ფუტსალის ლიგა 2-ის რეგულარული სეზონი დასრულებულია - შევხვდებით პლეი-ოფში!

ყველა სიახლე
25 თებერვალი 2025

ფუტსალის ლიგა 2-ის რეგულარული სეზონი დასრულებულია - შევხვდებით პლეი-ოფში!

22 თებერვალს ფუტსალის ლიგა 2-ის დასკვნითი, მე-14 ტურის შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა.

უხვგოლიანი გამოდგა „სეუ“-ს და „გორი“-ს დაპირისპირება. „უნივერსიტეტელებმა“ შეხვედრა თავიდანვე აქტიურად დაიწყეს, მე-12 წუთისთვის უკვე 3-0 იგებდნენ. „გორელთა“ მხრიდან პირველ ნახევარში ერთადერთი გოლის გატანა ნიკოლოზ ქარელმა მოახერხა. შესვენებაზე ანგარიშით 4-1 გავედით. მეორე ნახევრის სტარტზე ანგარიში 5-3 გვქონდა და შეხვედრაში ინტრიგაც იყო იქამდე, სანამ „სეუ“ ზედიზედ 4 უპასუხო გოლს არ გაიტანდა. ს.ა. 11-6. „სეუელთა“ მხრიდან საუკეთესოდ ნიკა ბიძინაშვილი დასახელდა, რომლის აქტივშიც 1 გოლი და 6 საგოლე გადაცემა იყო. „გორელთა“ მხრიდან კი ნიკოლოზ ქარელი გამოირჩა 4 გატანილი ბურთით! „სეუმ“ რეგულარული სეზონი მე-3 ადგილზე, ხოლო „გორმა“ ბოლო პოზიციაზე დაასრულა.

„ბსსა“ VS „ტფილისი“ - დაძაბული გამოდგა ლიდერების შეხვედრა, სადაც პირველადგილოსნის ბედი წყდებოდა!

მატჩში ანგარიში გიორგი ლორიამ მე-8 წუთზე გახსნა, პასუხად კი გიორგი თოდუას და საბა ეგრისელაშვილის გოლები მიიღეს. ტაიმი ტფილისმა 1-2 მოიგო. მეორე ნახევრის დაწყებიდან 16 წამი იყო გასული, როცა რაულ ჩიკიროვმა წონასწორობა აღადგინა (2-2). მომენტები იცვლებოდა როგორც ერთი,ისე მეორე გუნდის კართან. საბოლოოდ გუნდებმა თითო გოლი ისევ გაცვალეს და შეხვედრა ფრედ 3-3 დასრულდა. მატჩის საუკეთესოებად გიორგი სულაბერიძე (მეკარე) და საბა ეგრისელაშვილი (უნივერსალი) დასახელდნენ. „ტფილისმა“ ასპარეზობა პირველ პოზიციაზე დაასრულა, „ბსსა“ კი ერთქულიანი ჩამორჩენით მეორე ადგილს დასჯერდა.

„ქუთაისმა“ „FLC03” მეორე შეხვედრაშიც დაამარცხა. შეხვედრის დაწყებისთანავე გიორგი ხუნდაძის სწრაფი გოლი ვიხილეთ, ამას კიდევ მოჰყვა მეორე, მესამე გოლი „ქუთათურებისგან“ და კომფორტული უპირატესობაც შეიქმნეს. ტაიმის ბოლოს გიორგი ხმალაძემ მოახერხა ერთი ბურთის გაქვითვა და გუნდებიც 1-3 ანგარიშზე გავიდნენ შესვენებაზე. მეორე ნახევრის სტარტზეც მოახერხა გიორგი ხუნდაძემ მისთვის მესამე გოლის გატანა. შემდეგ იყო ნიკოლოზ მონასელიძის ავტოგოლი და „ქუთაისმა“ დიდი ნაბიჯი გადადგა გამარჯვებისკენ. საბოლოოდ მატჩი  3-6 დასრულდა. საუკეთესოებად კი გიორგი ხმალაძე და ბაკურ გულუა დასახელდნენ.

დასკვნითი ტური უნივერსიტეტული დერბით დავხურეთ!

„ილიაუნი“ VS „თსუ 2“

შეხვედრა საკმაოდ თანაბარ და აქტიურ  ორთაბრძოლაში დაიწყო, გუნდებს მე-6 წუთისთვის უკვე 2-2 გოლი ქონდათ გაცვლილი (2-2). ამის შემდეგ ვიხილეთ „თსუ 2“-ში დაბრუნებული, ალექსანდრე ქაჯაიას მიერ მიჯრით 2 გოლი, შესვენებაზე კი ანგარიშით 3-4 გავედით. მეორე ნახევარის სტარტზე ალექსანდრე ქაჯაიას გააქვს მისთვის მესამე გოლი და „თესეუელები“ კვლავ ორი ბურთით გაყავს წინ. ასევე უნდა გამოვარჩიოთ გიორგი წიქვაძე (3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა) და გიორგი ხაბალაევი (4 გოლი და 1 საგოლე გადაცემა ). სწორედ ეს ორი უკანასკნელი დასახელდნენ მატჩის საუკეთესოებად! ს.ა. 4-8. „თსუ“-მ „ილიაუნი“-ს მეორე შეხვედრაც მოუგო ამ სეზონში.

¼ ფინალური ეტაპი  3 მარტს, ქუთაისის სპორტის სასახლეში, „ქუთაისი“ „თსუ 2“-ის დაპირისპირებით აიღებს სტარტს!

¼ ფინალური წყვილები:

(1)„ტფილისი“ VS (8) „გორი“

(2) “ბსსა“ VS (7)“FLC 03”

(3) “სეუ“ VS (6)“ილიაუნი“

(4) “ქუთაისი“ VS (5) “თსუ 2“

შევხვდებით პლეი-ოფში!



  © SBM, 2016-2025