საკვალიფიკაციო ლიგისა და გრანდ ლიგის სეზონი ზამთრის პაუზის შემდეგ განახლდა!
ყველა სიახლე
9 თებერვალს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გრანდ ლიგისა და საკვალიფიკაციო ლიგის შეხვედრები გაიმართა.
ზამთრის პაუზის შემდეგ ჩემპიონატები მესამე ტურით განახლდა.
საკვალიფიკაციო ლიგაში „თელასმა“ „პერი“ სრულიად უშანსოდ დატოვა და დიდი ანგარიშით 10-0 დაამარცხა. მარტივ გამარჯვებაში გუნდს ლუკა გოგუაძე სამი ბურთით, ამირან ცხომარია კი დუბლით დაეხმარა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ 2-0 სძლია „სფეისმა“ “AMTS”-ს. ბექა უგრეხელიძემ მეოცე და ოცდამეოთხე წუთზე გატანილი გოლებით გუნდს სამი ქულა მოუტანა.
დაძაბული გამოდგა გრანდ ლიგის შეხვედრები. McGill-სა და „ავერსს“ შორის მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მეხუთე წუთზე წინ „იურისტები“ გავიდნენ. ტაიმის მიწურულს გიორგი ელიაშვილმა წონასწორობა აღადგინა, მეორე ნახევრის დაწყებიდან მალევე კი აქტივში მეორე ბურთიც მიითვალა და „ფარმაცევტები“ დააწინაურა. მიღებულ გოლს „მაკგილმა“ მალევე უპასუხა. საბოლოო ანგარიში მე-17 წუთზე მიხეილ თოფურიამ დააფიქსირა და „McGill“-მა 3-2 იმარჯვა.
გამარჯვებული ვერ გამოვლინდა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის“ და „თავდაცვის სამინისტროს“ გუნდებს შორის. მე-9 წუთზე ამირან ცხომარიამ „SIS"-სთვის უპირატესობა მოიპოვა. მეტოქეებმა სახიფათო მომენტები გაცვალეს, საბოლოოდ კი „არმიამ“ ანგარიში ავტოგოლით გაათანაბრა და "ძალოვნები" ფრეზე, 1-1, გაიყარნენ.
შედარებით მარტივი სამი ქულა მიითვალა „ბაქსვუდმა“ „ინვესტორსაინთან“. „ბაქსვუდი“ სწრაფი გოლით დაწინაურდა და ტაიმი მინიმალური სხვაობით 1-0 მოიგო. მეორე ნახევარშიც ანგარიში „ბაქსვუდს“ მიჰყავდა. მეტოქეს სამი გოლი გაუტანა და საპასუხოდ ერთი მიიღო - 4-1.
9 თებერვალს ოლიმპიურმა სასახლემ ოქროს ლიგის ერთ შეხვედრასაც უმასპინძლა. „ჯორჯიან მანგანეზმა“ „კროკობეთთან“ დაძაბულ მატჩში კარი მშრალად შეინახა და 2-0 მოიგო. ლევან კუჭაშვილისა და ბესო ფერაძის გოლებით „GM“-მა ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი დაამარცხა და სატურნირო ცხრილში გალიდერდა.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე 16 თებერვალს გაიმართება. ერთმანეთს ბრინჯაოს, ვერცხლის, ოქროს და სუპერლიგის გუნდები დაუპირისპირდებიან.