მე-11 ტურის შემდეგ ფუტსალის ლიგა 3-ს ახალი ლიდერი ჰყავს!
ყველა სიახლე
1 თებერვალს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ ფუტსალის ლიგა 3-ის XI ტურის ოთხივე შეხვედრას უმასპინძლა.
დღის გახსნითი დაპირისპირება - „რუსთავი“ VS „SL ACADEMY”.
შეხვედრის აფიშა დაძაბული თამაშის წინაპირობას გვაძლევდა. ასეც მოხდა - 11 გატანილი ბურთი და 1 წითელი ბარათი. ანაგარიში პირველ წუთზე თორნიკე შამათავამ გახსნა, პასუხად, „აკადემიის“ ბიჭებმა მიყოლებით გატანილი 5 ბურთი შემოგვთავაზეს და შესვენებაზეც კომფორტული უპირატესობით გავიდნენ (1-5). მეორე ნახევარის სტარტზე, ლაზარე ჯავაშვილი, 5-მდე ზრდის საკუთარი გუნდის უპირატესობას. „რუსთავმა“ მაინც მოახერხა ამ შეხვედრის დაძაბვა, გაიტანეს მიჯრით 4 გოლი და სხვაობა 1-მდე შემაცირეს. ერთი წუთი იყო დარჩენილი, როცა არჩილ ასლანიშვილმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და „რუსთავსაც“ აღარ ეყო დრო შეხვედრის გადასარჩენად. ს.ა. 5-6.
მეორე შეხვედრაში ერთმანეთს „ბათუმის სპორტული ცენტრი“ და „აწსუ“ დაუპირისპირდნენ. მატჩი „უნივერსიტეტელების“ დომინირებით დაიწყო, შედეგად მოახერხეს სამი უპასუხო გოლის გატანა და პირველი ნახევრის მოგება (0-3). მეორე ტაიმში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, „ბათუმი“ გამოცოცხლდა და სრულიად იდენტურად პირველი ნახევრისა, ახლა მათ შეძლეს სამი უპასუხო გოლის გატანა და შეხვედრის გადარჩენა. გუნდებმა ტაიმები „გაცვალეს“ და შეხვედრა 3-3 დასრულდა.
მარტივი „გასერინება“ აღმოჩნდა „ავლაბრისთვის“ „BNTU”.
ამ შეხვედრაში განახლებული გუნდით წარსდგნენ „ბათუმელები“, თუმცა ამჯერად ამან შედეგი ვერ მოიტანა. ორივე ტაიმის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ „ავლაბრელები“. შესვენებაზე, ანგარიშით 2-0 გავიდნენ. მეორე ნახევარშიც 2-ჯერ გაეხვია ბურთი „აჭარლების“ კარის ბადეში. პრესტიჟის გოლის გატანა, დანილ პლასკამ, ბოლო წამებზე მოახერხა. ს.ა. 4-1. „BNTU“ 0 ქულით ისევ ბოლო პოზიციაზეა.
სათამაშო დღე ლიდერების დაპირისპირებით დავასრულეთ „UG 2” VS „EU”.
თუ ამ გუნდების პირველ დაპირსპირებაში მხოლოდ 1 გატანილი ბურთი ვიხილეთ, ამ შეხვედრაში საქმე სხვაგვარად იყო.
ლექსო კვინიკაძის და თორნიკე თოდრიას გატანილი ბურთებით, მე-3 წუთისთვის ანგარიში 2-0 იყო. მე-5 წუთზე კი „ტაბლოზე“ ანაგარიში გათანაბრდა (2-2). დარტყმების რაოდენობა ,როგორც ერთ, ისე მეორე გუნდის კართან დროის გასვლასთან ერთად იზრდებოდა. პირველ ნახევარში ნიკა კუპრავიშვილმა მოახერხა გატანა და „UG 2”-მა ტაიმი მოიგო. მეორე ნახევარიც არ ჩამორჩა პირველს სახიფათო მომენტების სიმრავლით, დავით ჯეირანოვმა ორ ბურთამდე გაზარდა საკუთარი გუნდის უპირატესობა. 29-ე წუთზე კი დავით ბაბუციძეს გააქვს მისთვის მე-2 გოლი და კიდევ უფრო ძაბავს სიტუაციას (4-3). საბოლოო წერტილი ამ შეხვედრას ბაკურ სანიკიძის ავტოგოლმა დაუსვა. „ნომინალურმა მასპინძლებმა“ მოახერხეს EU-ს რვამატჩიანი წაუგებელი სერიის დასრულება და პირველ ადგილზეც გადაინაცვლეს. ს.ა. 5-3. შეხვედრის საუკეთესოებად კი საბა დავითულიანი და დავით ბაბუციძე დასახელდნენ.
სატურნირო ცხრილში მდგომარეობა უფრო და უფრო იძაბება!
მე-12 ტური 4 თებერვალს, ქუთაისის სპორტის სასახლეში აიღებს სტარტს „აწსუ“ „რუსთავი“-ს დაპირისპირებით. დარჩენილ 3 შეხვედრა კი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.