ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ძირითად ტურნირებში პლეი-ოფის წყვილები გამოვლინდნენ!
ყველა სიახლე
16 მარტს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ძირითად ტურნირებში წრიული ეტაპის ბოლო სათამაშო დღე გაიმართა.
ვერცხლის ლიგაში “NS Studio“-მ უშუალო კონკურენტი „ავერსი“ 7-4 დაამარცხა და ცხრილში პირველი ადგილი დაიკავა. მატჩი სრულად „არქიტექტორების“ უპირატესობით წარიმართა. განსაკუთრებული დომინაცია პირველ ნახევარში იგრძნობოდა, როცა „ფარმაცევტებმა“ დაცვის ნაწილში მოიკოჭლეს და 4 გოლი ზედიზედ გაუშვეს. მატჩში საუკეთესო ირაკლი კლიმიაშვილი იყო, რომელმაც პოკერი შეასრულა.
„ფარვანამ“ „აზოტს“ სამი უპასუხო გოლით 3-0 აჯობა. პირველი ტაიმი მშრალი ანგარიშით დასრულდა. რაფიკ მარგარიანის დუბლით და გიორგი მზიკიანის ზუსტი დარტყმით „ნინოწმინდელებმა“ სამი ქულის მოპოვება შეძლეს.
ვერცხლის ლიგის ½ ფინალში „NS Studio” „რუსთავის აზოტს“ დაუპირისპირდება, „ავერსი“ კი „ფარვანას“ შეხვდება.
ბრინჯაოს ლიგაში თანაბარქულიანი გუნდების მატჩში, სადაც პირველი ადგილის ბედი წყდებოდა „ბაზისბანკმა“ „ლიბერთი“ დიდი უპირატესობით, 7-1 დაამარცხა. მიღებულ ოთხ ბურთს „ლიბერთიმ“ მეცხრამეტე წუთზე პრესტიჟის გოლით უპასუხა და საბოლოოდ ცხრილში მეორე ადგილს დასჯერდა.
რეგულარული სეზონის ბოლო შეხვედრაში პირველი გამარჯვება იზეიმა „კრედომ“. „ბანკირებმა“ პირველი ქულები „TTC“-სთან აიღეს. ოცდამეერთე წუთზე ანგარიში 1-1 იყო. მალევე გიორგი წურქავამ გუნდი წინ გაიყვანა და საბოლოო წერტილი გიორგი ნიჟარაძემ დასვა - 3-1.
ბრინჯაოს ლიგის ½ ფინალში „ბაზისბანკი“ „კრედოს“ შეხვდება, „ლიბერთი“ კი ფინალის საგზურისთვის „TTC“-ს გაეჯიბრება.
ოქროს ლიგაში „საქართველოს ბანკისა“ და „ენერგო-პროს“ დაძაბულ დაპირისპირებაში მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. გიორგი ლობჟანიძემ მეექვსე წუთზე „ენერგეტიკოსები“ დააწინაურა, რის შემდეგაც ანგარიში აღარ შეცვლილა - 1-0.
ფრედ 1-1 დასრულდა „კროკობეთისა“ და „ჯორჯიან მანგანეზის“ შეხვედრა. „კროკო“ მიუხედავად შესუსტებული შემადგენლობისა, თავს კარგად იცავდა და საბოლოოდ საფინალო სირენამდე ორი წუთით ადრე წონასწორობაც აღადგინა.
ოქროს ლიგის რეგულარული ეტაპის ჩემპიონი “GM“-ია, რომელიც პლეი-ოფში „საქართველოს ბანკს“ შეხვდება. მეორე წყვილი „კროკოებთი“ და „ენერგო-პრო“ იქნება.
სუპერლიგის ლიდერმა „ნიკორამ“ ჯგუფის ბოლო მატჩში „ბაქსვუდს“ 4-0 სძლია. „შსს“-სა და „არმიას“ მატჩში კი გამარჯვებული კვლავ ერთადერთმა გოლმა გამოავლინა. ამჯერად დავით დარჩიამ შეძლო „ძალოვნების დერბიში“ თავის გამოჩენა და „შსს“-მ 1-0 იმარჯვა.
სუპერლიგის პლეი-ოფში „ნიკორა“ „არმიას“ დაუპირისპირდება, „შსს“ კი „ბაქსვუდს“ შეხვდება.
½ ფინალური მატჩები ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში ერთთამაშიანი იქნება და გამარჯვებული ფინალის საგზურს მოიპოვებს.