"ბსსა"-ს მიმდინარე სეზონში რეკორდული, 9 მატჩიანი, წაუგებელი სერია აქვს!
ყველა სიახლე
ფუტსალის ლიგა 2-ის XIII ტურის შეხვედრები თბილისსა და ქუთაისში 11, 14 და 15 თებერვალს გაიმართა. შედეგად, ¼ -ის ორი წყვილი გამოვლინდა - „ქუთაისი“ - „თსუ 2“ და "ილიაუნი" - "სეუ" ერთმანეთს ½ ფინალის საგზურისთვის დაუპირისპირდებიან.
„თსუ 2“-მა „FLC 03”-თან თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ (1-1) თამაშზე კონტროლი მოიპოვა და მეტოქე 5-1 დაამარცხა. „სტუდენტები“ წინ 29-ე წუთზე რომან კუხიანიძის გოლით გავიდნენ, რის შემდეგაც სხვაობა ოთხ ბურთამდე გაზარდეს და „ფალკონი“ მეორე წრეშიც კომფორტული ანგარიშით დაამარცხეს.
ოთხბურთიანი სხვაობით მოიგო „ილიაუნიმაც“ „გორთან“ – 7-3. მეხუთე წუთზე ანგარიში 1-1 იყო. „სტუდენტები“ მეათე წუთზე დაწინაურდნენ, რის შემდეგაც უპირატესობა აღარ დაუთმიათ. გამარჯვებული გუნდიდან საუკეთესოდ ნიკოლოზ კობაიძე დასახელდა, მის აქტივში დუბლი და ერთი საგოლე გადაცემაა. ამ შედეგის შემდეგ „გორის“ ადგილი სატურნირო ცხრილში ვეღარ შეიცვლება და გუნდი რეგულარულ სეზონს ბოლო ადგილზე დაასრულებს.
დაძაბული და სანახაობრივი იყო „ტფილისისა“ და „სეუ“-ს დაპირისპირება. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მესამე წუთზე ანდრია ძიძიგურმა „სეუ“-ს სასარგებლოდ ანგარიში გახსნა. მალევე მეტოქემ წონასწორობა აღადგინა. ტაიმის დასრულებამდე ძიძიგურმა მეორე გოლიც გაიტანა და „სეუ“ შესვენებაზე უპირატესობით გავიდა (2-1). სხვაობა ორ ბურთამდე 29-ე წუთზე საბა ქურასბედიანმა გაზარდა, რის შემდეგაც გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს - 4-3. გეგა კოშაძემ, რომელიც „ტფილისელთა რიგებიდან ჰეთ-თრიკის ავტორი იყო დარჩენილ დროში საბა ეგრისელაშვილს გაატანინა და მატჩი ფრედ 4-4 დასრულდა.
ქუთაისის სპორტის სასახლეში 11 თებერვალს „ქუთაისმა“ „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას“ უმასპინძლა. სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული და დრამატული დაპირისპირება სტუმრების გამარჯვებით 6-5 დასრულდა. მე-9 წუთზე „აჭარლები“ სამი ბურთით იგებდნენ. გიორგი ხუნდაძემ მე-17 და 27-ე წუთზე გატანილი გოლებით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა - 3-2. გიორგი ფარღალავამ „ბსსა“-ს მომდევნო ორ გოლს, მიღებიდან მალევე უპასუხა და „ქუთაისი“ კვლავ თამაშში დატოვა. უკანასკნელი ხუთი წუთი განსაკუთრებულად დაძაბული გამოდგა. ბესიკ ბალაძემ „აკადემიის“ უპირატესობა ორამდე გაზარდა. ირაკლი გვეტაძემ მეოთხედ მოახერხა ჩამორჩენის ერთ ბურთამდე შემცირება, მაგრამ „ქუთათურებმა“ დარჩენილ დროში „ბათუმელთა“ კარის აღება ვეღარ შეძლეს და საკუთარ კედლებში დამარცხდნენ.
აღსანიშნავია, რომ „ბსსა“-ს ცხრამატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, რაც მიმდინარე სეზონის რეკორდია. "აჭარლები" მეორე წრეში 0 მარცხით არიან. წრიული ეტაპის დასკვნით ტურში მათი მეტოქე „ტფილისია“. სწორედ ამ ორ გუნდს შორის გადაწყდება ვინ გახდება რეგულარული სეზონის გამარჯვებული.
ფუტსალის ლიგა 2-ის ბოლო, XIV ტური თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 22 თებერვალს გაიმართება და შედეგად, მეოთხედფინალური წყვილები გამოვლინდებიან.