ლიდერების შეხვედრები უხვგოლიანი გამოდგა!
ყველა სიახლე
ფუტსალის ლიგა 2-მა სტარტი 4 თებერვალს, ქუთაისის სპორტის სასახლეში აიღო და 8 თებერვალს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დასრულდა.
ტურის გახსნით შეხვედრაში ერთმანეთს „ქუთაისი“ და „თსუ 2“ დაუპირისპირდნენ. „ქუთათურებს“ საკუთარ კედლებში რევანშის აღება სურდათ, თუმცა თავის მხრივ „უნივერსიტეტელებს“ 4 მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდათ. თამაში საკმაოდ სანახაობრივად დაიწყო, გუნდებმა არა ერთი მომენტი გაცვალეს, შედეგად, ვნახეთ ირაკლი გვეტაძის ზუსტად შესრულებული საჯარიმო დარტყმა და ბაკურ გულუას მიერ „გასახდელში გატანებული გოლი“. (2-0). მეორე ნახევარი ცალსახად „თესეუელების“ უპირატესობით მიმდინარეობდა, უმეტესად 5-ზე უტევდნენ, თუმცა მომენტების რეალიზაცია ვერ ხერხდებოდა. ერთადერთი გოლის გატანა სტუმართა მხრიდან ლუკა გაგნიძემ შეხვედრის მიწურულს, საბა კვაჭაძის გადაცემის შემდეგ მოახერხა. თამაშის გადარჩენა მაინც ვერ მოხერხდა და საბოლოოდ ამ პრინციპული დაპირისპირების შემდეგ, 3 ქულა ქუთაისში დარჩა. 2-1.
„ბსსა“ VS „სეუ“ - ტურის მეორე შეხვედრა. თამაშის აფიშა ნამდვილად იძლეოდა იმის საშუალებას, რომ საინტერესო შეხვედრა გვეხილა. პირველივე ნახევარში გუნდებმა 5 გოლის გატანა მოახერხეს (3-2). მეორე ტაიმი გამორჩეულად „ბათუმელების“ გამოდგა. მოახერხეს მიჯრით 4 გოლის გატანა და გამარჯვებისკენ დიდი ნაბიჯის გადადგმა. საბოლოოდ შეხვედრა „ბსსა“-ს სასარგებლოდ 8-4 დასრულდა. მატჩის საუკეთესოებად რაულ ჩიკიროვი (3 გოლი) და ანდრია ძიძიგური (2 გოლი) დასახელდნენ. ამ მოგებით "ბსსა"-მ მეტოქეს ცხრილში გადაუსწრო და მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა.
მესამე შეხვედრაში ერთმანეთს „FLC 03 “ და „გორი“ დაუპირისპირდნენ.
გუნდები სატურნირო ცხრილში ბოლო პოზიციებზე იმყოფებიან და ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო „ხასიათის გამოსასწორებლად“. „გორელებს“ რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლდათ, რაც შეხვედრაზეც აისახა. პირველი ნახევარი ნომინალური მასპინძლების უპირატესობით მიმდინარეობდა და შესვენებაზეც ანგარიშით 5-2 გავიდნენ. მეორე ტაიმში „გორი“ შედარებით „გამოცოცხლდა“. ანგარიშის ერთამდე შემცირებაც მოახერხეს, თუმცა „ფალკონებმა“ მაინც არ დათმეს შეხვედრა და 3 ქულაც ჩაიწერეს აქტივში. „FLC 03”-მა პირველი წრის რევანში აიღო. „გორელებისთვის“ კი ზედიზედ მე-8, ვერ მოგებული შეხვედრა გამოდგა. ს.ა. 8-4.
ტურის დასკვნითი შეხვედრა „ილიაუნი“ VS „ტფილისი“.
„ტფილისელებს“ პირველ წრეში წაგებული ჰქონდათ „უნივერსიტეტელებთან“ და რათქმაუნდა რევანში N1 მიზანი იყო მათთვის.
შეხვედრაც სწორედ ასეთი შემართებით დაიწყეს, სრული დომინაცია და ზედიზედ 4 გატანილი გოლი პირველ ნახევარში (0-4). მეორე ტაიმიც იგივე სცენარით წარიმართა, როგორც პირველი. ამჯერად ტფილისელებმა მიჯრით სამი გოლის გატანა მოახერხეს. შეხვედრა ისე დასრულდა რომ „ილიაუნმა“ პრესტიჟის გოლის გატანაც ვერ შეძლო. ს.ა. 0-7. მატჩის საუკეთესოდ ომარ ასაშვილი დასახელდა.
მე-13 ტური 11 თებერვალს, ქუთაისის სპორტის სასახლეში, „ქუთაისი“ „ბსსა“-ს დაპირისპირებით გაიხსნება!