ლიგა 3-ში ერთი 1/4 ფინალური წყვილი ცნობილია!

ყველა სიახლე
24 თებერვალი 2025

ლიგა 3-ში ერთი 1/4 ფინალური წყვილი ცნობილია!

21 თებერვალს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ ფუტსალის ლიგა 3-ის დასკვნით, მე-14 ტურს უმასპინძლა. შედეგად, ერთი 1/4 ფინალური წყვილი გამოვლინდა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდების საბოლოო პოზიციები მე-10 ტურის გადადებული შეხვედრის შემდეგ გაირკვევა, "EU" და "ბათუმის სპორტული ცენტრი" ყველა შედეგზე ერთმანეთის მეტოქეები იქნებიან. 

„რუსთავი“ VS „ავლაბარი“ - ამ დაპირისპირებით  გავხსენით XIV ტური. შეხვედრის პირველი 10 წუთი შედარებით დაბალი ტემპის გამოდგა, ანგარიში კი მე-15 წუთზე ივიკო ჭარაქიშვილის გოლით გაიხსნა. შესვენებაზე ავლაბარი 2 ბურთიანი უპირატესობით გავიდა (0-2). მეორე ნახევრის სტარტზე „რუსთაველებმა“ 1-მდე შეამცირეს სხვაობა და თითქოს მუხტიც მიეცათ, თუმცა ამ გოლს „ავლაბრელებმა“ მიჯრით 5 გატანილი ბურთით უპასუხეს. შეხვედრის საბოლოო ანგარიში 1-7 დაფიქსირდა. „ავლაბარმა" ამ გამარჯვებით, სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილი გაინაღდა.

დაძაბული გამოდგა „SL ACADEMY”  „ BSC”-ს დაპირისპირება!

პირველი ნახევარში „აკადემიის“ ბიჭებმა დაჯაბნეს მეტოქე და ბექა ჭელიძის მიერ გატანილი 2 გოლით გავიდნენ შესვენებაზე. მეორე ტაიმში განსხვავებული, მეტად აგრესიული „ბათუმი“ ვიხილეთ. „ბათუმელებმა“ არასრულ 5 წუთში "დააქამბექეს" და 25 წუთისთვის უკვე იგედბდნენ შეხვედრას (2-3). ამის შემდეგ ანგარიში კიდევ ერთხელ გათანაბრდა. თამაშის დასრულებამდე 2 წუთი იყო დარჩენილი, როდესაც ლუკა ჩარგეიშვილმა კვლავ დააწინაურა საკუთარი გუნდი. „ბათუმის სპორტული ცენტრი“ 3 ქულასთან ერთ ნაბიჯში იყო, რომ არა გიორგი აირაპეტიანზე საჯარიმოში დარღვევა, რასაც 6 მეტრიანი დარტყმა მოჰყვა. ეს დარტყმა, გოლად გიგი ლომაიამ აქცია და საკუთარ გუნდს „ქულის გადარჩენაში“ დაეხმარა. აქვე უნდა აღინიშნოს, ლევან ნადარაიას შეგირდების 4 მატჩიანი წაუგებელი სერია. მატჩის საუკეთესოებად ბექა ჭელიძე და რომან იუსუბოვი დასახელდნენ.

„ევროპის უნივერსიტეტმა“ „ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი“ 11-1 გაანადგურა. ლიდერისა და ბოლოადგილოსნის დაპირისპირებაში ფავორიტი  რაღათქმაუნდა „EU” იყო. „ნომინალურმა მასპინძლებმა“ პირველ ნახევაში მიყოლებით 6 გოლის გატანა მოახერხეს, რასაც მეორე ტაიმში კიდევ 5 დაამატეს. „ბათუმელთა“ მხრიდან პრესტიჟის გოლის გატანა დათო ფაციამ მოახერხა და ს.ა. 11-1 დააფიქსირა. „EU”-დან საუკეთესოდ გიორგი ცირღილაძე დასახელდა, რომელმაც ჰეთრიქი გაიფორმა.

ტურის დასკვნით შეხვედრაში ერთმანეთს „აწსუ“ და „UG 2” დაუპირისპირდნენ. მატჩი „UG”-ის უპირატესობით დაიწყო, ნიკა კუპრავიშვილის და მირიან შარაშენიძის დუბლით 3 ბურთიანი უპირატესობით გავიდა წინ. „აწსუ“-ს მხრიდან 1 ბურთის გაქვითვა დავით მარგველაშვილმა მოახერხა და შესვენებაზეც ამ ანგარიშით (1-3) გავედით. მეორე ნახევრის სტარტზე, ამირან ონიანმა ულამაზესი სოლო რეიდის შემდგომ, სხვაობა უკვე 1-მდე შეამცირა. შეხვედრაც კიდევ მეტად დაიძაბა, თუმცა მალევე მირიან შარაშენიძე ჰეთ-თრიქს ასრულებს და საკუთარი გუნდის უპირატესობას ისევ ზრდის. „აწსუ“-ს ვითარება დავით მარგველაშვილის გაძევებამ კიდევ უფრო დაამძიმა და საბოლოოდ 3 ქულა „UG 2”-მა ჩაიწერა აქტივში. მატჩის საუკეთესოებად ამირან ონიანი და მირიან შარაშენიძე დასახელდნენ.

რეგულარული სეზონის დასრულებამდე დარჩენილია ერთი, მე-10 ტურის გადადებული შეხვედრა - „აწსუ“ VS „SL ACADEMY”, რომელიც 28 თებერვალს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

სწორედ ამ შეხვედრის დასრულების შემდგომ გვეცოდინება ოთხივე ¼ ფინალური წყვილი!



  © SBM, 2016-2025