"BSC"-მ ლიგა 3-ის ლიდერს ქულები დააკარგვინა - პირველობას სამი გუნდი ინაწილებს!

ყველა სიახლე
17 თებერვალი 2025

ფუტსალი ლიგა 3-ის მეცამტე ტურის შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 14 თებერვალს გაიმართა.

„ბათუმის სპორტული ცენტრი“ სატურნირო ცხრილის ლიდერ „ევროპის უნივერსიტეტს“ დაუპირისპირდა, მეტოქეს ქულები წაართვა და ჩემპიონატში პირველობაც დააკარგვინა. მატჩში ფავორიტად „EU“ მიიჩნეოდა, იმ გარემოების გათვალისწინებითაც, რომ „ბათუმელების“ შემადგენლობა საკმაოდ მწირი იყო. მიუხედავად ამისა, „აჭარლებმა“ მესამე წუთზე მიღებულ გოლს მე-12 წუთზე ორი გოლით უპასუხეს და ტაიმი 2-1 მოიგეს. მეორე ნახევრის დაწყებიდან მალევე „სტუდენტებმა“ უპირატესობის დაბრუნება შეძლეს (3-2). ლუკა ჩარგეიშვილმა აქტივში მეორე ბურთიც მიითვალა და 35-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა, ირაკლი მეგრელიძემ კი „BSC” დააწინაურა (4-3). დარჩენილ დროში გოგი ლობჯანიძემ საბოლოო ანგარიში 4-4 დააფიქსირა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

დაძაბული გამოდგა „ს.ლ. აკადემიისა“ და „ავლაბრის“ დაპირისპირებაც. მეშვიდე წუთზე ლაზარე ჯავაშვილმა ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმის სტარტზე „აკადემია“ ორი ბურთით იგებდა (2-0). შეხვედრა ორმხრივი შეტევებით გაგრძელდა, საბოლოოდ „ავლაბრის“ მცდელობებმა შედეგი ნაწილობრივ გამოიღო და გიორგი ხუგაშვილმა სხვაობა მინიმუმამდე 39-ე წუთზე დაიყვანა, რის შემდეგაც ანგარიში აღარ შეცვლილა - 2-1.

სრული დომინაციით, 10-4, იმარჯვა „UG2”-მა „რუსთავთან“. მატჩის ორივე ტაიმში „სტუდენტები“ თამაშს აკონტროლებდნენ და კომფორტული უპირატესობითაც იგებდნენ. „რუსთავმა“ გარდატეხის შეტანა ვერ მოახერხა და საბოლოოდ დიდი ანგარიშით დამარცხდა. მიუხედავად იმისა, რომ „UG 2“ დამაჯერებლად იგებდა, დავით ჯერანოვმა საფინალო სირენამდე ნახევარი წუთით ადრე წითელი ბარათი მიიღო და შესაბამისად ის გუნდს რეგულარული სეზონის ბოლო მატჩში ვეღარ დაეხმარება. შეხვედრაში სამ-სამი გოლით საბა დავითულიანი და ნიკა კუპრავიშვილი გამოირჩნენ.

XIII ტურმა სტარტი 11 თებერვალს ქუთაისის სპორტის სასახლეში აიღო. ერთმანეთს „ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი“ და „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი" დაუპირისპირდნენ. მარტივი გამარჯვება მოიპოვა საკუთარ კედლებში „აწსუ“-მ, რომელმაც მეტოქეს 11-1 სძლია. მაყურებელმა პირველ ტაიმში „ქუთათურების“ ხუთი უპასუხო გოლი იხილა. მეორე ნახევარში სიახლე მხოლოდ „ბათუმელთა“ პრესტიჟის გოლი აღმოჩნდა. „აწსუ“-ს მხრიდან საუკეთესოდ ლუკა გურეშიძე დასახელდა, რომლის აქტივშიც დუბლი და ორი საგოლე გადაცემაა.

რეგულარული სეზონის ბოლო ტურის წინ ლიგა 3-ში მხოლოდ BNTU-ს ადგილია გარანტირებული, რომელიც სეზონის ამ ეტაპს ბოლო პოზიციაზე დაასრულებს. სამეულში „UG2”-ს, „EU”-ს და „ს.ლ. აკადემიას“ 27-27 ქულა აქვთ, შესაბამისად, პლეი-ოფის წყვილები ბოლო ტურის შედეგად გახდება ცნობილი. აღსანიშნავია, რომ „აკადემიას“ „აწსუ“-სთან მე-10 ტურის გამოტოვებული შეხვედრა დარჩა სათამაშო, ამიტომ უშუალო კონკურენტებთან მიმართებით პირველი ადგილისთვის ბრძოლაში გარკვეული უპირატესობა სწორედ ამ გუნდს აქვს.

ფუტსალის ლიგა 3-ის რეგულარული სეზონის დასკვნითი ტური თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 21 თებერვალს გაიმართება.



  © SBM, 2016-2025