"თსუ 2"-მა "ქუთაისი" საკუთარ კედლებში მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და სერიაში დაწინაურდა!
ყველა სიახლე
ფუტსალის ლიგა 2-ის ფლეი-ოფი ქუთაისში, 3 მარტს, ქუთაისის ოლიმპიურ სასახლეში გაიხსნა!
¼ ფინალური ეტაპის პირველი და პრინციპული დაპირისპირება „ქუთაისსა“ და „თსუ 2“-ს შორის შედგა!
ერთმანეთისთვის „ზედმეტად“ ნაცნობმა მეტოქეებმა „პარკეტის სცენაზე“ დიდი შოუ მოგვიწყვეს! შეხვედრის დაწყებამდე გამოკვეთილი ფავორიტის დასახელება ძალიან გაჭირდებოდა, შეხვედრაც ზუსტად ასე, თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა. თამაშის სტარტიდან მოყოლებული გუნდებმა არაერთი მომენტი გაცვალეს, ანგარიშის გახსნა კი ვახტანგ დადიანმა (თსუ 2), მე-13 წუთზე მოახერხა, ამას კი 3 წუთში მეორე გოლიც მოაყოლა.
თითქოს „უნივერსიტეტელებმა“ პირველი ნახევრის მოსაგებად კომფორტული უპირატესობა იგდეს ხელთ, თუმცა „ქუთათურებმა“ გამოფხიზლება უმალვე მოახერხეს და 1-წუთიან მონაკვეთში ანგარიში გაათანაბრეს (2-2). შესვენებაზეც სწორედ ამ ანგარიშით გავედით!
მეორე ნახევარიც მსგავსად პირველის, თანაბარ ვითარებაში მიმდინარეობდა, რომან კუხიანიძეს 30-ე წუთზე კვლავ წინ გაყავს „თსუ 2“, ზუსტად 1 წუთში კი გიორგი ხუნდაძე პასუხობს და ათანაბრებს ანგარიშს! ძირითადი დრო ფრედ, 3-3 დასრულდა და დამატებით ტაიმებში გადავინაცვლეთ!
დამატებითი დროის პირველ წუთზე, ჯემალ დეისაძის გოლით უკვე წინ გავიდა „ქუთაისი“. „თსუ 2“ კიდევ უფრო მეტად გააქტიურდა, შეუტიეს 5-ზე და ბოლო წამებზე 6-მეტრიანის გამომუშავებაც მოახერხეს! ზედმეტად გაპროტესტების შედეგად, მოედნიდან გაძევებული იქნა „ქუთაისელთა“ მთავარი მწვრთნელი - ბიქტორ გვეტაძე. 6-მეტრიანი, გოლად ცოტნე ჩილაჩავამ აქცია (4-4) და ვერც დამატებით დროში მოხერხდა გამარჯვებულის გამოვლენა, ამიტომ გადავინაცვლეთ 6-მეტრიანების სერიაში!
ნუღარ გაგვიკვირდება თუ ვიტყვით, რომ 6-მეტრიანების სერიაც თანაბრად მიმდინარეობდა იქამდე, სანამ მე-5 დარტყმას არ გააცუდებდა გამოცდილი მალხაზ შველიძე, რომელსაც საბა კვაჭაძემ აჯობა!
პენალტების სერიაში გამარჯვება „თსუ 2“-ს დარჩა - 4:5! შეხვედრის საუკეთესოებად ჯუმბერ გულეიშვილი ( მეკარე) და ვახტანგ დადიანი ( უნივერსალი ) დასახელდნენ!
სერიაში „უნივერსიტეტელები“ დაწინაურდნენ, განმეორებითი შეხვედრა კი 8 მარტს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება! პირდაპირი ტრანსლაციის ხილვას SBM.GE-ზე შეძლებთ!