"ბსსა" და "ქუთაისი" შინ სამი ქულით დაბრუნდნენ!
ყველა სიახლე![](/files/files/471412224_928311929404044_3952027279030106032_n.jpg)
22 დეკემბერს თბილისი არენაზე ფუტსალის ლიგა 2-ის ორი გამოტოვებული შეხვედრა გაიმართა. 2024 წელი ცხრილის სათავეში დაასრულა "ტფილისმა", მას ორი ქულით ჩამორჩება „სეუ“, მესამე ადგილზეა „ბსსა“.
IV ტურის მატჩში „ქუთაისმა“ „გორი“ 5-2 დაამარცხა. თამაშში ანგარიში „გორმა“ გახსნა. „იმერლებმა“ ტაიმის დასრულებამდე ანგარიში 1-1 გახადეს, ოცდამეორე წუთზე კი წინ გავიდნენ. „გორელებმა“ წონასწორობა აღადგინეს, მაგრამ საკუთარ კარში კიდევ სამი გოლი მიიღეს და ქულების აღება ვერ შეძლეს. „ქუთათურთა“ რიგებიდან საუკეთესო ჰეთ-თრიკის ავტორი გიორგი ხუნდაძე გახდა.
სანახაობრივი და დაძაბული იყო „FLC03”-ისა და „ბსსა“-ს მატჩი. შეხვედრაში ანგარიში სამჯერ გათანაბრდა და ლიდერი პერიოდულად იცვლებოდა. ოცდამეთორმეტე წუთზე ზვიად შამილაძემ „მეზღვაურები“ კიდევ ერთხელ დააწინაურა, საბოლოო ანგარიში 5-3 კი მალხაზ შამილაძემ დააფიქსირა და „ბსსა“ შინ სამი ქულით დაბრუნდა.
ფუტსალის ლიგა 2-ის 2024/25 წწ. სეზონის ზამთრის პაუზის შემდეგ იანვარში განახლდება.