ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში ფინალისტები გამოვლინდნენ!
ყველა სიახლე
6 აპრილს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2024/25 წწ. სეზონის საპლეიოფო შეხვედრები გაიმართა. შედეგად, ბრინჯაოს, ვერცხლის, ოქროსა და სუპერლიგის ფინალისტები გამოვლინდნენ.
დღე ბრინჯაოს ლიგით დაიწყო. „ლიბერთი ბანკმა“ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ დაძაბულ შეხვედრაში 1-0 მოუგო და ჩემპიონის ტიტულის დასაცავად იბრძოლებს. მეორე წუთზე „ბანკირებს“ შანსი ჰქონდათ წინ გასულიყვნენ, მაგრამ გიორგი დათაშვილმა შვიდმეტრიანი პენალტი მოიგერია. „ლიბერთიმ“ მეცხრე წუთზე შექმნილი შანსი აღარ გაანიავა და თორნიკე კირკიტაძემ გადამწყვეტი გოლი გაიტანა.
ბრინაჯოს ლიგის მეორე ფინალისტი კიდევ უფრო სანახაობრივ შეხვედრაში გამოვლინდა, სადაც გამარჯვებულის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა. „ბაზისბანკისა“ და „კრედოს“ წყვილში ფავორიტი ჯგუფის ლიდერი იყო, მაგრამ „კრედომ“ პირველ ტაიმში მოპოვებული ორბურთიანი უპირატესობით განსაკუთრებული დაძაბულობა შემოიტანა. „ბაზისბანკმა“ ტაიმის მიწურულს სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მეჩვიდმეტე წუთზე კი ანგარიში 2-2 გახადა. პენალტების სერიაში უკეთესი „ბაზისბანკის“ მეკარე გია გონგაძე აღმოჩნდა, რომელმაც ორი დარტყმა მოიგერია და გუნდმა სერია 2-0 მოიგო.
ჩემპიონის სტატუსს დაიცავს „ავერსიც“ ვერცხლის ლიგაში. „ფარვანამ“ „ფარმაცევტებს“ მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ საბოლოოდ მეტოქესთან 2-1 დამარცხდა. პირველი ტაიმი გოლის გარეშე დასრულდა. „ნინოწმინდელებმა“ წინ გასვლა მეთხუთმეტე წუთზე შეძლეს. მალევე პაატა ლეჟავამ წონასწორობა აღადგინა და მისივე გადაცემა შედეგიანად თორნიკე ბახტაძემ გამოიყენა.
„ავერსის“ მეტოქე ფინალში „NS Studio” იქნება. „არქიტექტორებმა“ „რუსთავის აზოტს“ დამაჯერებელად სძლიეს, ანგარიშით 6-3. წლევანდელ სეზონში „NS Studio” განსაკუთრებულად შედეგიანია და ეს ½ ფინალურ მატჩშიც აისახა. მეოთხე წუთზე ტაბლოზე 1-1 ფიქსირდებოდა, თუმცა ფინალისტებმა მალევე მოიპოვეს დომინაცია და მეტოქეს ზედიზედ ოთხი ბურთი გაუტანეს, რის შემდეგაც „აზოტი“ თამაშში ვეღარ დაბრუნდა. დუბლი შეასრულეს ჯემალ მახსოევმა და გიორგი თოთლაძემ.
შედეგად, ვერცხლის ლიგაში გასული სეზონის ფინალის გამეორება მივიღეთ - „ავერსი“ vs “NS Studio”.
ოქროს ლიგაში მთავარი ტიტულისთვის „ჯორჯიან მანგანეზი“ და „კროკობეთი“ იბრძოლებენ. „GM“-მა უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში ბექა ტუღუშის გოლით გახსნა. სხვაობა ბექა რაზმაძემ გაზარდა, საბოლოო შედეგი 3-0 კი ლევან კუჭაშვილმა დააფიქსირა. „საქართველოს ბანკმა“ საპასუხო გოლის გატანა ვერ მოახერხა და მესამე ადგილისთვის ბრძოლას გააგრძელებს.
3-1 იმარჯვა „კროკობეთმა“ „ენერგო-პროსთან“. ლევან დათებაშვილის დუბლით „კროკომ“ საწყისი ტაიმი 2-0 მოიგო. 22-ე წუთზე ლაშა ნინიკაშვილმა ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ ბოლო წუთზე გიორგი ჩიქოვანმა ყველანაირი ინტრიგა მოკლა.
ბოლო წუთებამდე დაძაბული იყო „შსს“-სა და „ბაქსვუდის“ დაპირისპირება სუპერლიგაში. უამრავი სახიფათო შეტევის მიუხედავად, მეკარეების შესანიშნავი თამაშის წყალობით შეხვედრაში ანგარიში არ იხსნებოდა. ფინიშამდე წუთნახევრით ადრე „ძალოვნებმა“ მეტოქის საჯარიმოში არეულობით ისარგებლა და გიორგი ყაზარაშვილის გოლით დაწინაურდა. დარჩენილ დროში „ბაქსვუდმა“ უპირატესობით შეტევა სცადა, რასაც მეკარე ვასილ საბაშვილის გოლი მოჰყვა და „შსს“-მ 2-0 იმარჯვა. შეხვედრაში ხუთი ყვითელი ბარათი იყო ნაჩვენები, რაც ხაზს უსვამს მატჩის დრამატულობას.
„შსს“-ს მეტოქე „არმიასა“ და „ნიკორას“ შორის 12 აპრილს გამოვლინდება.
რომ შევაჯამოთ, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ფინალური წყვილები ასე გამოიყურება:
ოქროს ლიგა: I ადგილი - „GM“ vs „კროკო“, III ადგილი - „საქართველოს ბანკი“ vs “ენერგო-პრო“
ვერცხლის ლიგა: „ავერსი“ vs „ნს სტუდიო“, III ადგილი - „ფარვანა“ vs „აზოტი“
ბრინჯაოს ლიგა: „ლიბერთი“ vs „ბაზისბანკი“, III ადგილი - TTC vs “კრედო“
ოქროს ლიგისა და ბრინჯაოს ლიგის დასკვნითი მატჩები 4 მაისს, სუპერლიგის 18 მაისს, ვერცხლის ლიგის კი 25 მაისს გაიმართება.