ოქროს ლიგაში GM-ის წაუგებელი სერია გრძელდება!

ყველა სიახლე
19 თებერვალი 2025

ოქროს ლიგაში GM-ის წაუგებელი სერია გრძელდება!

16 თებერვალს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2024/25 წწ. სეზონის მორიგი სათამაშო დღე გაიმართა. ერთმანეთს ბრინჯაოს, ვერცხლის, ოქროსა და სუპერლიგის გუნდები დაუპირისპირდნენ.

ბრინჯაოს ლიგაში „ბაზისბანკმა“ „TTC“ 2-0 დაამარცხა. მესამე წუთზე „ბანკირები“ წინ არჩილ კელიხაშვილმა გაიყვანა. სხვაობა ორბურთიანი მიხეილ თოფურიამ გახადა.

„კრედო“-მ „ლიბერთისთან“ მატჩი კარგად დაიწყო. მეხუთე წუთზე ანგარიში გაიხსნა, მაგრამ ტაიმის მიწურულს მეტოქემ წონასწორობა აღადგინა. მეორე ნახევარში თამაში სრულად „ლიბერთის“ კარნახით წარიმართა, „კრედოს“ სამი უპასუხო გოლი გაუტანა და 4-1 მოიგო.

ბრინჯაოს ლიგის ცხრილში „ბაზისბანკსა“ და „ლიბერთის“ თანაბარი, 9-9 ქულა აქვთ.

ვერცხლის ლიგაში „ავერსმა“ „რუსთავის აზოტთან“ 5-2 იმარჯვა. „ფარმაცევტებმა“ საწყისი წუთებიდანვე კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს, რაც ბოლომდე შეინარჩუნეს. გამარჯვებული გუნდიდან დუბლი პაატა მიგინეიშვილმა გაიფორმა.

“NS Studio“-მ „ფარვანას“ დაძაბულ ბრძოლაში 2-1 აჯობა და პირველ წრეში მარცხისთვის რევანში აიღო. მესამე და მეშვიდე წუთზე გიორგი თოთლაძის გოლებით „არქიტექტორებს“ ორბურთიანი გაქცევა ჰქონდათ. მიგელ მანასიანმა მეორე ნახევრის ბოლოსკენ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. დარჩენილი დრო ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, თუმცა საბოლოოდ ტაბლოზე ანგარიში აღარ შეცვლილა.

ოქროს ლიგაში „ჯორჯიან მანგანეზმა“ გასული წლის ჩემპიონი „ენერგო-პრო“ 3-0 დაამარცხა. „GM“-მა მეტოქეს სამივე გოლი პირველ ტაიმში გაუტანა. მეორე ნახევარი კი მშრალი ანგარიშით დასრულდა. მატჩში დუბლით ბექა რაზმაძე გამოირჩა. GM ოქროს ლიგაში 10 ქულით პირველ ადგილს იკავებს.

ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა „კროკობეთსა“ და „საქართველოს ბანკს“ შორის გამართული შეხვედრის ბედი. მატჩის მიწურულს გიორგი ჩიქოვანმა „კროკოსთვის“ გადამწყვეტი გოლი გაიტანა და „ბანკირებს“ მინიმალური ანგარიშით სძლია.

სუპერლიგაში „ბაქსვუდმა“ „არმისათან“ სამი ქულა აიღო. „ბაქსვუდი“ „ძალოვენბთან“ ოცდამეორე წუთამდე სამბურთიანი უპირატესობით იგებდა. მატჩის ბოლო ორ წუთში „არმიამ“ ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა ანგარიში ვეღარ გაათანაბრა და 3-2 დამარცხდა.

შედარებით მარტივი გამარჯვება მოიპოვა „ნიკორა“-მ „შსს“-სთან. „ნიკორა“ მთელი თამაში ბურთს აკონტროლებდა და ანგარიში 4-0 მიჰყავდა. „შსს“-ს რიგებიდან პრესტიჟის გოლი ლაშა ცნობილაძემ გაიტანა და მატჩი 4-1 დასრულდა.

ერთი შეხვედრა გაიმართა გრანდ ლიგაში. მეშვიდე წუთზე „ქართუ“ „DHL“-თან წინ გავიდა. მეორე ნახევარში ანგარიში გათანაბრდა. „ბანკირების“ რიგებიდან ავთანდილ ბუიღლიშვილმა დუბლი შეასრულა და საბოლოოდ „ქართუმ“ 3-1 იმარჯვა.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 23 თებერვალს გაიმართება. ერთმანეთს გრანდ ლიგისა და საკვალიფიკაციო ლიგის გუნდები დაუპირისპირდებიან.



  © SBM, 2016-2025