„ლოგოსი“ მიჯრით 7 თამაშია დაუმარცხებელია!

ყველა სიახლე
20 მარტი 2025

„ლოგოსი“ მიჯრით 7 თამაშია დაუმარცხებელია!

ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის, მე-10 ტურის შეხვედრები 13 და 14 მარტს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა.

ტური „SL ACADEMY 2”-ის და  „ლოგოსი“-ს შეხვედრით გავხსენით, სადაც მაყურებელმა 12 გატანილი ბურთი იხილა.

შეხვედრის დაწყებამდე „აკადემიის ბიჭებს“ ქულათა შესაძლო მაქსიმუმი ჰქონდათ დაგროვილი, „ლოგოსმა“ კი ეს სერია შეაჩერა!

პირველი ნახევარი ბესო ადამაშვილის დუბლით და ლევან ჟღენტის გოლით, 0-3-ის მოგება და შესვენებაზე გოლის გაუშვებლად გასვლა მოახერხეს „ნომინალურმა სტუმრებმა“.

მეორე ტაიმის სტარტი „სასკოლო აკადემია 2“-ს უკეთესი გამოუვიდა, შედეგად, 26-ე წუთისთვის ანგარიში 3-3 იყო. თუმცა, თამაშში ერთვება კვლავ ბესო ადამაშვილი, 4 წუთიან ინტერვალში ახერხებს 2 გოლის გატანას და 1 საგოლე გადაცემის შესრულებას - 3-6. შეხვედრა საბოლოოდ „ლოგოსის“ გამარჯვებით, 5-7 დასრულდა!

შეხვედრის საუკეთესოებად დაჩი ცალუღელაშვილი და ბესო ადამაშვილი დასახელდნენ. ამ გამარჯვებით „ლოგოსი“ 6 მატჩიან წაუგებელ სერიას კიდევ ერთს შემატებს.

ტურის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს „გრანდ ავლაბარი“ და „სულაქველიძის აკადემია“ დაუპირისპირდნენ. მატჩი საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა.

შეხვედრა „ავლაბრელთა“ უპირატესობით დაიწყო და მე-15 წუთისთვის 3-0 იგებდნენ. პირველ ნახევარში 3 დუბლი ვიხილეთ, რომელიც გიორგი ბაბაიანს, ლუკა გურჩიანსა და ბესარიონ აბრამიშვილს ეკუთვნით. შესვენებაზე ანგარიშით 4-2 გავედით. მეორე ტაიმში „აკადემიის“ მოთამაშეები მეტად გააქტიურნდნენ, რამაც შედეგი გამოიღო. 30-ე წუთისთვის ანგარიშში ფრე, 5-5 გვქონდა.

დარჩენილ 10 წუთში გარდამტეხი უპირატესობის მოპოვება, მაინც „ავლაბარმა“ შეძლო და შეხვედრაში 7-6 იმარჯვეს. ამ მოგებით „ავლაბრელებმა“ 3 მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულეს! შეხვედრაში საუკეთესოებად კი ლუკა გურჩიანი და რომა ხუხია დასახელდნენ.

მარტივი გასერინება აღმოჩნდა „ბეტისის აკადემიისათვის“ „კომაროვი“, მატჩი 2-10 დასრულდა!

პირველი ნახევარი ანგარიშით 1-3 დავასრულეთ და შესვენებაზე საბრძოლო განწყობით გავედით. მეორე ტაიმში „კომაროვი“ სხვაობას ერთ ბურთამდე ამცირებს, თუმცაა... „ბეტისის აკადემიას“ გააქვს მიჯრით 7 გოლი და ყველანაირ ინტრიგას კლავს შეხვედრაში. თამაშში ჰეთრიქის შესრულება საბა გრიგალაშვილმა შეძლო და მატჩის საუკეთესოდაც „აკადემიელთა“ მხრიდან სწორედ ის დასახელდა. „კომაროვიდან“ საუკეთესო კი ალექსანდრე ჭყონია იყო.

ამ გამარჯვებით „ბეტისის აკადემიამ“ მე-5 პოზიციაზე გადაინაცვლა!

ტურის დასკვნით შეხვედრაში ერთმანეთს „ბაქსვუდის სკოლა“ და „დუშეთი“ დაუპირისპირდნენ.

ანგარიში ალიკ სარქისიანმა გახსნა, თუმცა „დუშეთმა“ მიყოლებით სამი გოლის გატანა და ტაიმის „წაღება“ მოახერხა. მეორე ტაიმმა შედარებით დაბალ ტემპში ჩაიარა, ვიხილეთ ერთი გატანილი გოლი,რომელიც გიორგი არაბულს ეკუთვნის. შეხვედრის დასრულებამდე 6 წუთი იყო დარჩენილი,როცა ალიკ სარქისიანმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და „ბაქსვუდმა“-ც ვეღარ მოახერხა თამაშის დაძაბვა. ს.ა. 1-4.

მატჩის საუკეთესოებად საბა სამუშია და გიორგი არაბული (2 გატანილი გოლი) დასახელდნენ.

ახალგაზრდული ლიგის მე-11 ტური 21 მარტს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება.



  © SBM, 2016-2025