ლიგა 2-ის ლიდერებმა წელი მოგებით დაიწყეს!
ყველა სიახლე.jpg)
25 და 26 იანვარს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ ფუტსალის ლიგა 2-ის შეხვედრებს უმასპინძლა.
დაძაბულ ბრძოლაში მოახერხა „ბსსა“-მ „ილიაუნის“ დამარცხება. პირველი ტაიმის მიწურულისკენ, გიორგი წიქვაძისა და დავით ჩაჩიბაიას გატანილი გოლებით, უპირატესობა თბილისელებმა მოიპოვეს. თავის მხრივ ბათუმელებმაც „დაუბრუნეს“ პასუხი და ზვიად შამილაძის 30 წამში გატანილი 2 ბურთით წონასწორობა აღადგინეს. მეორე ნახევარში „ბსსა“ საერთოდ 2 ბურთიანი ჰანდიკაპით გავიდა წინ. ამის შემდგომ, თითო ბურთი კიდევ გაიცვალა და ს.ა. 3-5 „აჭარლების“ სასარგებლოდ დასრულდა.
მეორე შეხვედრაში ერთმანეთს „ქუთაისი“ და „ტფილისი“ დაუპირისპირდა.
მეექვსე წუთისთვის „ტფილისელები“ უკვე ორი ბურთით იგებდნენ, თუმცა მოკლე მონაკვეთში „ქუთაისი“ კონცენტრაციას ახდენს და პირველ ნახევარს ანგარიშით 3-2 იმარჯვებს. მეორე 20 წუთის ათვლიდან 25 წამი იყო გასული, როცა ლაშა ჯიქიამ ანგარიში გაათანაბრა. ამას კიდევ მოჰყვა მიჯრით სამი გოლი ნომინალური სტუმრებისგან. მთელი მეორე ტაიმი „ტფილისის“ კარნახით მიმდინარეობდა და შეხვედრა 4-7 დასრულდა. ამ გამარჯვებით „ტფილისი“ 2025-წელსაც პირველი ადგილით აგრძელებს.
მარტივად დაამარცხა „FLC03” „სეუ“-მ (2-6). შეხვედრაში ანგარიში გიორგი ხმალაძემ გახსნა და „ფალკონები“ დააწინაურა. პასუხად „უნივერსიტეტელები“ მიჯრით 6 გატანილ ბურთს აბრუნებენ. მთელი თამაშიც სწორედ მათი კარნახით მიმდინარეობდა, ნიკოლოზ მონასელიძემ კი შეხვედრის მიწურულს ერთი გოლის გატანა და სხვაობის ფორმალურად შემცირება მოახერხა. ს.ა. 2-6.
ტურის დასკვნით დაპირისპირებაში, რომელიც დრამატულთან ერთად უხვგოლიანიც გამოდგა, ერთმანეთს „თსუ2“ და „გორი“ დაუპირისპირდნენ.
შეხვედრაში ლიდერი რამდენჯერმე შეიცვალა, თავდაპირველად გორელები ნიკა ოქროპირიძის გოლით დაწინაურდნენ, შემდეგ იყო „თესეუელების“ 2 გატანილი ბურთი. პირველი ნახევარი კი მაინც „გორის“ გამარჯვებით დასრულდა (2-3). მეორე ტაიმში ორ-ორი გოლი გაცვალეს გუნდებმა, ამასთან ერთად იყო სახიფათო მომენტებიც ორივე გუნდის კართან. შეხვედრის დასრულებამდე სულ რაღაც 30 წამი იყო დარჩენილი როცა რამინ ბერაიამ გატანილი გოლით „გორელებს“ სამი ქულა წაართვა. ს.ა. 5-5. მატჩის საუკეთესო მოთამაშეებად, რამინი ბერაია ( უნივერსალი ) და ანდრო ახალკაცი ( მეკარე ) დასახელდნენ.
ფუტსალის ლიგა 2-ის მე-11 ტური 30-31 იანვარს გაიმართება.