„ბსსა“ მიჯრით 6 თამაშია არ დამარცხებულა !
ყველა სიახლე
ფუტსალის ლიგა 2-ის მე-11 ტურის შეხვედრები 30 და 31 იანვარს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა.
ტურის გახსნით მატჩში ერთმანეთს „სეუ“ და „ილიაუნი“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრის პირველ ნახევარში „სეუელები“ ფლობდნენ უპირატესობას, შესვენებაზე კი მინიმალური ანგარიშით (1-0) იგებდნენ. მეორე ტაიმის დასაწყისში უკვე ორ ბურთიანი იყო მათი უპირატესობა. თავის მხრივ „ილიაუნიც“ იღებდა შანსებს, ამას კი 2 გატანილი გოლი და ანგარიშის გათანაბრება მოჰყვა. სამწუხაროდ ნომინალური სტუმრებისა, მათი „სიხარული“ დიდი ხანი არ გაგრძელებულა, ერთი წუთი იყო დარჩენილი შეხვედრის დასრულებამდე, როცა სანდრო ობოლაძემ, ნიკა სიდამონიძის მიერ გაკეთებული შესანიშნავი გადაცემით, გამარჯვების გოლი გაიტანა. ს.ა. 3-2. სეუ,პირველ ადგილოსანს „კუდში“ მისდევს.
დამაჯერებლად დაამარცხა „ქუთაისმა“ „გორი“ (10-4). შეხვედრა აქტიურად დაიწყო ორივე გუნდმა, მე-7 წუთისთვის ანგარიში 1-2 „გორელთა“ სასარგებლოდ იყო. ერთი შეხედვით, ბოლო წუთამდე დაძაბულ შეხვედრას ველოდებოდით, თუმცა „ქუთაისმა“ და ირაკლი გვეტაძემ „გადატენეს“ - მიჯრით გატანილი 7 გოლი და ტოტალური უპირატესობა. ამასთან ერთად გუნდის ლიდერი, ნიკა ოქროპირიძეც გააძევეს და "გორს" ყველანაირი იმედი გადაეწურა. ს.ა. 10-4. ბოლო პოზიციაზე კვლავ „გორელები“ რჩებიან. ირაკლი გვეტაძემ ამ შეხვედრაში 5 გოლის გატანა მოახერხა.
მესამე შეხვედრაში ერთმანეთს „თსუ 2“ და „ბსსა“ დაუპირისპირდა. თამაშის პირველი გოლი, ილარიონ ფიფიამ, მე-11 წუთზე გაიტანა, რასაც 2 წუთში ჩიკიროვის გოლი მოჰყვა პასუხად. „უნივერსიტეტელებმა“ ტაიმის მოგება მაინც მოახერხეს 2-1. მეორე ნახევარში „ბათუმელებს“ გააქვთ მიყოლებით 5 ბურთი და კომფორტულ უპირატესობას ქმნიან მეტოქესთან. სახიფათო მომენტები ამ შეხვედრაშიც მრავლად გვქონდა, საბოლოოდ „შავი ზღვის პირელებმა“, „თესეუელები“ ანგარიშით 4-7 დაამარცხეს. რაულ ჩიკიროვმა აქტივს 3 გოლი შემატა.
მარტივი სამი ქულა აიღეს „ტიფლისელებმა“ „FLC03“-თან. „ტფილისის“ უპირატესობა თავიდანვე შესამჩნევი იყო, მე-7 წუთზე, ნიკა ოთინაშვილის გატანილი ბურთით წინ გავიდნენ და პირველი ნახევარიც სწორედ ამ გოლით მოიგეს. 23 წუთზე ანგარიში 2-0 ხდება, ამას კიდევ მოჰყვა „ტიფლისელთა“ გატანილი 3 გოლი, ისე, რომ არ გაუშვიათ. ს.ა. 5-0. „ტიფლისი“ ისევ „პირველია“!
მე-12 ტური ქუთაისის სპორტის სასახლეში 4 თებერვალს გაიხსნება - „ქუთაისი“ VS „თსუ 2“ . დარჩენილი შეხვედრები კი 7-8 თებერვალს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.