღადგინა. გუნდები თითქოს ფრეზე უნდა გაყრილიყვნენ, მაგრამ საფინალო სირენამდე შვიდი წამით ადრე თეიმურაზ ჯაფარიძემ „SIS“-სთვის გამარჯვების გოლი გაიტანა და მატჩი 2-1 დასრულდა.
გრანდ ლიგაში გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
"McGill" vs "ინვესტორსაინი"
"არმია" vs "DHL"
"SIS" vs "ბაქსვუდი"
"ქართუ" vs "ავერსი"
საკვალიფიკაციო ლიგისა და გრანდ ლიგის ¼ ფინალური შეხვედრები, რომელიც ერთმატჩიანია, 11 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.