"კროკობეთმა" "ენერგო-პროს" დაძაბულ მატჩში მინიმალური ანგარიშით სძლია!

ყველა სიახლე
27 დეკემბერი 2024

თბილისი არენაზე ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2024/25 წწ. სეზონის მეოთხე სათამაშო დღე გაიმართა.

წლის დასკვნითი დღე საკვალიფიკაციო ლიგით დაიწყო. AMTS-ისა და „ლაიონ ტრანსის“ თანაბარი დაპირისპირება ფრედ 4-4 დასრულდა. „AMTS“-მა საწყის ორ წუთში ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. მეტოქემ წონასწორობა პირველივე ტაიმში აღადგინა. მეორე ნახევარში „ლაიონ ტრანსი“ ორჯერ დაწინაურდა, მაგრამ „AMTS“-მა ანგარიში ორივეჯერ გაათანაბრა.

კარი მშრალად შეინახა და 3-0 მოუგო „თელასმა“ „ჯი არ სი“-ს. გიორგი სოზაშვილისა და ლუკა გოგუაძის გოლებს მეცამეტე წუთზე გიორგი კენკებაშვილის ზუსტი დარტყმაც დაემატა და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა.

მარტივი სამი ქულა მოიპოვა „სფეისმა“ „პერი“-სთან. „სფეისი“ მთელი თამაში დომინირებდა და მეტოქეს საბოლოოდ 6-0 აჯობა. დუბლი შეასრულა ლევან ჯავახმა.

ერთი შეხვედრა გაიმართა ოქროს ლიგაში. „კროკობეთმა“ „ენერგო-პრო“ დაძაბულ დაპირისპირებაში მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა. გადამწყვეტი გოლი ბექა რაზმაძემ მეჩვიდმეტე წუთზე გაიტანა.

გრანდ ლიგაში სანახაობრივი იყო „სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა“ და „DHL“-ის მატჩი. DHL-მა წინ გასვლა პირველ და მეორე ტაიმშიც შეძლო, მაგრამ SIS-მა ორივეჯერ გაათანაბრა ანგარიში და საბოლოოდ თამაშის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე გიორგი ხახვიაშვილის გოლით 3-2 იმარჯვა.

უგოლო ფრე, 0-0, დაფიქსირდა „ბაქსვუდისა“ და „ბანკი ქართუს“ შეხვედრაში. ორივე გუნდის მეკარემ არა ერთი სახიფათო შეტევა მოიგერია და მეტოქეს ანგარიშის გახსნის საშუალება არ მისცა.

გასული წლის ფინალისტების დაპირისპირება ამჯერადაც „არმიელთა“ სასარგებლოდ დასრულდა. „ძალოვნებმა“ “McGill“- 5-3 სძლიეს. თენგიზ ტაბატაძე გუნდს გამარჯვებაში ორი გოლით დაეხმარა.

დიდი ანგარიშით, 9-2, გაიმარჯვა „ავერსმა“ „ინვესტორსაინთან“. საწყის ათ წუთში „ფარმაცევტებმა“ ხუთბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს და თამაშზე კონტროლი მეორე ტაიმში წარმატებით გააგრძელეს. შეხვედრაში დუბლი გიორგი მელანიშვილმა, ლევან ჟვანიამ და ანზორ ნადირაძემ შეასრულეს.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მეჩვიდმეტე სეზონი ზამთრის პაუზის შემდეგ თებერვალში განახლდება.



  © SBM, 2016-2025