ფუტსალის ლიგა 2-ის მეორე ფინალისტი „FLC 03”-ია!

ყველა სიახლე
08 აპრილი 2025

ფუტსალის ლიგა 2-ის მეორე ფინალისტი „FLC 03”-ია!

5 აპრილს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის ½ ფინალის განმეორებითი დაპირისპირება გაიმართა - „FLC 03” VS „სეუ“!

შეხვედრა საკმაოდ მაღალი ტემპით და ინტენსიობით დავიწყეთ, პირველი გოლის გატანა გათამაშებული კუთხურის შემდგომ, ნიკოლოზ მონასელიძემ შორეული დარტყმით შეძლო და საკუთარი გუნდი დააწინაურა!

მატჩის საწყისი წუთები განსაკუთრებით ხისტი იყო ამან კი თავისი შედეგი გამოიღო, მე-19 წუთისთვის „ფალკონებს“ 6 ჯარიმა დაუგროვდათ და 10 მეტრიანი დარტყმიდან ნიკა ბიძინაშვილმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა.

პირველ ნახევარში ხუთი ყვითელი ბარათი ვიხილეთ, რომლებიც გურამ ხაჭაპურიძეს (მწვრთნელი), ნიკა ხაჭაპურიძეს, ამირან ცხომარიას (მთ.მწვრთნელი), ბექა მირიანაშვილს და გიორგი ცხვედიანს ეკუთვნით.

შესვენებაზე 1:1 ანგარიშით გავედით!

მეორე ტაიმში გუნდებს უფრო მეტი რეალური მომენტი დაუგროვდათ გოლის გასატანად, ვიდრე ეს პირველში იყო. 27-ე წუთზე ბექა მირიანაშვილმა შორი მანძილიდან დარტყმით კვლავ დააწინაურა „ფალკონები“!

ინტერვალური უპირატესობა „ნომინალური მასპინძლების“ მხარეს აღმოჩნდა, ამ მომენტით ისარგებლეს და 31-ე წუთზე ნიკოლოზ მონასელიძის შესანიშნავი მოძრაობებისა და გადაცემის შემდეგ გოლის გატანა გიორგი ხმალაძეს აღარ გასჭირვებია და ანგარიში 3:1 გახდა!

33-ე წუთზე მონასელიძის შეცდომით ბიძინაშვილმა ისარგებლა, დუბლი გაიფორმა და ანგარიშში სხვაობა 1-მდე შეამცირა 3:2!

დროის გასვლასთან ერთად პარკეტზე ვითარება კიდევ უფრო იძაბებოდა, 35-ე წუთზე ამირან ცხომარიამ (მთ.მწვრთნელი) მეორე ყვითელი ბარათიც მიიღო და ტრიბუნაზე გადანაცვლება მოუწია. ამასთან ერთად, მეორე ნახევარში გაფრთხილებები ნიკა სიდამონიძემ და მიშიკო კანკიამაც (მწვრთნელის ასისტენტი) მიიღეს.

დარჩენილ წუთებში „სეუ“-მ შეუტია, თუმცა ანგარიშის გათანაბრება ვეღარ მოახერხეს, რაშიც დიდი წვლილი „ფალკონების“ კარის დარაჯს, ლევან გიგოიძეს მიუძღვის. შეხვედრის საბოლოო ანგარიში 3:2!

გუნდებმა საკმაოდ სანახაობრივი, დაძაბული და შედეგიანი ფუტსალი გვაჩვენეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშეებად ნიკოლოზ მონასელიძე და ნიკა ბიძინაშვილი დასახელდნენ!

„FLC 03”-მა  სერია ორ შეხვედრაში დახურა და ფუტსალის ლიგა 2-ის ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც მათი მეტოქე „ტფილისი“ იქნება!

„სეუელები“ კი მესამე ადგილისთვის ბრძოლაში „თსუ 2“-ს დაუპირისპირდებიან!

როგორც ფინალური, ისე მესამე ადგილისთვის დაპირისპირება 3 მაისს გაიმართება და შეხვედრებს თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს!

მატჩების პირდაპირი ტრანსლაცია SBM.GE-ზე: FLC03 vs Tfilisi, SEU vs TSU2



  © SBM, 2016-2025