ფუტსალის ახალგაზრდული ლიგა მეექვსე ტურით განახლდა!
ყველა სიახლე
25 იანვარს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის მეექვსე ტურის სამი შეხვედრა გაიმართა.
უხვგოლიანი და დაძაბული გამოდგა „სულაქველიძის აკადემიისა“ და „ლოგოსის“ დაპირისპირება. თამაში ორივე გუნდმა კარგად დაიწყო, რასაც ანდრია კახიანის (0-1) და ბესარიონ აბრამიშვილის თითო-თითო გოლი მოჰყვა. ამის შემდეგ, საგრძნობლად გააქტიურდა „ლოგოსი“ და შესვენებაზე 3 ბურთიანი ჰანდიკაპითაც გავიდნენ (1-4). ნომინალურ სტუმრებს მეორე ნახევრის სტარტიც იდეალური გამოუვიდათ. უპირატესობა კიდევ ორი ბურთით გაზარდეს და თითქოს ყველაფერი მარტივად უნდა დამთავრებულიყო, თუმცა აკადემიის ბიჭებმა მიჯრით 4 ბურთის გატანა და სხვაობის 1-მდე შემცირება მოახერხეს. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და საბოლოოდ შეხვედრა 6-7 „ლოგოსის“ გამარჯვებით დასრულდა.
მეორე შეხვედრაში, ერთმანეთს „გრანდ ავლაბარი“ და „ბაქსვუდის სკოლა“ დაუპირისპირდა. თამაში საკმაოდ მაღალ ტემპში დაიწყო, გუნდებმა არა ერთი მომენტი გაცვალეს, თუმცა ანგარიში მხოლოდ და მხოლოდ მე-18 წუთზე კონსტანტინე სამუშიას გოლით გაიხსნა (0-1). გაშვებული ბურთის შემდეგ კიდევ მეტად გააქტიურდნენ „ავლაბრელები“, არასრულ 1 წუთში ორი ბურთის გატანა და ტაიმის მოგებაც მოახერხეს (2-1). მეორე ნახევარში წონასწორობა გიორგი ფირცხალეიშვილმა აღადგინა (2-2). ამ მომენტიდან 1 წუთი არ იყო გასული, როცა ერეკლე მშვიდობაძის გოლით ისევ გავიდა „ავლაბარი“ წინ. საბოლოოდ შეხვედრა „გრანდ ავლაბრის“ გამარჯვებით 2-4 დასრულდა. გიორგი ბაბაიანმა „ჰეთრიქი“ და მატჩის საუკეთესობაა გაიფორმა.
სათამაშო დღე „ბეტისის აკადემიისა“ და „დუშეთის“ დაპირისპირებით დასრულდა. თამაში ამ შემხვევაშიც აქტიურად დაიწყო, იქმნებოდა მომენტები როგორც ერთ, ისე მეორე გუნდის კართან. მე-15 წუთზე, ცოტნე ლალიაშვილის გატანილი გოლით, წინ გავიდა „დუშეთი“ და ტაიმის მოგებაც მოახერხა. მეორე ნახევარში უპირატესობა 3-მდე გაიზარდა, პრესტიჟის გოლის გატანა კი ბოლო წუთზე დავით ყულიაშვილმა მოახერხა. აქვე უნდა ვახსენოთ, ნომინალური სტუმრების „კარის დარაჯი“, ბუბა ხოსრიაშვილი,რომელმაც მთელი თამაში მაღალ დონეზე ჩაატარა. „აკადემიელთა“ მხრიდან კი საუკეთესოდ ერთადერთი გოლის ავტორი, დავით ყულიაშვილი დასახელდა. ს.ა. 1-3.
ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის მე-7 ტური 7 თებერვალს აიღებს სტარტს. შეხვედრებს „თბილისის ოლიმპიური სასახლე“ უმასპინძლებს. მანამდე კი, 2 თებერვალს "კომაროვისა" და "ს.ლ. აკადემიას" მეექვსე ტურის გამოტოვებული მატჩი გაიმართება.